გიორგი ახვლედიანი - თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მაჟორიტარული სისტემა არ შეიცვლება, ეს იქნება საკონსტიტუციო კომისიის დასასრულის დასაწყისი

თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს იქნება საკონსტიტუციო კომისიის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.


მისი თქმით, დღეს კომისია განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას შეეხება.
”დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება განხილული, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ხელისუფლებას კარგად მოეხსენება რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და გადავიდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე. ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით კი გვაქვს ძალიან სერიოზული შეკითხვები, რადგან ხშირად ცვლიან ამ პოზიციას. წინა პარლამენტში ჰქონდათ სურვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, დღეს თითქოსდა აღარ უნდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დღეს ხელისუფლების პოზიციის მოსმენა, აპირებენ თუ არა ძირეული ცვლილებების განხორციელებას საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში. ამ საკონსტიტუციო კომისიის არსებობას უბრალოდ აზრი დაეკარგება, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მას აქვს ხისტი პოზიცია და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ყოფილა მისთვის საუკეთესო. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ამ კომისიის დასასრულის დასაწყისი”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

FaceBook Twitter Google