ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიმიტრი კარაბალისს შეხვდა
ნინო ბურჯანაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიმიტრი კარაბალისს, პარტიის ოფისში უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეხვედრის დასაწყისშივე ორივე მხარის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა ქართველი და ბერძენი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას და კეთილგანწყობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბერძენ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოდან საბერძნეთში წასულ ემიგრანტების თემას. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ არალეგალური ემიგრანტების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ლეგალურად სამუშაოს მოსაძიებლად. თუმცა, ნინო ბურჯანაძემ აქვე აღნიშნა ისიც, რომ გაგებით ეკიდება საბერძნეთისათვის რთულ ემიგრაციულ პრობლემებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორივე სახელმწიფოს მთავრობებს შორის ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა განსაკუთრებულად დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა იმედს გამოთქვამს რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეძლებს პანდემიის მართვას და ვითარება არ გამწვავდება.

თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას კორონავირუსთან ბრძოლაში.

გარდა ამისა, საბერძნეთის ელჩთან საუბრისას დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის აუცილებელ პირობებს. ნინო ბურჯანაძემ საბერძნეთის ელჩს დეტალურად გააცნო საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შედეგები, ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, პარლამენტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლებს საკონსტიტუციო განხილვების განხორციელებას და კენჭისყრას. დიმიტრი კარაბალისმა იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება უფრო მშვიდი.

ელჩი ასევე დაინტერესდა თუ როგორია ნინო ბურჯანაძის ხედვა რეგიონში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.

ნინო ბურჯანაძემ საბერძნეთის ელჩს „ერთიანი საქართველოს“ გეგმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული საბოლოო შეთანხმება არის უდიდესი ნაბიჯი ქვეყნის განვითარების პროცესში და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ხელი არაფერმა შეუშალოს.


FaceBook Twitter Google