ნინო ბურჯანაძე - თვითმიზნად ნუ გაიხდიან, რომ მაინცდამაინც მე-5 რაუნდი იქნება ბოლო
გასაგებია ხელისუფლებას რა სურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი, უფრო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დღეს ოპოზიციურ მაგიდასთან განხილული“, - ამის შესახებ, „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციციური პარტიების შეხვედრის წინ განაცხადა.

ბურჯანაძე არ აკონკრეტებს რა ახალ ვარიანტის განხილვას აპირებს ოპოზიცია, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ოპოზიცია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი.

„ხელისუფლების მუქარანარევი განცხადება, რომ მე-5 რაუნდი არის ბოლო შეხვედრა, კი ბატონო იყოს ბოლო, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაგვთანხმდება კომპრომისულ ვარიანტზე, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს რისკებს და მიახლოებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის ირონიული განცხადებები, იმ ადამიანების, რომლებიც სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ, რომ ხელისუფლებაში იქნებოდნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, რა თქმა უნდა ასეთი „პოლიტიკოსებია“ განცხადებები რთული მოსასმენია, მაგრამ ვურჩევ, ნუ გაიხდიან თვითმიზნად, რომ მაინცდამაინც მე-5 რაუნდი იქნება ბოლო, შესაძლოა ხელისუფლებას, მათ მე-6 რაუნდიც დასჭირდეთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google