ნინო ბურჯანაძე ლუკ კოფის ინიციატივაზე - მინდა იმედი მქონდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხელისუფლება ასეთ სულელურ ნაბიჯს, შემოთავაზების შემთხვევაში არ გადადგამს
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ლუკ კოფის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის მსგავსი წინადადება ოფიციალურ დონეზე არ გახმოვანდება და არ იქნება ასეთი შემოთავაზება”,- ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველისა და აშშ-ის არმიის ვეტერანის, ლუკ კოფის ინიციატივას, სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის თქმით, “აღნიშნული განცხადება ოფიციალური არ არის, მაგრამ ის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუნდაც არააქტიურებს, მსგავსი მოსაზრებები მოსდით თავში, იმის მაჩვენებელია, რომ ისინი ნაკლებად ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს”.

“ეს არ არის ოფიციალური პირის განცხადება, ლაპარაკია განცხადებაზე, რომელიც გააკეთა ადამიანმა, რომელსაც ამ წუთში ოფიციალური პოზიცია არ აქვს. მინდა იმედი მქონდეს და მინდა დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ასეთ სულელურ ნაბიჯს, შემოთავაზების შემთხვევაშიც კი არ გადადგამს ხელისუფლება და არ დაეთანხმება მსგავსი იდეების განხორციელებას, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება დაიძაბება უკიდურესად. ეს კატეგორიულად ნეგატიურ კონტექსტში გადაიყვანს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და არც კი მინდა ვთქვა რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ამას შეიძლება მოყვეს საქართველოში კიდევ დამატებითი კონფლიქტური ზონების წარმოქმნა და ძალიან სერიოზული პრობლემები ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი.
FaceBook Twitter Google