ნინო ბურჯანაძე: მე ვიცი, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს საჰაერო მიმოვსლა საქართველოსთან
„მე მივესალმები იმ წინადადებას, რომ რუსეთი თანახმაა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღდგეს ფრენები და ჩემთვის ეს უცხო ნამდვილად არ არის,“- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქათველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესაძლებლობას.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან კარგად იცის რუსეთის მხარის ეს პოზიცია, ვინაიდან მას ჰქონდა საუბრები რუსეთის წარმომადგენლებთან და ისიც ფაქტია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რაც ლარის კურსზე ძალიან ნათლად აისახა.
„ ჩვენ დავინახეთ თუ როგორ მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედა ლარის კურსზე ფრენების შეწყვეტამ. ასევე ვიცი თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტიურად ადამიანები, რომელთაც აიღეს სესხები, როგორც სასტუმრო, ასევე რესტორნების გასაკეთებლად დარჩენენ ტურისტების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ეს პრობლემა მაწუხებს და ჩემის მხრიდან ვცდილობ, რომ ჩემი პოზიტიური წვლილი შევიტანო ფრენების აღდგენის საკითხში. გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თორემ მზაობა რუსულ მხარის მხრიდან ნამდვილად ჩანს. მეტიც, საქართველოს მთავრობა, რომ იყოს უფრო ეფექტური და გამბედავი აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ აღარც იდგებოდა.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


FaceBook Twitter Google