"ერთიანი საქართველო" მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან შეღავათების დაწესებას მოითხოვს
"ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეებისათვის სასესხო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის შემთხვევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასურველია, ამ ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მოქალაქეებს შეღავათი გაუწიონ.

როგორც ზურაშვილმა აღნიშნა, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ისინი მსესხებლებისაგან დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას მოითხოვენ.

,,იმის გამო, რომ ქვეყანაში პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი დარჩა სამსახურისა და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე, საბანკო დაწესებულებებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა მომხმარებლებს დაუწესა საშეღავათო პერიოდი სესხების გადახდაზე. თუმცა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და მსესხებლებისაგან მოითხოვს დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც საერთო სასამართლოებში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარადგინა, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ცხადია, გვესმის, რომ კანონის უზენაესობიდან, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვისა და სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასესხო ვალდებულებები უნდა შესრულდეს დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისერად, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველია მიკროსაფინასო ორგანიზაციებმა გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს უარესად არ დაუმძიმონ ყოფა”, - განაცხადა თამარ ზურაშვილმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მთელ რიგ დაწესებულებებში შეიცვალა საქმის წარმოებათა წესები, ვადები და პროცედურები და ეს ფაქტი მისასალმებელია, ამიტომ სასურველია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს კონსულტაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც, რათა მათ მიერ დაწესდეს გარკვეული შეღავათები მოქალაქეებისთვის.

,,ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, გასულ წელს წინასაარჩევნოდ როგორ გაუნულდა ათასობით ადამიანს სასესხო დავალიანებები. ახლა გაცილებით რთულ ვითარებაში იმყოფებიან მოქალაქეები. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და საფინანსო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით ახლაც სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხიც“ - აცხადებს თამარ ზურაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google