ნინო ბურჯანაძე - არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება გაუვა
არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას ძველი საარჩევნო სისტემით ამ არჩევნების ჩატარება გაუვა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, თუკი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება სრულყოფილად შესრულდება, ხელისუფლება სერიოზულ ქულებს ჩაიწერს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ამ ეტაპზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სრულყოფილად შესრულდეს შეთანხმება და უფრო მეტიც, ხელისუფლებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ ეს შეთანხმება სრულყოფილად შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს ძალიან სერიოზულ ქულებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ ხელისუფლება შეეცდება პასუხისმგებლობის პინა ოპოზიციის მხარეს გადაწიოს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას აქვს საკმაო ხმები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. ამავდროულად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება , რომ პოლიტიკური ჩრდილის მქონე საკითხები, მოდი ნუ დავარქმევთ პოლიტიკურ პატიმრებს, დავარქვათ უბრალოდ პატიმრები, ადამიანები, რომელთა ციხეში ყოფნაც ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს დაძაბულობა ხელისუფლებამ უნდა მოხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიკრიბებით, იმიტომ რომ ამ მაგიდის ერთობამ განაპირობა ის წარმატება, რაც მიღწეული იქნა 8 მარტს. ახლა ამ მაგიდის ერთობამ და ჩვენი მეგორების მხარდაჭერამ მეორე გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, რასაც ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია ჰქვია. არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას გაუვა ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება. კარგი იქნება თუ მიღწეული იქნება სრული კონსენსუსი, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google