ნინო ბურჯანაძე: "რუსთავი 2"-ს ვიცავ, მაგრამ "ნაცმოძრაობის" ორგანიზებულ აქციაზე არ წავალ!

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ ფორმის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გათიშვა საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება, ვინაიდან პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ დღეს განსხვავებული აზრის მატარებელია.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „აიპრესთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამის მიუხედავად ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა ორგანიზებული.


„დღეს ყველაფერი ერთი ადამიანის ჯიბიდან იმართება. პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, როგორც საერთო სასამართლოები, ასევე საკონსტიტუციო, ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტსაც მიადგნენ, მედია... ასეთი საქართველო გვინდა?!

დღეს „რუსთავი 2“ თავისუფალი კი არ არის, არამედ განსხვავებული სიტყვის მატარებელია. „რუსთავი 2“ არც ამბობს იმას, რომ ობიექტურია. ამბობენ, რომ სუბიექტურები არიან და კონკრეტულ მიმართულებას აშუქებენ. მე მომწონს ეს განსხვავებული აზრი თუ არა, ის არ უნდა დაიხუროს. მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მაუწყებლობა ჰქონდეს. თუ მოსახლეობისთვის ეს მიმართულება არ იქნება მისაღები, მაშინ ის სხვა არხზე გადართავს. თუ ასე უნდა, ბიძინა ივანიშვილმა უკეთესი ტელევიზია გააკეთოს. ფული არ აქვს თუ სხვა საშუალებები. თუ ამ ფორმის „რუსთავი 2“ არ იქნება ეთერში ეს დიდი დარტყმა იქნება საქართველოზე. ესეც ამ ხელისუფლების უგუნურობის და უმაქნისობის ბრალია. ყველაფერი რომ მართლა ობიექტურად წარმართულიყო სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. რა გადაწყვეტილებაც სტრასბურგმა მიიღო, ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება სერიოზულ დარტყმას მიიღებს“, - აცხადებს ბურჯანაძე და აქვე დასძენს, რომ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას არ აპირებს.


„არანაირ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, თუ აქციაზე მისვლას არ აპირებს, მაგრამ იცავს განსხავებული აზრის თავისუფლებას, მაშინ რა ფორმით დაიცავს „რუსთავი 2“-ს? ბურჯანაძე ასე პასუხობს:


„პოლიტიკოსის იარაღი არის განცხადებები. საქართველოში ძალიან ბევრი თემაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსის წინაშე უნდა წამოიწიოს. „რუსთავი 2“-ის თემა ერთადერთი არ არის, მაგრამ თითოეული პოლიტიკოსი, მათ შორის მეც იძულებულები ვიქნებით ამ თემაზე ვისაუბროთ. ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ მიდის ხელისუფლების აბსოლუტური უზურპაციისკენ. „რუსთავი 2“ ამ უზურპაციის ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ.


მე კარგად მახსოვს, როგორ ვიცავდი „იმედს“ 2007 წელს, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი. ამის გამო ორმაგი დარტყმის ქვეშ მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ არც მე მომწონდა, რასაც „იმედი“ აკეთებდა მაშინ. „იმედიც“ პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი იყო, მაგრამ მე მას ვიცავდი. ეს კარგად იციან ჟურნალისტებმა ვინც მაშინ იქ მუშაობდნენ, ეს იცის ინგა გრიგოლიამ, სხვა თანამშრომლებმა, ეს იციან იმ პოლიტიკოსებმა ვინც მაშინ პოლიტიკაში იყვნენ. სააკაშვილი „იმედი“ ჩაიგდო ხელში, ტელევიზია რომელიც მათ აკრიტიკებდა და შემდეგ ამან განაპირობა შეცდომების ძალიან დიდი ტალღა, რომელიც მაშინ წამოვიდა. ახლაც ასე იქნება, როგორც კი განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზიას ჩაახშობენ, ეს თავად ხელისუფლებისთვის იქნება დამღუპველი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“.

 

FaceBook Twitter Google