ანზორ ბიწაძე კარლო კოპალიანის განცხადებაზე - ნათელია ხელისუფლების მენტალური მარგინალიზაცია, რაც აუცილებლად მარცხით დამთავრდება
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მენტალური მარგინალიზაცია შეუქცევადია და მათი მარცხი გარდაუვალი.
ბიწაძის თქმით, საქვეყნოდ დადასტურდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სოციალურ ქსელებში თაღლითობაში მილიონი ლარი დახარჯა.

"ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯისთვის დამაზარალებელი მოვლენების მთელი კასკადია და აშკარაა ამას ხელისუფლებაში "არ ხედავენ". "ფეისბუქის" ადმინისტრაციის ნაბიჯი, მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მეუხერხულება. საქვეყნოდ გამოჩნდა და დადასტურდა, რომ "ქართულმა ოცნებამ", სოციალურ ქსელებში თაღლითობაში, მილიონი ლარი დახარჯა! კატასტროფული საერთაშორისო პრესა, არაადეკვატური გადაწყვეტილებები და ელჩების თანდასწრებით წარმოებული მოლაპარაკებები, რაც "ქართულ ოცნებას" სურს ღია ვაჭრობას დაამგავსოს, ნათელს ხდის ძალიან მძიმე ფაქტს - "ქართული ოცნების" მენტალური მარგინალიზაცია შეუქცევადია და მათი მარცხი გარდაუვალი!"- განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფეისბუქის" ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალეს. რაც შეეხება კოპალიანის განცხადებას, მისი თქმით, "ფეისბუქმა" რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო და ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია".
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.
FaceBook Twitter Google