ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე: განათლების მინისტრმა კომბლესა და ვაშლებს თავი დაანებოს და იმაზე გვიპასუხოს რატომ ჩაიჭრა გამოცდებზე ამდენი ახალგაზრდა
- საქართველოს სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანს აბარია მეცნიერება და განათლება. ჩვენ იძულებულნი ვართ, მაგის მორიგ სისულელეებზე გავაკეთოთ კომენტარები. კარგი იქნება, თუ ნაცარქექიასთან და კომბლესთან მებრძოლი ჯეჯელავა აგვიხსნის, რატომ ვერ უზრუნველყო ის, რომ ელემენტარული განათლების მიღმა არ დარჩენილიყო რამდენიმე ათასი ახალგაზრდა.
კომბლებსა და ვაშლებს თავი დაანებოს და იმაზე გვიპასუხოს, რატომ ჩაიჭრა გამოცდებზე ამდენი ახალგაზრდა. ასეთი ჩავარდნა რომ აქვს, რა ნამუსით რჩება განათლების მინისტრის თანამდებობაზე?!
ასევე აგვიხსნას, რატომ არღვევს კონსტიტუციას ბატონი მინისტრი და არ უზრუნველყოფს, საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო ენა იცოდნენ. ამ დღეებში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში ვიყავი, მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრები. სხვებთან ერთად სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებსაც გავესაუბრე და ჰოი, საოცრებავ, ამ ბავშვებმა ერთი სიტყვა არ იციან ქართულად. ამას ფიგურალურად არ ვამბობ, მართლა არცერთი ქართული სიტყვა არ იციან.
- რა ასაკის ბავშვებზეა საუბარი?
- მეორე, მესამე და მეხუთეკლასელ ბავშვებს გავესაუბრე, თან გაითვალისწინეთ, რომ ეს დასახლება თბილისის შემადგენლობაში შედის. ბავშვებთან ერთად მათ მასწავლებლებსაც გავესაუბრე და ქართული ენა არც მათ იცოდნენ. როდესაც ვკითხე, რატომ არ იცით ქართული-მეთქი, მიპასუხეს, არ გვჭირდება, არავინ გვთხოვს ქართული ენის შესწავლასო.
სახელმწიფო ენას რომ არ ასწავლი შენს მოქალაქეებს, განათლების მინისტრმა ამაზე პასუხი არ უნდა გაგვცეს? ანდა სად წავიდა ის 140 მილიონი დოლარი, ამერიკამ რომ გამოგვიყო განათლების სისტემისთვის. იმის მაგივრად, რომ ზოგადი განმარტებები გაეკეთებინათ, სპეციალური სამსახურები შექმნეს ამ მილიონების გასახარჯად.
იმის მაგივრად, რომ ეს თანხა განათლების სფეროს გაუმჯობესებას მოხმარდეს, ის ვიღაცების კაბინეტების მოწყობაზე იხარჯება.
განათლების მინისტრმა იმაზეც გაგვცეს პასუხი, რატომ იხოცებიან ახალგაზრდები ნარკოტიკებით, რატომ მიდის ნარკომანიის პროპაგანდა და რატომ არაფერს უპირისპირებს ამას.
როგორც უკვე გითხარით, ამ კაცის განათლების მინისტრობა მთელი საქართველოს სირცხვილია. ჩვენდა საუბედუროდ, მას არც სხვა მინისტრები ჩამოუვარდებიან.
აი, ეს კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამ ბანკის ტრენერზე. ჯეჯელავა ერთ ცნობილ ბანკში ტრენინგებს ატარებდა, მერე უცბად მოჰკიდეს ხელი და მინისტრად დასვეს.
ამ ბანკზეც მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა _ აღმოჩნდა, რომ ყველა კარგი მენეჯერი, წარმატებული ბიზნესმენი, ინტელექტუალი აქ ყოფილა თავმოყრილი. სპეცსამსახურებიც კი ამ ბანკის თანამშრომლებით დააკომპლექტეს. რომელი ჰარვარდი, ოქსფორდი და იელის უნივერსიტეტი ეს ბანკია.
FaceBook Twitter Google