ნინო ბურჯანაძე: თუ ხალხს აბუჩად აიგდებ, ხალხს გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე პიკეტირება
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის პიკეტირებას მორალურად გამართლებულს უწოდებს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლება გონივრულად უნდა მოიქცეს, მოვლენები კი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში უნდა განიხილოს, ვინაიდან კანონის უხეშად გამოყენებამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

„ხელისუფლება იღებს იმას, რაც თვითონ დათესა. არავის არ უხარია შენობის პიკეტირება, არავის არ უხარია ამ სიცივეში ღამის ქუჩაში გათენება, მაგრამ, თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ მოდის, არაძალადობრივი ნებისმიერი ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში მორალურად გამართლებულია. არის კანონის კონკრეტული და ვიწრო განმარტება და არის კანონის სულისკვეთება, დღეს კანონის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს. ძალიან დიდი შეცდომა იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ მარტო კანონის კონკრეტულ მუხლებს მიჰყვება და პოლიტიკურ რეალობასა და პოლიტიკურ ვითარებას არ გაითვალისწინებს. რა თქმა უნდა, კანონი პატივცემული უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში და კანონის უხეშად გამოყენებამ შესაძლოა, პოლიტიკურად ძალიან მძიმე და სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას და არა იურისტები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ხელისუფლებას პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ, კონკრეტულად კი ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მძიმეა, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიოს და გამოასწოროს ის, რაც გააფუჭა. ქალაქის მერის დღევანდელი განცხადება კი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ აბუჩად გვიგდებენ და თუ ხალხს აბუჩად აიგდებ, მას გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე პიკეტირება. ხელისუფლებას მოვუწოდებ, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, დაელაპარაკოს ოპოზიციას და თავისი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს“, - აცხადებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
FaceBook Twitter Google