ბურჯანაძე:დასავლეთში საქართველოს ავტორიტეტი ნულია, კურცმა ამ კონტექსტში შემთხვევით არ გვახსენა

იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება იყო და ამ თემაზე საუბარი არ გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სებასტიან კურცის განცხადებას.

როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებებიც კი არ უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას მიიღებს.


„ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს რაიმე ამდაგვარ თემაზე ლაპარაკი, რომ საქართველოში განთავსდეს მიგრანტების ცენტრი. ეს ვალდებულება აიღო ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად ამ ტიპის ვალდებულებაზე საუბარიც არ უნდა იყოს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება იყო და ამ თემაზე საუბარი არ გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩემი და საზოგადოების ნაწილის ძალიან მწვავე რეაქციას გამოიწვევს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მოულოდნელი იყო.


„ეს ალბათ ქართული მხარისთვისაც მოულოდნელი იყო. იმედი მაქვს, რომ არ ცრუობენ. ხელისუფლებას ის მაინც უნდა ესმოდეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყებამაც კი ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ხელისუფლებას დასავლური სტრუქტურების მიმართ ხშირ შემთხვევაში მონური მორჩილება აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს რაც ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ არა მგონია მთლად ასეთი უგუნურები იყვნენ“, - დასძენს ბურჯანაძე.


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე ნულის ტოლია. ამიტომ, ფიქრობს, რომ ამ განცხადების ამ კონტექსტში გაჟღერება შემთხვევითი არ არის.

„შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო ამ კონტექსტში იქნა ნახსენები. იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებს, საერთაშორისო არენაზე პრაქტიკულად ნულია ჩვენი ავტორიტეტი. ეს ბევრჯერ გამოჩნდა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სტრასბურგის მოსამართლის სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი და სამივე ჩავარდა. რამდენადაც ვიცი, ეს პირველი შემთხვევა იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ისტორიაში. აღარ ვსაუბრობ, ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ასევე ხელისუფლების კრახია. ასევე კრახი აქვს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით თუ სხვა მხრივ.


ვიზალიბერალიზაცია არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი თემა, როგორც ამის წარმოჩენა ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. ამავდროულად იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელსაც იღებს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლო და შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლო. ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თუ ასე გაგრძელდება ეს ვიზილიბერალიზაციაც ჰაერში დარჩებე ჩამოკიდებული და ჩვენი მოსახლეობა ისევ იმედგაცრუებული დარჩება. ამ შემთხვევაში ბოლო მიღებულ გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, იგივე „რუსთავი 2“-თან მიმართებაში. აბსოლუტური უგუნურება იყო ხელისუფლების მხრიდან ეს გადაწყვეტილება. ვგულისხმობ იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღესვე უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას.


შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. კურცი მიიჩნევს, რომ ასეთი ცენტრები შესაძლებელია განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.


აღნიშნულ საკითხზე გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი არც ერთ დონეზე არ დამდგარა დღის წესრიგში და არსად განხილულა.

„ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება", - აღნიშნულია განცხადებაში

 

FaceBook Twitter Google