ნინო ბურჯანაძე - თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა, რისი ნიშნებიც უკვე არის, ყველანი აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ უნდა შეძლოს ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველი არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო მეორე- იმ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

„გუშინ გიორგი გახარიამ თქვა, რომ ისინი ორ ფრონტზე იბრძოლებენ, მაგრამ ნამდვილად არ ჩანს გეგმა, როგორ იბრძოლებენ ისინი ეკონომიკურ ფრონტზე. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ორი ფრონტიდან ნებისმიერ ერთ-ერთზე, კორონავირუსის ფრონტზე თუ ეკონომიკურ ფრონტზე დამარცხება, იქნება საერთო დამარცხება ქვეყნის. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. ჩვენ უკვე ყოველთვიურად ვკარგავთ 2 მილიარდ ლარს, რაც წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად დიდი ციფრია. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რისი საშიშროებაც ყველაზე მეტად იყო, რომ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული. მთავრობამ ილაპარაკა, რომ ხომ არ ვიმარჩიელებთ ციფრებზეო? ახლა არ უნდა მარჩიელობდეთ ციფრებზე, ახლა სტატისტიკის დეპარტამენტს, მთავრობას, ექსპერტებს , ყველას ერთად უნდა ჰქონდეს დადებული კონკრეტული ციფრები, რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, როგორია დანაკარგი. ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზულ და ძლიერ დახმარებას მივიღებთ, თუ ხელისუფლებას არ ექნება კონკრეტული ციფრები რა ზარალს განიცდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში ყველაზე რთული გაურკვევლობაა.

„წარმოუდგენელია ის, რაც ჩვენ გუშინ 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. პრემიერი გვეუბნება რომ დახმარება ან 150 ლარზე მეტი იქნება, ან 200 ლარი იქნება, ან არ ვიცით რამდენი იქნება. რას ვეუბნებით ხალხს, ადამიანებს, რომელიც სახლშია და შემოსავლის წყარო არ აქვთ? გაურკვევლობა არის ყველაზე ცუდი. თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა და ამის ნიშნები უკვე არის, ჩვენ, ყველანი აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში, არავინ დარჩება მოგებული და ქვეყნის ეკონომიკის წამოწევას წლები დასჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google