ნინო ბურჯანაძე - რეზო ესაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თითოეული ქართველისათვის
,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის სახელით რეზო ესაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ბურჯანაძის განცხადებით, რეზო ესაძის გარდაცვალება თითოეული ქართველისთვის უდიდესი დანაკლისია.

„რეზო ესაძე გარდაიცვალა ისეთ დროს და ისევე თავმდაბლურად, როგორც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა. რეზო ესაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თითოეული ქართველისათვის. ამ უდიდეს ადამიანზე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ის, რაც ყველასაგან გამოარჩევდა გახლდათ საქართველოს უზომო და უანგარო ყველასაგან განსხვავებული სიყვარული. ბატონი რეზო გახლდათ არაჩვეულებრივი ხელოვანი, ბრწყინვალე რეჟისორი, შესანიშნავი ადამიანი, უაღრესად კარგი მეუღლე, მამა და მეგობარი. მისმა შემოქმედებამ არაერთი აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რეზო ესაძეს არასდროს დაუხევია უკან იმ მომენტში, როდესაც მის ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ იგი გახლდათ „სახალხო კრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ყველაფერთან ერთად ბატონი რეზო თავისი ქვეყნის ერთგული მსახური და შესანიშნავი მოქალაქე გახლდათ. იგი იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა ახალგაზრდების განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით და ახალგაზრდებისგანაც ყოველთვის ანალოგიურ პასუხს ღებულობდა,“ - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google