ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან" აცნობეს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო.

შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს კრისტიან ურსეს, იმ დიდი და პოზიტიური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა მოლაპარაკების პროცესში.

„შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური გახლდათ, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო და სასამართლო სისტემაზე, განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროცესები, სწორად და ზუსტად იქნა განხილული არსებული სიტუაცია. მოხარული ვართ, რომ დელეგაციის წევრები დადებითად აფასებენ მართველ გუნდსა და ჩვენ შორის მიღწეულ შეთანხმებას. დელეგაციის წევრებმა ღრმა რწმენა გამოთქვეს, რომ შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას ხელი არ შეეშლება, ვინაიდან შეთანხმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ოპოზიციის მხრიდან ხაზი გაესვა შეთანხმების ერთადერთ მიზანს - ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google