ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ"
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ, ამის დრო არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გრიგოლი ისე, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, აფასებს ყველა იმ პოლიტიკური ძალის ძალისხმევას, რომელიც არის მაგიდის ირგვლივ. უპირველეს ყოვლისა, ძალისხმევას იმ ახალგაზრდების, საზოგადოების და ოპოზიციური ერთობის, რომლებმაც მოიპოვეს პროპორციული არჩევნები. ასე სასწორით თუ დავიწყებთ აწონვას, ვიღაცის წვლილი მეტია და ვიღაცის ნაკლები. ეს ბუნებრივია, მაგრამ ფაქტი ერთია, საბოლოო შედეგი ვერ იქნება მიღწეული, თუ ყველას ძალისხმევა არ იქნა შეერთებული. ყველა წვლილი უნდა დავაფასოთ და მთავარია, მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს, ქვეყანას გავუკეთოთ რამე კარგი და შემდეგ უკვე ჩვენმა საზოგადოებამ აღნიშნოს, ვინ მეტი გააკეთა ქვეყნისთვის და ვინ ნაკლები. ახლა, ჩემი აზრით, არავინ ემოციას არ უნდა აჰყვეს. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ემოციურობით ან ზედმეტი განცხადებით, ზედმეტი შექებით, თუ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ ვინმეს გაკრიტიკებით, წყალს დავასხამთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე და გავაფუჭებთ საერთო საქმეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ „გირჩის“ ლიდერის განცხადებაც შეაფასა.

„ჯაფარიძის ასეთ ემოციურ განცხადებას არ ვეთანხმები. როცა სასწორზე დევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ქვეყნისათვის სამართლიანი არჩევნების მოპოვება და ოლიგარქიული მმართველობის შეცვლაა, ვიღაცაზე გაბრაზება არ არის სწორი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google