ბესო დანელია: „როცა „ნაციონალები“ ძვლებში გვამტვრევდნენ, ხაინდრავა მინისტრი იყო, ვოლსკი - მისი მოადგილე“
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სულ გავიდა მომსახურების ზონიდან. მან ოპოზიციას გოიმების
კრებული უწოდა, გიგა ბოკერია კი ნომერ პირველ გოიმად შერაცხა. ნასპიკერალის მდარე გამოხტომას
ოპოზიციიდან მწვავე რეაქცია მოყვა. „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი
ლიდერი, ბესო დანელია, „ქრონიკა+“-სთან იხსენებს, თუ როგორი იყო ირაკლი კობახიძე რამდენიმე წლის
წინათ.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში კობახიძის გამოხტომაზე? რამ შეცვალა ეს ადამიანი? არის თუ არა ძნელი ერთ
მაგიდასთან ყოფილ მოწინააღმდეგეებთან სხდომა? რა დამსახურება მიუძღვის „ქართულ ოცნებას“ და რატომ არ
აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციის კრიტიკის უფლება? _ ამის შესახებ ბესო დანელია
გვესაუბრება:

- ბესო,თქვენი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველაზე მწვავედ იყო დაპირისპირებული. 2011 წლის
26 მაისს რუსთაველზე სასაკლაოც თქვენ წინააღმდეგ მოაწყვეს. ახლა მათთან ერთად სხედხართ
მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს კითხვებს ბადებს. არ გიჭირთ საერთო მაგიდასთან ჯდომა?

- გვიჭირს, მაგრამ, თუ ქვეყანას სჭირდება, უნდა შეძლო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი პარტია
პირად დამოკიდებულებასა და ამბიციებს გვერდით წევს და იმას აკეთებს, რაც საქართველოს სჭირდება. ბიძინა
ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ გამოჩნდა. 2012 წელს ტარდებოდა

საპარლამენტო არჩევნები, რომლის წინ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ სოფელ-სოფელ და ქუჩა-ქუჩა მოვიარეთ
მთელი საქართველო. ხალხს, მათ შორის, ჩვენს მომხრეებს, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ
მოვუწოდებდით. მაშინ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ უარი თქვა საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, არადა,
საკმაოდ კარგი რეიტინგი გვქონდა _ 10-დან 15%-მდე მერყეობდა ჩვენი რეიტინგი. 10%-ზე ნაკლები არც ერთ
კვლევაში არ გვქონია. ამის მიუხედავად, გვერდით გადავდეთ ჩვენი პოლიტიკური ამბიციები, რადგან
ოპოზიციური ხმები არ გაყოფილიყო. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არა _ „ქართულ
ოცნებას“.

საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებაში“ ჩვენთვის იდეოლოგიურად მიუღებელი ძალები იყვნენ გაერთიანებული.
მათ შორის იყო რესპუბლიკური პარტია. აღნიშნული ძალა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვდა.
ჩვენთვის ასევე მიუღებელი იყო „თავისუფალი დემოკრატები“. მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სისხლიანი
26 მაისის შემდეგ უხარისხო ქართველები გვიწოდა. ივანიშვილი რომ არა, ამ გაერთიანებას მხარს არ
დავუჭერდით.

- დღეს ნანობთ, რომ მაშინ მას დაუჭირეთ მხარი?

- არა, ჩვენ მაშინ გულწრფელად გვჯეროდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ ვიტყოდით. ჩვენ ხომ ის პოლიტიკური ძალა
ვიყავით, რომელმაც საკუთარი სისხლით დაწერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვერანაირი რეჟიმი
ვერ დაგვაშინებს. ჩვენ ის პარტია ვართ, რომლის 42 წევრი მსოფლიომ პოლიტპატიმრად აღიარა. ჩვენ
დაგვიხოცეს მხარდამჭერები: 5 ადამიანი 26 მაისის ღამესვე დაიღუპა. მათ შორის ვთვლი პოლიციელსაც,
რომელიც რუსთაველზე უკვე გარდაცვლილი მოიტანეს. ის პოლიციელი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

- ესკორტის ქვეშ რომ მოყვა, იმ პოლიციელზე საუბრობთ?

