ნინო ბურჯანაძე - მოვისმინე მდინარაძის კომენტარი, რომ მზად არიან ოპოზიციის გონივრული წინადადებები მოისმინონ - ჩვენ გვაქვს გონივრული წინადადებები და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “თუ ხელოსუფლებას გონიერება შერჩენია, კომპრომისზე უნდა წამოვიდეს”.

“ჩვენ სრული მორალური უფლება გვქონდა პროპორციული სისტემა ბოლომდე მოგვეთხოვა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დაპირებული, მაგრამ გავუფრთხილდით ქვეყანაში სტაბილურობას და დავიწყეთ კონსულტაციები მმართველ ძალასთან. 100/50-ზე არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ ამით დღევანდელი სისტემის არსი არ იცვლება, მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტები, რომლებიც შესაძლებელია, რომ მაქსიმალურად იყოს მიახლოვებული პროპორციულობის პრინციპთან და ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს წინადადება არის ძალიან კონსტრუქციული. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არისო, ოღონდ ამ კრიზისს გადაყვა მისი თანამდებობა და ეტყობა, დღესაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია თავი და რაც არ უნდა ილაპარაკოს მან, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც დიდი გამოცდილება მაქვს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის, სრულიად ერთმნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ, ეს არის მოწოდება, რომ კომპრომისი იქნას მოძებნილი და რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან საერთო ენა იპოვოს. დღეს პირველად მოვისმინე მდინარაძის კომენტარი, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციის გონივრული წინადადებები მოისმინონ. ჩვენ ვთვლით, რომ გონივრული წინადადებები გვაქვს და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების რაუნდი დამთავრეს წარმატებულად”,- განაცხადა ბუჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა დაეწერათ დასკვნაში, ხელისუფლება მაინც არ მიიღებდა ე.წ გერმანულ მოდელს.

“არსად წერია, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი კანონპროექტი არის არაკონსტიტუციური. ჩვენი პოზიცია არის სწორი, ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ კონსტიტუციასთან ამ მოდელს პრობლემა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვიცოდი, რომ რაც არ უნდა დაეწერა ოდირს, ხელისუფლება მაინც არ მიიღებდა „გერმანულ მოდელს“, იმიტომ,რომ ის მისთვის კარასტროფის ტოლფასი იქნებოდა. რაც შეეხება „ცივი წყლის გადავლებას“, თუ გრძნობები შერჩენილი აქვთ კიდევ და ადეკვატურები არიან, კარგა ხანია ხელისუფლება ცივი შხაპის ქვეშ არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მან, ოპოზიცია შეინარჩუნებს ამ ერთობას და ოპოზიციური ერთობა ნამდვილად მიაღწევს იმას, რომ ერთმმართველი ვეღარ დარჩება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და უზურპირება არცერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ექნება”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google