ნინო ბურჯანაძე - „ევროპულმა საქართველომ“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის ჩაგდების შანსი არ დაუტოვა, ეს მნიშვნელოვანია და მივესალმები - ალბათ, „ნაცმოძრაობაც“ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე, დადებითად და პასუხისმგებლობის გრძნობით მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარის რისკის ქვეშ დაყენება და ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შევაფასო „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაერისკა ოპოზიციას, მაგრამ, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმაზეა მოწოდებული, რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს თავისი თაღლითობისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა გამართლებული. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რომელიც მოიპოვეს ახალგაზრდებმა, საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მისი აქტიური ჩართულობით და ასევე ოპოზიციურმა ერთობამ. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და არ დაუტოვოს „ქართულ ოცნებას“ შანსი ამ სისტემის ჩაგდების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმები კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაც“ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე ვფიქრობ, რომ ალბათ, „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს იმიტომ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. საერთოდ ყოველთვის მთავარია, რომ პირველ ადგილზე დავაყენოთ საერთო საქმის ინტერესი, მართალია, ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისობა ის, რომ დაგვაბრალეს, თითქოს ჩვენ ვიგონებდით 8 მარტის შეთანხმებას პატიმრების გათავისუფლებაზე, თითქოს ეს არ ყოფილა, მართალია, ხელისუფლებამ ეს არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა და არ შეასრულა ეს შეთანხმება, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონი არ ჩავარდეს და შემდეგ უკვე გაგრძელება ბრძოლის სხვა მიმართულებითაც ნამდვილად შესაძლებელია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
FaceBook Twitter Google