- კი არ მოყვა, ჩააგდეს! დიახ, ის ბიჭი უკვე გარდაცვლილი მოიტანეს რუსთაველზე და ბურჯანაძის ესკორტის
ქვეშ ჩააგდეს. პოლიციელი, რომლის სიკვდილშიც ჩვენს პარტიას სდებენ ბრალს, რამდენიმე დღის
გარდაცვლილი იყო. მისი ნათესავებისგან რომ არ მქონდეს ინფორმაცია, ასეთ რამეს არ ვიტყოდი.

- ნათესავებმა რა თქვეს?

- გვამი რომ მოასვენეს, იმდენად გახრწნილი იყო, რომ ერთი დღის კი არა, ერთი კვირის გარდაცვლილი მაინც
იყოო. მათივე თქმით, ისინი ერთი კვირის მანძილზე ეძებდნენ თავიანთ ნათესავს, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს
და ვერც კონტაქტზე გავიდნენ მასთან.
დავუბრუნდები ისევ ჩვენს გადაწყვეტილებას: იოლი არ იყო საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა, მაგრამ 2012
წელს სახელმწიფოებრივად საჭირო გახლდათ, რომ ივანიშვილს გაემარჯვა. სააკაშვილი სახელმწიფოსთვის უკვე
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. არჩევნები ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულა. სააკაშვილს იმ
პერიოდისთვის ეყო პოლიტიკური გამოცდილება და მან აღიარა დამარცხება, გადავიდა ოპოზიციაში. ის ხალხის
წინააღმდეგ აღარ წავიდა. არჩევნების ღამეს ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მართლა დიდი იყო
იმის საფრთხე, რომ სისხლი დაღვრილიყო.
დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. გვეგონა,
ქვეყანა განვითარების გზას დაადგებოდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. პარლამენტის ყოფილმა
თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლიდან ძალიან მალევე განაცხადა, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანააო. ეს განცხადება ყველა
ჩვენგანისთვის საგანგაშო სიგნალი იყო. აშკარა გახდა, რომ დამნაშავეების დასჯას არ აპირებდნენ. ასეც მოხდა.
„ნაციონალებთან“ კოჰაბიტირდნენ, სამაგიეროდ, ჩვენ ცესკოში წარმომადგენელი წაგვართვეს, ასევე _ საარჩევნო
ოლქებში. წაგვართვეს დაფინასება, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნოდა. რეალურად, „დემოკრატიულ
მოძრაობას“ ბრძოლა გამოგვიცხადეს. ამან სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა.
2012 წელს არც ჩვენ და არც ხალხმა იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი ივანიშვილს, რომ „ნაციონალებთან“
კოჰაბიტირებულიყვნენ. ჩვენ არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ქუჩებში დახვედრასა და
მათზე იქ ანგარიშსწორებას ვითხოვდით. ჩვენ გვინდოდა, რომ მათ მიერ ჩადენილი საქმეები ისე შეესწავლათ,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. „ქართული ოცნებისთვის“ რომ გეკითხათ, მათი კურსი ევროპული
იყო, ევროპაში კი ყველა დამნაშავეს ასამართლებენ. ამ ვითომ ევროპულმა ხელისუფლებამ უარი თქვა იმ
ადამიანების დასჯაზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ. „ჰუმან რაით ვოთჩის
დასკვნის“ მიხედვით იმ წლებში ქუჩებში 300-მდე ახალგაზრდაა დახვრეტილი. არც ეს საქმეებია გამოძიებული.
ვიცით, რაც ხდებოდა ციხეებში. დეტალურად ვიცით, რა მდგომარეობა იყო მაშინ ქვეყანაში. ძალიან ბევრი
უკანონობა ჩაიდინეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები
დაესაჯათ, მივიღეთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაცია.
იმ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი მე ვარ. 2011 წლის 21 მაისს აქციაზე მიმავალს დამხვდნენ და სასტიკად
გამისწორდნენ. არ დაინდეს ჩემთან ერთად მყოფი ჩემი ოჯახის წევრები _ დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი
შვილი. აქციები, რომელიც 26 მაისს სისხლიანი დარბევით დასრულდა, 21 მაისს დაიწყო. ხელისუფლებაში
ახალმა მოსულმა „ოცნებამ“ თავიდან ჩემზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყო. პირველად 6 საათი
გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მეორედ _ 8 საათი. დაკითხვას ახალგაზრდა პროკურორი ხელმძღვანელობდა.
ჩემს ისტორიას რომ უსმენდა, თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

- თქვენი ისტორიის მოსმენა უცრემლოდ მართლა შეუძლებელია, ძალიან მძიმე ამბავია.

