ნინო ბურჯანაძე - შოკირებული ვარ, რომ რასმუსენმა გაბედა მსგავსი განცხადების გაკეთება
პარტია „ერთიანი საქართველოს - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შემაშფოთებელს უწოდებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხება.
ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე კატეგორიულად მიუღებელია.

„რასმუსენს პირველად არ გაუკეთებია ეს განცხადება, მან ასეთი განცხადება გააკეთა აპრილშიც, რასაც მოჰყვა ჩემი საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც მე განვაცხადე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ე.წ „კვიპროსის მოდელით“ ანუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე შეყვანა არის კატეგორიულად მიუღებელი. მაშინ პირველად გამოვიყენე ტერმინი და ვთქვი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე უბრალოდ არიან მტრები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, დასავლეთს სურს საქართველო საკუთარი მიზნებისთვის და რუსეთის გაღიზიანებისთვის გამოიყენოს.

„რასმუსენის პირველი განცხადება იყო პირველი სიგნალი იმასა, რომ დასავლეთი აპირებს საბოლოოდ საქართველო გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის და რუსეთის გაღიზიანებისთვის. მე შოკირებული ვარ რომ რასმუსენმა გაბედა მსგავსი განცხადების გაკეთება. რასმუსენმა ჩათვალა, რომ თუ კი საზოგადოებას არ ჰქონდა მკვეთრი რეაქცია პირველი განცხადების დროს, რატომ არ უნდა გაემეორებინა ეს თბილისში. უფრო მეტად შოკირებული ვარ, რომ ადამიანები სერიოზულად აყენებენ საკითხს, რომ საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთ ნატოში. ეს არის საქართველოს დაქცევა , საქართველოს დაქუცმაცებაზე ხელის მოწერა“,- ამბობს ნინო ბურჯანაძე

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ორი დღის წინ განაცხადა.

„ვფიქრობ, უნდა განიხილებოდეს, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას“,- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google