14 კითხვიანი წერილი მთავრობას - აქცია ცეცხლაურში

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ნაგავსაყრელის მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათ 14 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ გაწერილ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად, ეკოლოგიურ საფრთხეებს ეხება, პასუხები გასცენ.


• რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ისტორიულ საყანე ფართობზე ნაგავსაყრელის მოწყობა?
• რატომ გადაწყვიტა ნაგავსაყრელის აშენება ორი მდინარის - ოჩხამურის და შავ ღელის სანაპიროზე?
• რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ეს ტერიტორია ცნობილია უხვი მიწისქვეშა წყლებით.
• მოხდება თუ არა ნაგავსაყრელზე გაზის შეკრება? - თუ არ მოხდება მაშინ როგორ აპირებს კომპანია უსაფრთხოების ნორმების დაცვას?
• რატომ დაირღვა მესიმინდე ფერმერების უფლებები?
• რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ტერიტორიის სიახლოვეს არის ცეცხლაურის ნომერ მეორე საჯარო სკოლა?
• რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს არის ისპანი1 და ისპანი 2 - ის დაცული ტერიტორიები. საფრთხე ხომ არ ემუქრება უნიკალურ ფლორას და ფაუნას?
• რატომ არ გაითვალისწინეს, რომ ნაგავსაყრელი ახლოს არის რკინიგზასთან და ავტობანთან?
• რატომ არ გაითვალისწინეს მეყანეთა უფლებები, რომლებიც ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობენ.
• ვინ აძლევს მოსახლოებას იმის გარანტიას, რომ რკინიგზის და ავტობანის ნაგავსაყრელთან სიახლოვე დამატებით საფრთხეს არ შექმნის ხანძრის გაჩენის კუთხით.
• საინტერესოა როგორ ესმის ნაგავსაყრელის მოწყობა კომპანიის მენეჯმენტს. აცნობიერებს თუ არა იგი, რომ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.
• შეუძლია თუ არა მთავრობას წარმოადგინოს ეკონომიკური დასაბუთება იმისა, რომ უფრო ძვირფასია 10 000 ადამიანის ჯანმრთელობა, თუ ის ეკონომია, რასაც სხვადსხვა მუნიციპალიტეტების საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების რეგიონული ნაგავსაყრელი იძლევა?
• უმჯობესი ხომ არ არის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარ ნარჩენებს მიხედოს?
• შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ან მმართველ კომპანიას წარმოადგინოს დოკუმენტაცია იქ დასაქმებული ან დასასაქმებელი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ?


"ვაპროტესტებთ ნაგავსაყრის მშნებლობას. კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ხელისუფლებას, რომ ეს პროექტი გადასახედია. ადგილი არასწორადაა შერჩეული. ჩვენ გვაქვს 14 პუნქტი ჩამოწერილი და ვითხოვთ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს. ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, ვითხოვთ, შეიქმნას სახელისუფლებო კომისია, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ. აქ დასახლებული პუნქტი 400 მეტრიდან იწყება, ირგვლივ სოფლები წყავროკა, მუხაესტატე, დაბა ოჩხამურია. ახლოსაა სკოლა, მდინარეები... ეკოლოგიური საშიშროებები ჩვენ ამ 14 პუნქტიან დოკუმენტში გავწერეთ.”- ამბობს მაუწყებელთან ხვიჩა გამარჯობაძე, ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ქობულთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

"იწყება ახალი საპროტესტო ტალღა. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენსას მივაღწიოთ. იმედი გვაქვს შექმნიან კომისიას”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნოდარ ბერიძე, ამავე პარტიის წევრი.


 

FaceBook Twitter Google