- პროკურორმა დაკითხვა რამდენჯერმე შეაჩერა. ცუდად გახდა, როცა მოისმინა, თუ რა მდგომარეობაში
ჩამაგდეს მეუღლესთან, დედასთან და ბავშვთან ერთად. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ასე სასტიკად
მხოლოდ იმიტომ გამისწორდნენ, რომ მე ვიყავი „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდულის ლიდერი.
სახალხო კრების ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდით. მოსმენილით პროკურორი შოკში ჩავარდა.
მაგრამ რა?! _ არავინაც არ დასჯილა.
არც ის მოსამართლეები დასჯილან, რომლებსაც უკანონო გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. მოსამართლეთა
კლანი, რომლის მსხვერპლიც გახდა სულხან მოლაშვილი და კიდევ ბევრი უდანაშაულო ადამიანი, „ქართულმა
ოცნებამ“ დააწინაურა. დააწინაურეს ისინიც, რომელთა გამოტანილი განაჩენების გამო საქართველომ
სტრასბურგში არაერთი საქმე წააგო. დღეს ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემის სათავეში არიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გვეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ ცუდები, როდესაც სააკაშვილის
დავალებებს ასრულებდნენ. ახლა ეს სისხლის სამართლის დამნაშავეები თუ ივანიშვილის დაკვეთებს
შეასრულებენ, კარგები გახდებიან. ამით უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ჩვენ ყველა დავრწმუნდით, რომ 2012
წელს ხელისუფლება არ შეცვლილა. ეს იყო მხოლოდ ჩანაცვლება. რეალურად, იგივე ძირგამომპალი, სისხლიანი
და დამნაშავე სისტემა დარჩა, სადაც შეიცვალა მხოლოდ გვარები.

- ბევრგან გვარებიც კი არ შეცვლილა.

- რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. მხოლოდ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სააკაშვილის ნაცვლად ქვეყნის
მმართველი ივანიშვილი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილმა
ჩაანაცვლა. იმ ადამიანებმა, რომლებიც „ნაციონალების“ დროს დანაშაულს სჩადიოდნენ, სამსახურები
შეინარჩუნეს, ბევრი დაწინაურდა კიდეც. ცნობილი გამონათქვამია, _ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.
როგორ შეიძლება, უსამართლო ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ?! როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის
დამნაშავე იქცეს სამართლიან ადამიანად?! „ქართულმა ოცნებამ“ არც სამართლიანობა აღადგინა და თემიდაც
გააუპატიურა. სამართლიანობის აღდგენას ვინ სჩივის, დანაშაულს დანაშაული, დამნაშავეებს დამნაშავეები
დაემატნენ და ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ. არადა, სამართლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ ერთ-
ერთი დანაპირები იყო _ ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, ასევე პირობას დებდნენ, რომ თუ
ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით
ჩატარდებოდა.

- პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ძალიან უჭირს „ქართულ ოცნებას“.

