ნინო ბუჯანაძის საგანგებო განცხადება „ქართული ოცნების“ 7 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ 7 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგანგებო განცხადება ავრცელებს.
„დღეს, პირველი ოქტომბერია და შეგვიძლია შევაჯამოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის 7 წელი. შეგვიძლია გავიხსენოთ ის მოლოდინები, რომელიც თითოეულ ადამიანს ჰქონდა 2012 წელს და შევადაროთ, თუ რა მივიღეთ ამ მოლიდინების საპირწონედ. ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანა განვითარების ახალ გზაზე გავიდოდა, სამართლიანობა აღდგებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდებოდა, ქვეყანაში გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო, ნორმალური პარლამენტი, თავისუფალი მედია და ეკონომიკა განვითარდებოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს ბატონი ივანიშვილის მიერ დაპირებული კარგი, ძალიან კარგი და შესაშური წლები! შევხედოთ რა ხდება და რა მივიღეთ დღეს : აღუდგენელი სამართლიანობა, კოჰაბიტაციის შედეგად შენარჩუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი და დაპირისპირებული სახელმწიფო ინსტიტუტები. მივიღეთ გაცამტვერებული და შეურაცყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტი. ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ორჯერ თავს მოგვახვია ისეთი პრეზიდენტი, რომლებსაც პრობლემებისა და ზედმეტი თავის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს გვაქვს უაღრესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობა არის გაცილებით დიდ გაჭირვებაში ვიდრე იყო შვიდი წლის წინ. ლარი ისტორიულ მინიმუმზეა უკვე რამდენი ხანია და მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ინექციებისა, ( 40 მილიონი მაქვს მხედველობაში) იგი მაინც 2.97-ზეა და დიდი ალბათობით იგი სამიან ნიშნულსაც გადააბიჯებს. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არც ერთი რეალურად ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოსთვის სასიკეთოდ. ასევე ფაქტია, რომ არც ერთი ნაბიჯით არ მივახლოვებივართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. ვხედავთ რეალობას, რომ არა სამართლებრივად, მაგრამ ფაქტობრივად ის ტერიტორები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ კიდევ უფრო დაპატარავდა. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დილით იღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ მათი სახლი დე-ფაქტო საზღვრის მიღმაა.

FaceBook Twitter Google