ნინო ბურჯანაძე - ვისაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ თურმე ივანიშვილს კანონპროექტის გატანა უნდოდა და ჩაუგდეს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს, ან მასხრად ნუ აგვიგდებს
საქართველოში ხალხის ინტერესებით ვაჭრობა და მონობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჯანაძის განცხადებით, „ვისაც ახლა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ივანიშვილს თურმე გატანა უნდოდა ამ კანონპროექტის და ჩაუგდეს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს, ან მასხრად ნუ აგვიგდებს“.

„მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ, ხელისუფლების პირველმა პირმა ფორმალურად თუ არაფორმალურად გასცა დაპირება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის, დაპირება საქართველოს მოსახლეობისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართული და დღეს უბრალოდ ყველა მოგვატყუა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ჩააგდეს ეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, ყველა პოლიტიკური პარტია გამონაკლისის გარეშე, საკუთარი გუნდის წევრებიც კი, მოატყუეს საერთაშორისო თანამეგობრობა და შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი. ეს რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამთავრებით დასრულდება, ამაში ორი აზრი არ არის. მაგრამ ეს გამოიწვევს ქვეყანაში ძალიან სერიოზულ არასტაბილურობას. ღმერთია მოწამე ჩვენ ეს არ გვინდოდა!

ვისაც ახლა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ივანიშვილს თურმე გატანა უნდოდა ამ კანონპროექტის და ჩაუგდეს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს, ან მასხრად ნუ აგვიგდებს. მე საგანგებოდ ამოვბეჭდე სია იმ დეპუტატების, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა და თითოეულ მათგანის კარიერას დაესმება წერტილი. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხალხის ინტერესებით ვაჭრობა, მონობა უნდა დათავრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.

ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა კონსტიტუციური მეთოდით იმისთვის, რომ მოვიპოვოთ დემოკრატიული არჩევნები, ქვეყანა აღარ იყოს არც ერთი ადამიანის და არც ერთი პოლიტიკური გუნდის ექსკლუზიური საკუთრება, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს ნორმალური განვითარების გზას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google