- დანაპირების შეუსრულებლობა „ქართული ოცნების“ სტილად იქცა. ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს
გასაგონად თქვა, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ეს
პირობა მან თბილისში დაწყებული გამოსვლების შემდეგ დადო. გასული წლის ივნისში აქ დიდი ამბები
ტრიალებდა. იმ სავარძელში, საიდანაც 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა
გამოაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსი კომუნისტი გავრილოვი ჩასვა, რასაც დიდი პროტესტი მოყვა.
ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ამან კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია.
ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა დაედო. იმ დროს ოპოზიცია და
არასამთავრობოები უკვე აქტიურად ითხოვდნენ ამ ცვლილებებს. მართალია, ეს პირობა ხელისუფლებამ
მსოფლიოს გასაგონად დადო, მაგრამ ის არ შესრულდა. ცვლილებების ჩაგდება მაჟორიტარებს დააბრალეს.
თურმე, დაჩი ბერაიამ და კიდევ ვიღაცებმა გაბედეს და ივანიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. ამ
ზღაპრებს არავინ დაიჯერებს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში სამთავრობო სტრუქტურებში
ივანიშვილის უნებართვოდ დამლაგებელიც კი არ ინიშნება.
გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩასმა და თავისი სხვა ჩანჩურობანი, ლამის, პარლამენტის დარაჯს
დააბრალეს. ესენი არიან „ქოცამატყუარები“ და მათგან მხოლოდ „ქოცატყუილებს“ ვისმენთ. მათ არც ერთი
დანაპირები არ შეუსრულეს ქართველ ერს. ისე გაერთნენ დანაპირების შეუსრულებლობაში, რომ გადაწყვიტეს,
კიდევ ერთი დანაპირების შესრულებაზე ეთქვათ უარი. მიმდინარე წლის 8 მარტს შეთანხმება შედგა, რომ
კონკრეტულ პირებს გაათავისუფლებდნენ. არც ამის შესრულება უნდოდათ, მაგრამ მოუწიათ. ეს, პირველ
რიგში, იმის დამსახურებაა, რომ ოპოზიცია ერთიანია. სხვანაირად ევროპიდან და ამერიკიდან ასეთი
მხარდაჭერა არ იქნებოდა.
ჩვენთვის ნამდვილად არ არის იოლი „ნაციონალებთან“ ერთ მაგიდასთან სხდომა. რაც ჩვენს პოლიტიკურ ძალას
მაგათ დამართეს, მსგავსი არც ერთი პარტიისთვის არ დაუმართიათ. 37 წლის რეპრესიების შემდეგ არ ყოფილა
შემთხვევა, რომ ასე ჩაეხოცათ ადამიანები. ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი თბილისის პოლიციის
სამმართველოში ცემით მოკლეს. მერე ცხედრები რუსთაველზე მიიტანეს, მაღალი ძაბვის კაბელი გადაჭრეს და
გვამები ჯიხურის თავზე დააწყვეს, თითქოს ისინი იქ ავიდნენ, დენმა დაარტყა და ამის შედეგად
გარდაიცვალნენ. სახლებში რომ მიასვენეს, ისეთი ნაცემები იყვნენ, ოჯახის წევრებმაც კი ვერ იცნეს. სულიკო
ასათიანის მეუღლე ყვებოდა, _ ჩემს ქმარს არც ერთი ძვალი მთელი არ ჰქონდა, ისე სასტიკად იყო ნაცემ-
ნაწამებიო .არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ჯიხურის მეპატრონეზე, რომელიც ძალიან ღირსეული
ადამიანი გამოდგა. 76 წლის კაცი ახალაიებმა წიხლებით სცემეს, რადგან მან არ აღიარა, რომ მის საკუთრებაში
მყოფი ჯიხურის თავზე ვიღაცას დენმა დაარტყა.
2019 წლის 20 ივნისის დარბევაზეც ვიტყვი: „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობას მოყვა აქცია, რაც
დარბევით დასრულდა. იმ ღამეს, საბედნიეროდ, არავინ მომკვდარა, მაგრამ ვიხილეთ თვალებდათხრილი
ახალგაზრდები! ვიხილეთ თავებგახეთქილი ჟურნალისტები! ვიხილეთ ნაცემი ქალები და რუსთაველი ისევ
შეიღება სისხლით! ამ აქციასაც ის სპეცრაზმელები არბევდნენ, რომლებმაც 2011 წელს ჩვენი თანაპარტიელები
ჩახოცეს. შეთანხმება, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, ელჩების თანდასწრებით გაფორმდა. „ქართულ
ოცნებას“ არც მისი შესრულება სურდა და მზად იყო, მსოფლიო აფერაზე წასულიყო. ისინი უარს ამბობდნენ იმ
ადამიანების განთავისუფლებაზე, რომელთა გამოშვებაზეც პირობაც დადეს.
გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ
შეთანხმებაში ციხიდან მათი გამოშვება ჩაიწერა. იქამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა საქმე, რომ თვით გიორგი
რურუაც კი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს. ის პოლიტპატიმრად დასავლეთმაც კი აღიარა და მისი
განთავისუფლებაც მოითხოვა. ეს ვისი ბრალია? ამაზე „ოცნებაა“ პასუხისმგებელი. რამდენიმე წლის წინათ გიგი
უგულავას ათული მილიონის მოპარვა დაუდასტურდა. ამის გამო დაიჭირეს, მაგრამ შემდეგ ვადაზე ადრე
გამოუშვეს. შემდეგ ისევ შეაბრუნეს, რადგან მისი პოლიტიკური აქტიურობა არ მოეწონათ. ირაკლი
ოქრუაშვილის ამბავიც საინტერესოა. როცა აქ ხელისუფლება შეიცვალა, მას „ქართული ოცნება“ სთავაზობდა,
რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო.

