ნინო ბურჯანაძე - არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თორემ უმძიმეს დღეში ჩავარდება
არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თორემ უმძიმეს დღეში ჩავარდება და რაც მთავარია, ძალიან დააზარალებს ქვეყანას, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ორი მიმართულებით არსებობდა.

„არასოდეს არათუ ტყუილი, არამედ ნახევრად სიმართლეც კი არ მითქვამს. ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის და როგორც მონაწილე ამ შეხვედრის, ვადასტურებ, რომ შეთანხმების ორი მიმართულება არსებობდა. ერთი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მეორე - პატიმრებთან დაკავშირებით. სპეციალურად არ ვიყენებ სიტყვა პოლიტპატიმრებს იმიტომ, რომ ტერმინზე ხელისუფლება ნამდვილად არ გვეთანხმებოდა, მაგრამ ორივე შეთანხმება შედგა ცალ-ცალკე ფურცლებზე და ცალ-ცალკე ფურცლებს მოეწერა ხელი.

„ქართული ოცნების“ სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება, ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაწერილიყო იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ მათი იქ ყოფნა საკმარისი გარანტიაა ამ შეთანხმების. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტერმინებში იყვნენ ძალიან ფრთხილად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად შეასრულონ თავიანთი დანაპირები, ბიძინა ივანიშვილმა თუ გადაიფიქრა და და ცუდ ხასიათზე დადგა რაღაცების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შეთანხმება თავდაყირა უნდა დადგეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

„მინდა ძალიან დიდი გულისწყვეტა და აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პანდემიის პირობებში ხელისუფლებამ ვერ შეიშნო ოპოზიციის მხრიდან მეტ-ნაკლებად გამოცხადებული სოლიდარობა და იმ პერიოდში, როდესაც წესიერი გეგმა არ წარმოუდგენიათ და მოსახლეობა ახლა დაზაფხულია არამარტო პანდემიით, არამედ იმაზე ფიქრით, რა აჭამოს ოჯახს, ამ პერიოდში ხელისუფლებამ მოიცალა იმისათვის, რომ გამალებული წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და ოპოზიცია ლანძღოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ტყუილები დააბრალოს და ა.შ. ეს ძალიან დასანანია და მინდა მივმართო ყველას ხელისუფლებაში, მე არ ვარ ხელისუფლების მტერი, მაგრამ ნამდვილად ვარ ხელისუფლების ოპონენტი და მინდა ვუთხრა, რომ მოსახლეობა ნამდვილად არ გაპატიებთ იმას, რომ მაშინ, როდესაც შიმშილის ზღვარზე არიან, თქვენ მოიცალეთ ოპოზიციასთან ბრძოლის დასაწყებად“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google