ნინო ბურჯანაძე - არჩევნებთან მიმართებაში ჩვენ ველოდებით საზოგადოების მხრიდან სამართლიანად მოთხოვნილ და ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილებების ძალაში შესვლას
უპირველეს ყოვლისა, არჩევნებთან მიმართებაში ჩვენ ველოდებით საზოგადოების მხრიდან სამართლიანად მოთხოვნილ და ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილებების ძალაში შესვლას“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც საარჩვენო გარემოსთან მიმართებაში დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძემ განაცხადა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ მშვიდობიანად გადალახოს კრიზისი და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესი დაიწყოს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტური უმრავლესობის მიღების შანსი არც ერთ პარტიას არ გააჩნია, რაც ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერავინ ვერ უნდა მოვიდეს.

"სამწუხაროდ, ქვეყნის უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ბოროტად სარგებლობს ძალაუფლებით და ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებს. ბუნებრივია, "ქართულ ოცნებას" აქვს იმის შანსი, რომ საარჩევნო პროცესში გარკვეული უპირატესობით ჩაებას, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი ფული, აქვთ ტელევიზიები, აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, თუმცა ასევე აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ამიტომ ცხადია, რომ ვერც „ქართული ოცნება" და ვერც რომელიმე სხვა პარტია უმრავლესობით ვერ მოვა და კოალიციებზე საუბარი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე მინდა, რომ მმართველი ძალა ამ ყველაფერს არ შუეშინდეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შეექმნა, ივანიშვილს აქვს შანსი, რომ ქვეყნის ისტორიაში მართლა გარდამტეხი და პოზიტიური წვლილი შეიტანოს. მას ამ გადაწყვეტილებით შეუძლია, ქვეყნის საძირკველში ჩადოს ის უმთავრესი საყრდენი, რომელსაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჰქვია. ასეთ შემთხვევაში გარწმუნებთ, იმაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ განვითარდება მოვლენები, ბუნებრივია ამას ვერავინ იტყვის - დიდი ალბათობით, ძალიან ცუდად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის და ცუდად ქვეყნისთვის," - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google