ანზორ ბიწაძე - „ოცნების“ ლიდერებო, იუმორი არ არის თქვენი ძლიერი მხარე და მოერიდეთ ამ ჟანრს
„ძალიან ნაკლებად გვაინტერესებს, „ქართული ოცნებისთვის“ სალაპარაკო რა გახდა, ან რა გახდება მომავალში. ეჭვიანობით ჩაბჟირდა „ქართული ოცნება,“ რადგან არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება ჩავიდეს მოსკოვში და დიალოგი აწარმოოს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ღიად და დაუფარავად“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა ,,ნიუსრუმის“ ეთერში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

როგორც ბიწაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთთან ურთიერთობა გაიფუჭა, რუსეთთან კი, ვერაფერი მოაგვარა.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას და ამავდროულად მოვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთანო! ამ დროს, დასავლეთთან კატასტროფულად გაიფუჭეს ურთიერთობა და რუსეთთან ვერაფერი მოაგვარეს ქვეყნის სასიკეთოდ. ასეთი ოფიციალური და ცინიკური სიტყვის გატეხვა მსოფლიოს არც ერთ წერტილში არავისთვის მისაღები არ არის. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ ნინო ბურჯანაძე გერმანული მოდელის ჩამოსატანად წავიდა მოსკოვში და თურმე, ვენეციის კომისია და კრემლი აერია ერთმანეთში, ძალიან უნიჭო ხუმრობებია. პატივცემულო „ოცნების“ ლიდერებო, იუმორი არ არის თქვენი ძლიერი მხარე და მოერიდეთ ამ ჟანრს“,- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
FaceBook Twitter Google