ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვხედავთ არამარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით საფრთხის ქვეშ აყენებენ ერის ერთიანობას
დღეს ჩვენ ვხედავთ არამარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ იმას, რომ თავად ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით საფრთხის ქვეშ აყენებენ ეკლესიისა და ერის ერთიანობას, რაც სახელმწიფოსათვის უდიდესი საფრთხის მატარებელია, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.

ბურჯანაძე თავის განცხადებაში ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, საქართველოს მოსახლეობას აუხსნან თუ რატომ გახდნენ ასეთი ბრალდების სამიზნე. ბურჯანაძე მიმართავს სასულიერო პირებსაც, იპოვონ საკუთარ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ გასარჩევი არ იყოს.

„ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი და ერისათვის იმედის მიმცემი, ეკლესია იყო ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი საქართველოში. დღეს ჩვენ ვხედავთ არამარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ იმას, რომ თავად ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით საფრთხისქვეშ აყენებენ, ეკლესიისა და ერის ერთიანობას, რაც სახელმწიფოსათვის უდიდესი საფრთხის მატარებელია.

პირველ რიგში, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. ეს არის უმძიმესი ბრალდება, ამიტომ მოგმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებო: კეთილი ინებეთ ბატონებო და რეაგირება მოახდინეთ ამ ბრალდებებზე! კეთილი ინებეთ და საქართველოს მოსახლეობას აუხსენით თუ რატომ გახდით ასეთი ბრალდების სამიზნე.

რაც ყველაზე მთავარია, მინდა თავს უფლება მივცე და მოვუწოდო სასულიერო პირებს, თქვენგან თვითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ელოდება. იპოვეთ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ არ იყოს გასარჩევი, იპოვეთ თავში ძალა, რომ ეკლესიამ შეძლოს ამ პრობლემის გადალახვა და კვლავ გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნისათვის დამანგრეველი პროცესების მომტანი იქნება“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე აღნიშნავს, დღეს საპატრიარქოს და ეკლესიას როგორც არასდროს მოუწევს გადამწყვეტი როლის თამაში, რადგან ის, რასაც ახლა ვხედავთ ეკრანებზე და ის, რამაც „შოკში ჩააგდო ერი და ბერი, მორწმუნე თუ ნაკლებად მორწმუნე, უნდა დასრულდეს!“

„უნდა დასრულდეს ისე, რომ ადამიანებმა საბოლოოდ არ დაკარგონ რწმენა საქართველოს ეკლესიის და სასულიერო პირების მიმართ! - ეს არის ჩემი პოზიცია, როგორც პოლიტიკოსის, როგორც ადამიანის, როგორც მრევლის ერთი რიგითი წევრი. ეს არის ჩემი თხოვნაც და ეს არის ჩემი მოთხოვნაც, ამის უფლებას ჩემს თავს ვაძლევ ვინაიდან კარგად მესმის ერის ნგრევა და ქვეყნის პრაქტიკულად უფსკრულში გადაჩეხვა შეიძლება გარდაუვალი აღმოჩნდეს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google