ნინო ბურჯანაძე - ეპიდემიასთან ბრძოლის გარდა, მთავრობა ვალდებულია, საკუთარი ხალხი არ ამყოფოს შიმშილის ზღვარზე
დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ გვამცნო, რაც ისედაც ვიცით და ვეცნობით ინფორმაციას, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა და საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. იმედი მაქვს, რომ არც დაფიქსირდება, მაგრამ მთავრობის წევრებისგან ამით ყოველდღე თავის მოწონება გადაჭარბებულად მიმაჩნია. ხელისუფლების საქმე არ არის მხოლოდ სტატისტიკა , - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ გიორგი გახარიას საგანგებო ბრიფინგის თემას.

,,დღეს მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი ახალ ზომებთან დაკავშირებით კორონავირუსის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. არაერთხელ განმიცხადებია, რომ საგანგებო ზომებს ყველა მოქალაქე უნდა დავემორჩილოთ, ხელისუფლება ბუნებრივია გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს და ხვდება საკარანტინოს გამოცხადების აუცილებლობას, მაგრამ რას ეუბნება მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კარანტინს უნდა დაემორჩილონ და არანაირი დანაზოგი არ აქვთ, რა უნდა ქნან თუნდაც სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა, რითი გამოკვებონ ოჯახები. რას ეუბნება მათ მთავრობა, თუ კრიზისი გაგრძელდება 2 ან 3თვე, რას პირდება მთავრობა მათ კომუნალურ გადასახედებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ მოგვისმენია და მე ძალიან მაშფოთებს, რომ ხელისუფლება დღესაც გამოვიდა ყოველგვარი ანტიკრიზისული გეგმის გარეშე.

მთავრობის ამოცანაა იფიქროს იმაზე, რომ ხვალ არ აღმოვჩნდეთ ბევრად უარეს ეკონომიკურ კრიზისში ვიდრე დღეს ვართ, მთავრობამ რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას არამხოლოდ იმისთვის, რომ კორონა ვირუსისგან დაიცვას მოსახლეობა, მასთან ერთად ვალდებულია საკუთარი ხალხი არ ამყოფოს შიმშილის ზღვარზე", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


FaceBook Twitter Google