- სად უნდა ყოფილიყო მათი მაჟორიტარობის კანდიდატი?

- გორის რაიონში. ეს ადამიანი ადრეც იყო ციხეში და ვისაც ერთხელ აქვს ციხე ნანახი, მისთვის იქ მეორედ
მოხვედრა იოლი არაა. მან იცოდა, რომ საქართველოში თუ დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ, მაგრამ მაინც
ჩამოვიდა. ეს დასაფასებელია. ამას ვერ დავივიწყებ, ისევე როგორც ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას,
რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
2004 წლის დასაწყისში ქუთაისში ბიზნესმენ ბონდო შალიკიანის დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. მას სახლში
შეუვარდნენ ღამით. დაკავების კადრები ტელევიზორში აჩვენეს. ისიც ვნახეთ, როგორ დარბოდა იქით-აქეთ
ბიზნესმენის დაბნეული მეუღლე ღამის პერანგით. ამის შემდეგ ოქრუაშვილზე ჩემი შეხედულება მაქვს.
„ოცნებამ“ მოახერხა, რომ ესეც ყველას დაავიწყა. სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ ამათი ჩანჩურობა, უმაქნისობა
და უგვანობა შევაფასო.
იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ და რაღაც მაინც გამოასწორონ, ახლა პირად შეურაცხყოფებზე გადმოვიდნენ.
ზოგიერთი თავდაუბანელი, თმაგაწეწილი, „უნახავმა რა ნახა“ თანმდებობის პირები გვლანძღავენ. ჩვენ
თანამდებობებისთვის არ გვიბრძოლია.
სანდრო გირგვლიანს, რომელიც წამებით მოკლეს, ხშირად ახსენებენ „ოცნების“ წევრები. მე მას პირადად
ვიცნობდი. როდესაც ის წამებით მოკლეს, ამის გასაპროტესტებლად, სულ რაღაც, 30 კაცი გამოვედით ქუჩაში
აქციის მოსაწყობად. იმავე პერიოდში ათენში პოლიციელმა ბრმა ტყვიით 16 წლის ბიჭი მოკლა, ისეთი ამბები
დაიწყო, რომ საბერძნეთის მთავრობა გადადგა! აქ კი 30 კაციც არ გამოვიდა ქუჩაში! მაშინ მივხვდი, რომ
„ნაციონალები“ ყველას მიადგებოდნენ და ასეც მოხდა. ზუსტად იმ ფაზაშია დღეს „ქართული ოცნება“. ახლა
ესენიც ყველას მიადგებიან.
დასაკარგი არაფერი მაქვს, ჩემთვის პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ინტერესები. აქ არის ჩემი მშობლების
საფლავები და აქ იზრდება ჩემი შვილი. „ქართული ოცნება“ ანადგურებს საქართველოს. მათ ქვეყნის მართვის
არც კომპეტენცია გააჩნიათ და არც იმის უფლება, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგან დამოუკიდებლად. დღეს ამ
ქვეყანას შველა სჭირდება და ამისთვის საჭიროა ოპოზიციის კონსოლიდაცია. პირადი ყველამ გვერდით უნდა
გადავდოთ, სისტემასთან და მილიარდებთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება. არც ერთი დამნაშავე არ
დაუსჯიათ: ციხის ცნობილი ჯალათი გაგა მკურნალიძე ბიზნესითაა დაკავებული _ თბილისში კორპუსებს
აშენებს. სხვა ჯალათებიც კარგად არიან. აქამდე მიგვიყვანა კოჰაბიტაციამ.
ამ ყველაფრის მერე როგორ ბედავენ, სხვას დაუძახონ, „ნაცებთან“ ხარ შეკრულიო. ეს უნამუსოები, მართლა!
ესენი ხმის ამოღებას როგორ ბედავენ?! ამათ ყველაზე დიდი ზონდერი პარლამენტში დასვეს _ იმ კაცზე
ვსაუბრობ, ვისაც ათასობით ზონდერი ებარა.

