ნინო ბურჯანაძე - ძალიან სერიოზულად არის განსახილველი, ის პრინციპი რა პრინციპზეც არის აგებული მაჟორიტარული ოლქები, ველოდებით ხელისუფლებისგან წინადადებას
პოზიცია რა თქმა უნდა არის საერთო, ჩვენ მოლაპარაკებებს არ ჩავშლით,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, სერიოზულად არის განსახილველი ის პრინციპი, „რა პრინციპზეც არის მაჟორიტარული ოლქები აგებული“.

„პოზიცია რა თქმა უნდა არის საერთო, ჩვენ მოლაპარაკებებს არ ჩავშლით. რა თქმა უნდა , მზად ვართ "გერმანული მოდელი" განვიხილოთ ცალ-ცალკე ნაწილებად, ამაში პრობლემა არ არის. პროპორციული პრინციპი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, რაკიღა გერმანულ მოდელზე ვსაუბრობთ, ასევე ძალიან სერიოზულად არის განსახილველი, ის პრინციპი რა პრინციპზეც არის აგებული მაჟორიტარული ოლქები. ველოდებით ხელისუფლებისაგან წინადადებას და მათ პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ისინი ასევე ელოდებიან პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნას.

„თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში შევიდა ინიციატივა "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით და პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ამ დასკვნას ვიზა მისცა. ასე რომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სადაც ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ არ გასჩენია კითხვები, მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ასევე ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოქალაქეებს 12 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ყოველგვარი პარტიულობის გარეშე ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პიკეტირება მოხდება, კანონის ჩარჩოებში და აქტიურობა გაგრძელდება, ვინაიდან ხელისუფლებისადმი არ არის ერთი მისხალი დნობაც კი“, - დასძინა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google