"ერთიანი საქართველო" მზადაა, სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაცია უფასოდ გაუწიოს
"ერთიანი საქართველო" მზადაა, სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაცია უფასოდ გაუწიოს და საჭიროების შემთხვევაში, მათი უფლებები სასამართლოში დაიცვას. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი საქართველოდან" აცნობეს, შესაბამისი ინიციატივა "ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრს თამარ ზურაშვილს ეკუთვნის.

,,იმ ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც დაერღვა შრომითი უფლებები, ვინც დარჩა შემოსავლის გარეშე, მზად ვართ, სრულიად უანგაროდ გავუწიოთ იურიდიული კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ მათი უფლებები სასამართლოში“, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ზურაშვილმა.

როგორც თამარ ზურაშვილი აცხადებს, პარტიის ინიციატივა დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, ადამიანებს, რომლებსაც იძულებულს ხდიან უსახსრობის მიუხედავად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, ადამიანებს, რომლებმაც არ იციან როგორ ირჩინონ თავი და არჩინონ ოჯახი, ადამიანებს, რომელებსაც ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, მაგრამ არაფერს სთავაზობს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

,,ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და ახლა უკვე საყოველთაო კარანტინის გამო, დაწესებულებების ნაწილი გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვი, დასაქმებულებს ვადაზე ადრე უწყდებათ შრომითი კონტრაქტები, მათ უმცირებენ ხელფასს ან/და უშვებენ უხელფასო შვებულებაში, უუქმდებათ ჯანმრთელობის დაზღვევები და სხვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყოველივე ამას აქვს რეალური გამომწვევი მიზეზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად მძიმდება სოციალური ფონი და ყოველდღიურად იზრდება უმუშევრობის პრობლემა, დასაქმებულები იმსახურებენ სათანადო დაცვას“ , - განაცხადა თამარ ზურაშვილმა.
FaceBook Twitter Google