ნინო ბურჯანაძემ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
,,ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს შორის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია ,,ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, შეხვედრა თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა.

პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა კრისტიან ურსეს საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის. ნინო ბურჯანაძის თქმით, კრისტიან ურსემ არაერთხელ ითამაშა პოზიტიური როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, ამასთან, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ურსეს მხრიდან განხორციელებული აქტიური საქმიანობა.

,,რომ არა დიპლომატიური კორპუსის აქტიური მუშაობა და განსაკუთრებით ბატონი ურსეს თავდაუზოგავი მონდომება, ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და ვერ მივიღებდით იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების წინაპირობას", - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კრისტიან ურსე ტოვებს საქართველოს და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

თავის მხრივ კრისტიან ურსემ ხაზი გაუსვა იმ პროცესის განვითარებას, რომელშიც სხვა ოპოზიციურ პარტიების ლიდერებთან ერთად ჩართული იყო ნინო ბურჯანაძე და განსაკუთრებული სამუშაო გაწია შედეგის მისაღწევად, მიღებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა მოიპოვებს დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს, შედეგი კი მრავალპარტიული პარლამენტი იქნება.

კრისტიან ურსემ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატებები უსურვა, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ასევე მომავალ საქმიანობაში.
FaceBook Twitter Google