ნინო ბურჯანაძე: „მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებზე მიწის პრივატიზაციის აკრძალვა ჩვენი ინიციატივაა ეს საყოველთაო საქმეა და ყველას ეხება"

ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში კიდევ ერთხელ გაახმოვნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა მიწების პრივატიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მისი ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდა.

„გუშინ მე გავაკეთე განცხადება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ინიციატივა ეხება უცხოელებზე მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას. ნაცვლად იმისა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე გაკეთებულიყო აქცენტი, როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების მხრიდან, მოხდა ამ თემის აბსოლუტური იგნორირება. მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ გამოეხმაურა ამ თემას და მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას. კარგია, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ გააგრძელებს ამ საკითხში მხარდაჭერას, ეს ინიციატივა უკვე პარლამეტშია. ფორმულირება არის შემდეგი: ქართული მიწა გაიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და არავითარ შემთხვევაში უცხოელებზე.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „დემოკრატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს და არა მხოლოდ მათთან, არამედ ყველასთან, ვინც მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ინიციატივაა ეს საყოველთაო საქმეა და ყველას ეხება, რა თქმა უნდა, „პატრიოტთა ალიანსმა“ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ეს შესწორება შევიდეს კონსტიტუციაში, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლებას არ ქონია არანაირი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა რას ფიქროს კვირიკაშვილი, რას ფიქრობენ მთავრობის და პარლამენტის წევრები იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ჩვენი ქვეყნისათვის,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება საკონსტიტუციო კომისიასა და პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გააგრძელებს იგნორირების პოლიტიკას და ლიბერალების შიშით ვერ გაბედავს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას, „დემოკრატიული მოძრაობა ამ საკითხს აუცილებლად შეიტანს რეფერენდუმზე.

„მოვივლით მთელ საქართველოს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რეფერენდუმისათვის საჭირო 200 000 კი არა მილიონ ხელმოწერას შევაგროვებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიიღოს. თუ არ მიიღებს, კიდევ უფრო ცუდად შემოუტრიალდება ეს თემა!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google