ნინო ბურჯანაძე - ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს
დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რათა შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პანდემიურ ვითარებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

„ნათლად ვხედავ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ პანდემია გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდისთვის, გამოიყენოს არა ისე, რომ შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც 8 მარტს იქნა მიღწეული, არამედ გამოიყენოს იმ მიმართულებით, რომ უკვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შეზღუდული, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც უკვე ცალკეული პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება. ამ ადამიანების გამოყენებით და ამ ადამიანების ზურგს ამოფარებულები შეეცდებიან, საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, ეს არ გამოუვათ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ის მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს და ამბობს, რომ ის მოსახლეობისთვის დიდი შეღავათის მიმცემი არაა. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, რაც ამ დარგს მძიმედ დაეტყობა.

„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით მთავრობას გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია. გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში წარმოადგენენ და ეს იმ ვითარებაში, როდესაც სწორედ ახლაა ხვნა-თესვის პერიოდი და ეს ჩვენს სოფლის მეურნეობას ძალიან მძიმედ დაეტყობა. პრემიერმა გვითხრა, რომ ვიწყებთ ანტიკრიზისული გეგმის განხორცილებას, ოღონდ რა გეგმაზე იწყებენ მუშაობას, გაუგებარია, იმიტომ, რომ გეგმა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის სლაიდების ნაკრები, სადაც ერთი-ორი კარგი აზრი იყო, დანარჩენი კი ისეთი, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი არ არის. კრიზისი ძალიან სერიოზული და რთულია. დღეს პრემიერმა აღნიშნა, დავალება გავეციო ტურიზმის სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით და ვიწყებთ მუშაობასო, თავს ვიტყუებთ, თუ ვინმეს ვატყუებთ? რა ტურიზმის აღდგენაზეა ლაპარაკი, ჯერ ფრენები არ აღმდგარა, ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა, ამბობს, რომ შეიძლება სექტემბერ-ოქტომბერში მეორე ტალღა იყოს, ვის სცხელა ახლა ტურიზმისთვის?“,- განაცხადა ბურჯანაძემ.


FaceBook Twitter Google