ანზორ ბიწაძე - სააკაშვილის განცხადება არარეალისტურია, რადგან პოლიტიკურად ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირება, შეუძლებელი იქნება
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არარეალისტურია, იმიტომ, რომ პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ერთიანი საარჩევნო სიის გაკეთება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებას, ერთიანი სიის ფორმირების თაობაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის განწყობები და პოლიტიკური გემოვნება მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შესთავაზონ.

„ბუნებრივია, ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია სააკაშვილთან. მოულოდნელად გავიგეთ მედიით, რომ ასეთი იდეა მუსირებს. ეს არარეალისტური განცხადებაა იმიტომ, რომ პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა წარდგეს ოპოზიცია 31 ოქტომბერს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება მოახერხოს, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს გაყალბების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად ოპოზიციის ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის განწყობები და პოლიტიკური გემოვნება მრავალფეროვანია, ასე რომ, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს ის მრავალფეროვნება, რომელიც წარმოდგენილია შალვა ნათელაშვილის ოფისში. აქვე გამოვყოფდი და განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებდი ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, იმ ფასილიტატორი ელჩების პოზიციას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას საქართველოში. მათი პოზიცია მკაფიოა, რომ საქართველოში პროცესების რადიკალური პოლარიზება ყოვლად დაუშვებელია და ეს არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აუცილებლად გასათვალისწინებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მოსაზრება,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც,“ - აცხადებს სააკაშვილი.
FaceBook Twitter Google