ჩვენ შესახებ
დარბაზის დებულება

პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დარბაზი წარმოადგენს საკონსულტაციო-წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების განხილვა, საჭირო და დროული რეკომენდაციების შემუშავება და  მათი ცხოვრებაში გატარების მხარდაჭერა.

დარბაზის შემადგენლობაში შედიან ადამიანები, რომლებიც ცნობილნი არიან მთელ საქართველოში როგორც დიდი პატრიოტები, თავისი საქმის პროფესიონალები და მაღალი რანგის სპეციალისტები.

დარბაზს თავმჯდომარეობს პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ლიდერი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ხოლო მის არყოფნის დროს - პარტიის გენერალური მდივანი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია. დარბაზთან მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტიის მთავარი საბჭოს წევრები. დარბაზის მუშაობას კოორდინაციას უწევს მთავარი საბჭოს წევრი - მანანა სალუქვაძე.

დარბაზი იკრიბება რეგულარულად (თვეში ერთხელ), ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, უფრო ხშირად და იხილავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, სხვადასხვა ტიპის აქტუალურ საკითხებს, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ კანონპროექტებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პარტიის მთავარ საბჭოს. მთავარი საბჭო განიხილავს დარბაზის რეკომენდაციებს უმოკლეს ვადაში.

დარბაზი ასევე განიხილავს პარტიის პროგრამას და წარადგენს სათანადო რეკომენდაციებს მის დასახვეწად.


დარბაზი თანამშრომლობს პარტიის მთავარ საბჭოსთან და პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლობებთან;

 

პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დარბაზის
I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1


1. პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დარბაზი იქმნება პარტიის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. დარბაზი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და  სხვა აქტებით.
3. დარბაზის უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

II. დარბაზის ძირითადი ამოცანები

მუხლი 2

1. დარბაზის ძირითადი ამოცანებია:

ა)  ჩამოაყალიბოს და პარტიის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე,სხვადასხვა ტიპის აქტუალურ საკითხებზე, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ კანონპროექტებზე;  შეიმუშავოს სათანადო რეკომენდაციები;
ბ)  პარტიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები  პარტიის  პროგრამის დასახვეწად;
გ)  ითანამშრომლოს პარტიის მთავარ საბჭოსთან და პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლობებთან;

III. დარბაზის სტრუქტურა
მუხლი 3


1. დარბაზის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“  თავმჯდომარე და მთავარი საბჭო.
2. დარბაზს უძღვება პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს - პარტიის გენერალური მდივანი.
3. პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დარბაზის მუშაობას კოორდინაციას უწევს მთავარი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.


IV. დარბაზის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4


1. დარბაზი იკრიბება მინიმუმ თვეში ერთხელ
2. დარბაზის სხდომებს იწვევს პარტიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, გენერალური მდივნის და მთავარი საბჭოს თხოვნით ან დარბაზის წევრების უმრავლესობის მოთხოვნით;
3. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს დარბაზი პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით;
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: 
პარტიის თავმჯდომარეს;
პარტიის გენერალურ მდივანს;
მთავარი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს;
ივ. დარბაზის არანაკლებ 5 წევრს.
5. დარბაზი  ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს პარტიის მთავარი საბჭოსთვის წარსადგენად. მთავარი საბჭო ვალდებულია განიხილოს დარბაზის რეკომენდაციები.
6. დარბაზის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დარბაზის წევრთა უმრავლესობა.
7. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დარბაზის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დარბაზის თავმჯდომარის ხმა.

 

FaceBook Twitter Google