ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ბიულეტენების გადათვლის შესახებ ეკა ბესელიას ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილოს და მხარი დაუჭიროს
„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაც ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აუცილებლად დაჩქარებული წესით განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი და მხარი დაუჭიროს.

„მინდა საგანგებო ბრიფინგით გამოვეხმაურო ქალბატონი ეკა ბესელიას მიერ გახმოვანებულ ინიციატივას, რომელიც მან დღეს განაცხადა და რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში დამატებით ცვლილებებს წარადგენს, რომლებიც არჩევნების შემდეგ, საეჭვო უბნებზე ხმების გადათვლას ეხება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკას ამ ინიციატივისთვის და საგანგებოდ აღვნიშნო, რომ აღნიშნული თემა ჯერ კიდევ შარშან იხილებოდა, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იყო და პრაქტიკულად, მიღწეული იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ამოცანისა და მიზნის შესასრულებლად, რასაც არჩევნებისადმი ნდობის ამაღლება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების გადათვლა არ იყოს პრობლემური და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება მიღწეული იყო. გასაკვირი არ არის, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდა. აღნიშნული ინიციატივა მეორე მოსმენით გახმოვანდა პარლამენტში, თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელობამ და მმართველმა გუნდმა ის ისე გაატარა, დიდად არც შეიმჩნია და შესაბამისად, კენჭისყრაზე არ დადგა. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი იყო კენჭნაყრელი საარჩევნო კოდექსის შემდეგ, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ხალახალი ინიციატივა გახმოვანებულიყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, წინასწარი კონსულტაციები, რომელიც ქალბატონმა ეკამ ჩატაარა, გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია ამ ინიციატივას მხარს უჭერს. მივმართავ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები კითხვის ნიშნებს არ იწვევდეს. პირველი ხარისხის ამოცანა არის ის, რომ უბნების გადათვალა შესაძლებელი იყოს, თუ კითხვის ნიშნები ჩნდება და თუ უბნები გადაითვლება და გამოჩნდება, რომ უბნის მონაცემი და ყუთში არსებული მონაცემი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ გექნებათ უფლება თქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. მინდა საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო, აუცილებლად დაჩქარებული წესით განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი და ამავდროულად, მხარი დაუჭიროს.

ასევე, მინდა შევახსენო, რომ ევროკავშირის ელჩის ბატონი კარლ ჰარცერის საგანგებო განცხადებაში გულისტკივილი იყო გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კოდექსში ვერ აისახა დავების გადაწყვეტის მექანიზმები და ხმების დათვლის მექნიზმები სათანადოდ. ეს ინიციატივა გახმოვანებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაშიც. ასე, რომ ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანი და და საფუძვლიანია“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაც ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Google