ახალი ამბები
ბურჯანაძე "მარშის" დაპატიმრებულ წევრებზე: პროტესტი არაკორექტული იყო, დანაშაული არ ყოფილა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ეროვნული მარშის“ წევრებმა დაახლოებით თვენახევრის წინ „რუსთავი 2“-თან პროტესტი არაკორექტული და მიუღებელი ფორმით გამოხატეს, მაგრამ ეს დანაშაული არ ყოფილა და „მარშის“ წევრები არ უნდა დაეკავებინათ.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ შეიძლებოდა მკაცრი გაფრთხილება ან ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. პოლიტიკოსი „აიპრესთან“ საუბრისას შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც არ არის გამოძიებული ისეთი საქმეები როცა ადამიანებს ციხეებში ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ და ადამიანებს სახლებში უვარდებოდნენ და ამ შემთხვევაში საგანგებო ზომებს იღებენ, ეს იწვევს დაუსჯელობის განცდას და არა ის, რომ დაკავებული ახალგაზრდებისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ. (ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, 1 მაისს ავტ:)

„მე არ ვარ არც აგრესიის მომხრე და არც რაიმე ტიპის გრძნობების შეურაცხყოფის. ფაქტია, რომ საკმაოდ არაკორექტულად გამოუვიდა წამყვანს კომენტარის გაკეთება, რისთვისაც ტელეკომპანიამ შემდეგ ბოდიში მოიხადა. გასაგებია, რომ ამ არაკორექტულ ნათქვამს შეიძლება მოჰყოლოდა აღშფოთებული რეაქცია, მაგრამ აღშფოთების დროსაც ადამიანებმა გარკვეული თავშეკავებულობა უნდა გამოხატონ. ცხადია, რომ ეს გარკვეულ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სამართალდამცავი ორგანოები ჩაერივნენ, მაგრამ სრულად გაუგებარია რატომ მოხდა ამ ახალგაზრდების ასეთი განსაკუთრებული დასჯა.

მათ არაკორექტულად, მიუღებელი ფორმით გამოხატეს პროტესტი, მაგრამ ეს არ იყო ისეთი დანაშაული, რომლის გამოც ადამიანს შეიძლება პატიმრობა შეუფარდო. სრულიად საკმარისი იქნებოდა ადმინისტრაციული წესით მათი დასჯა და კატეგორიულად გაფრთხილება, ან დაჯარიმება. მომეჩვენა, რომ ეს იყო საგანგებო ზომები. გასაგებია, რომ ხელისუფლება მართავს სასამართლო პროცესებს და იმ ვითარებაში, როდესაც თავისუფლად დადიან ადამიანები, რომლებიც ხალხს ციხეში ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, სახლებში უვარდებოდნენ და გამოძიებული არ არის უამრავი დანაშაული, გამოძიებული არ არის 26 მაისის მოვლენები.

მე გეტყვით ერთ ფაქტს, როდესაც მე და ჩემი თანაპარტიელები სოფელ ხურვალეთში ჩავედით აგვისტოს ომის აღსანიშნავად, მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბადრი ბასიშვილმა მოგვიქსია „ზონდერები“, რომლებმაც ქვები დაგვიშინეს, მანქანები დაგვიზიანეს და ჩემი თანაგუნდელები ფიზიკურად დააზიანეს. ლამის ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელყვეს, რატომ არ არის ეს ფაქტები გამოძიებული. როცა ეს ფაქტი არ არის გამოძიებული და აგრესიული ფორმით გამოხატულ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადამიანებს ციხეში სვამენ, ეს მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვამართლებ აგრესიას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან გამოხატული პირველი აგრესიული პროტესტი და სამართალდამცავებისა და სასამართლოს ლოიალური დამოკიდებულება და ეს დაუსჯელობის სინდრომს ხომ არ იწვევს და ამიტომ ხომ არ მიიღეს შესაბამისმა ორგანოებმა მათი დაპატიმრების გადაწყვეტილება? - პოლიტიკოსი ასე პასუხობს:

„დაუსჯელობის განცდას ქვეყანაში აჩენს ის, როცა ის ადამიანები არიან დაუსჯელნი, რომელთანაც კოჰაბიტაციაში იყო შესული „ქართული ოცნება“. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში გამომძიებლებად, პროკურორებად და მოსამართლეებად მუშაობდნენ და ისინი დღეს დაწინაურებულები არიან. საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებსა და დაკვეთებს ასრულებდნენ. ეს აჩენს დაუსჯელობის სინდრომს და არაფერი სხვა. მე ვსაუბრობ ადეკვატური დასჯის აუცილებლობაზე“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესს“.

შეგახსენებთ, ინციდენტი 21 მარტს მოხდა, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" წევრები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდენ. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც სამართალდამცი ორგანოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მოგვიანებით შსს-მ შსს-მ "რუსთავი 2"-თან მომხდარი დაპირისპირების გამო "ქართული მარშის" 5 წევრი დააკავა.

"მარშის" პროტესტი გადაცემა "პოსტკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტთან დაკავშირებით გაკეთებულ მონოლოგს მოჰყვა, როდესაც გაბუნიამ განაცხადა:
"მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად".

ცნობისთვის, დაკავებული "მარშის" წევრების ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს და დაპატიმრებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
FaceBook Twitter Google