ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს საბოლოოდ გვაკარგინებს

„ხელისუფლება ჯერ კიდევ 4 წლის წინ, რომ ჩასულიყო მოსკოვში მოსალაპარაკებლად, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ქართველებთან დიალოგზე, ჩვენ არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჯარისო ფორმირებების რუსეთის ჯართან მიერთებაზე გვექნებოდა საუბარი და არც რუსული S 300 დადგებოდა აფხაზეთში.“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ხედავს, რომ შენ მას არ ელაპარაკები, ყოველ წუთში აკეთებ განცხადებებს ნატოს ჯარების საქართველოში განთავსებაზე და ასეთ რთულ პერიოდში აბაშიძე-კარასინის ფორმატით შემოიფარგლები, რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ და გამოიყენებენ ამ ვითარებას საკუთარი სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

„ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ ეს თემები საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩეს. ხელისუფლება საკუთარი უგუნურებითა თუ შეგნებულად კიდევ უფრო გვაშორებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. კიდევ უფრო სავალალოა, რომ პოლიტიკურ თამაშებში გართული პოლიტიკოსებისათვის ამ პრობლემამ მეათე პლანზე გადაინაცვლა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაკარგული ტერიოტორიების თემაზე მხოლოდ ჩვენი გუნდი ფიქრობს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებაში ეს თემა აქტუალურობას არასდროს დაკარგავს, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება და აუცილებელია რეალური ნაბიჯების გადადგმა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა კი ამ შანს საბოლოოდ გვაკარგინებს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google