ნინო ბურჯანაძე - იმ ექვსი შენიშვნიდან, რომელიც ოდირ-მა ჩამოაყალიბა, არც ერთი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება
ოდირი ნამდვილად წერს ხოლმე, თუ ის ხედავს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, მსგავსი რამ დასკვნაში არ წერია და არც ერთი შენიშვნა კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა,რითაც ეუთო/ოდირი-ს დასკვნას გამოეხმაურა ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დასკვნაში ექვსი შენიშვნაა მითითებული, რომელიც მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა.

„ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუების გროსმაისტერები არიან სწორედ „ქართული ოცნება“, მისი ლიდერი და წარმომადგენლები. ჩვენ არ ვატყუებთ ხალხს, საზოგადოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მთელ მსოფლიოს შეპირდნენ, რომ მიიღებდნენ არჩევნების პროპორციულ სისტემას, გაერო-ს ტრიბუნიდან გამოაცხადეს ეს და შემდეგ მოგვატყუეს ყველა. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ალბათ, უნდა დაგვისახელოს გვერდი, აბზაცს არ ვთხოვთ, გვერდი დაგვისახელოს და ჩვენ თვითონ ვიპოვით, სად წერია, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი მოდელი არის არაკონსტიტუციური. ოდირი ნამდვილად წერს ხოლმე, თუ ის ხედავს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხდა მოლდოვის მაგალითზე, როდესაც ოდირ-ის დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მოლდოვის მიერ გაგზავნილი კანონი არ შეესაბამებოდა მოლდოვის კონსტიტუციას. მსგავსი რამ დასკვნაში არ წერია და ბატონი მდინარაძე ამას ვერ წაიკითხავდა, ერთი იმ მიზეზით, რომ არ წაუკითხავს ჯერ ეს დასკვნა და მეორე იმ მიზეზით, რომ რომც წაეკითხა, ასეთი რამ არ წერია და შესაბამისად, ვერ იპოვიდა ასეთ ფორმულირებას“,-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ოდირ-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რაც არის ფუნდამენტალური პრინციპი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და თქვა, რომ უნდა იქნეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება და ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იქნება შეჯერებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„ის, რომ ოდირ-ს არ აქვს კონსტიტუციურობასთან არანაირი კითხვის ნიშანიც კი, ამაზე მეტყველებს ის, რომ იმ ექვს შენიშვნაში, რომელიც ოდირმა ჩამოაყალიბა, არც ერთი შენიშვნა კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება, ამ ექვსი შენიშვნიდან, ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნებია, მე და ჩემი პოლიტიკური ძალა, მზად ვართ, რომ გავითვალისწინოთ თითქმის ყველა და ასეთივე განწყობა აქვს, რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას. ასე რომ, ჩვენი მხრიდან კომპრომისის, საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნის გათვალისწინების პრობლემა არც მანამდე ყოფილა და არც ახლა არის. „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო ის, რაც ახლა იძულებულნი არიან, რომ დაიცვან, ისინი ამბობდნენ, რომ როგორი დასკვნაც არ უნდა ჩამოსულიყო ოდირ-ის, ისინი არ აპირებენ ამის დათანხმებას, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის ვარიაცია, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, მათთვის არის წამგებიანი“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google