- ვის გულისხმობთ?

- ბადრი ბასიშვილს. „ოცნებამ“ „ნაცების“ მთავარი ზონდერის დეპუტატობა ცნო, მასთან ერთად სხედან
პარლამენტში და მე, ბესო დანელიას, მეძახიან „ნაციონალს“? სანდრა რულოვსის თანაშემწე აჩი თალაკვაძე
გვეძახის „ნაციონალებს“. სასაცილოა, როცა სააკაშვილის მინისტრი გოგა ხაინდრავა გვლანძღავს. სასაცილოა
ცეკას ინსტრუქტორ გია ვოლსკის განცხადებებიც, რომელიც როცა ჩვენ ძვლებში გვამტვრევდნენ, მიშას
მინისტრის მოადგილე იყო. ესენი არიან არა მხოლოდ კოჰაბიტირებულები, არამედ მორალურად და
პოლიტიკურად გახრწნილები. ამათ წმინდა არაფერი გააჩნიათ. ამათ არც სამშობლო უყვართ. მათ მხოლოდ
საკუთარი თავი უყვართ და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. გაჭირვებულებს სამარცხვინო სოციალურ
დახმარებას უხდიან, _ დღეში 1.60 თეთრი გამოდის. ამ თანხით გამოკვებონ საკუთარი ოჯახის წევრები. არადა,
მათზე რესტორნებში ათასებს ხარჯავენ. სულ არ ენაღვლებათ ხალხის ჯიბიდან ამოცლილი ფული.

- ზევით აღნიშნეთ, რომ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენო. ამ მხრივ ძალიან გამორჩეულია ირაკლი
კობახიძე. მამამისი, გია კობახიძე, წლების მანძილზე თქვენი თანაპარტიელი იყო. ამანაც ვერ შეაჩერა ეგ
ყმაწვილი?

- გია კობახიძესთან ერთად იმ რეჟიმს ვებრძოდი. მაშინ ირაკლი კობახიძე ერთი პატიოსანი და წესიერი ბიჭი
იყო. მახსოვს, მოდიოდა ხოლმე პარტიაში. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, საქაღალდეებით ხელში გველოდებოდა.

- რატომ მოდიოდა პარტიაში?

- მოდიოდა, რადგან იურიდიული საკითხების შესახებ კონსულტაციებს გვიწევდა. ირაკლი ძალიან
კვალიფიციური იურისტია. მიკვირს, რა დაემართა.

- ვისაც ძველი კობახიძე ახსოვს, ყველას უკვირს. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ასე შეიცვალოს?

- არ ვიცი, რა დამართა მას „ოცნებამ“ და იმ სავარძელმა, სადაც ის იჯდა. ერთი უსიტყვო, წესიერი, პატიოსანი
ბიჭი იყო. ახლა გათავხედებულია და უზრდელივით იქცევა. ან როგორ გამოდის, ან როგორ მიმართავს ხალხს?!
მამას მაინც სცეს პატივი, _ გია კობახიძე მთელი ცხოვრება ოპოზიციაში იყო. არ ვამბობ, რომ ერთმანეთის
კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ შეურაცხყოფა დაუშვებელია. თან იმათგან, რომლებიც როცა ჩვენ ძვლებში
გვამტვრევდნენ, თბილ სავარძლებში ისხდნენ.
შორენა მარსაგიშვილი
FaceBook Twitter Google