მამუკა აჩბა - დევნილებისთვის ვერცერთ სეგმენტში ადგილი ვერ მოიძებნა
გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ სეგმენტში ვერ მოიძებნა ადგილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებისათვის. არადა თითოეული დევნილი ელოდა, რომ მათი მისამართით რამე ოპტიმისტურს იტყოდა დღეს ქვეყნის პრემიერი ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა აჩბამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, მამუკა აჩბამ აღნიშნა,რომ ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა.

„გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დააზარალა დევნილების ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ომის ვეტერანები და ასე შემდეგ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ხელისუფლებისგან არგუმენტად იმის მოსმენა, რომ თითქოს დევნილები სრულად შედიან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ადამიანთა რიცხვში, არის სრული აბსურდი, რადგან არსებობს დევნილთა კატეგორია, რომელიც პრემიერ გახარიას მიერ ჩამოთვლილ ვერც ერთ პუნქტში ვერ ხვდება. ხოლო, ეს ექვს თვეზე გაწერილი, ფინანსური დახმარების გეგმა, რომელიც მთავრდება ზუსტად არჩევნების წინ, უფრო მეტად მოგვაგონებს რომელიმე, კონკრეტულად აღებული ერთი პარტიის წინასაარჩვენო კამპანიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ხელისუფლების ქმედებას“-განაცხადა მამუკა აჩბამ.
FaceBook Twitter Google