გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო კრების“ თბილისის შეკრებაზე

15.03.2011, კალათბურთის სასახლე

მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოებავ!

მოგესალმებით, ძვირფასო ახალგაზრდებო!

ახალგაზრდებო, ძალა ხალხშია, ძალა თქვენშია! ჩვენ თქვენთვის გვინდა ეს ქვეყანა. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრობდეთ; მიხარია, რომ დღეს აქ ხართ ახალგაზრდები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის როგორ საქართველოში იცხოვრებთ; დღეს თქვენი აქ ყოფნა  ნიშნავს იმას, რომ თქვენ გინდათ ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ, ღირსეულ საქართველოში იცხოვროთ და თქვენ აუცილებლად იცხოვრებთ ასეთ საქართველოში.


დღეს ახალგაზრდები ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ. ისინი სხედან ჩვენს ზურგს უკან იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ დაინახოს, დიახ!, ჩვენ ახალგაზრდები გვიმაგრებენ ზურგს; ამ ახალგაზრდებს წინ წარვუძღვებით, მაგრამ თუ საჭირო გახდა გადავეფარებით ჩვენ, უფროსი თაობის ადამიანები.

ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და საქართველოში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც აღარასოდეს დაუშვებს ახალგაზრდების წინასწარ წაგებულ ომში ჩართვას; რომელიც აღარასოდეს დაუშვებს უდანაშაულო ადამიანების, უდანაშაულო ახალგაზრდების დაღუპვას; რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამ ახალგაზრდებმა შეძლონ  საკუთარი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ და არა უცხოეთში გარბოდნენ იმისათვის, რომ მშობლები, თავიანთი ძმები და დები გამოკვებონ. ეს ქვეყანა ამ ახალგაზრდებისაა და ისინი  აუცილებლად იცხოვრებენ ღირსეულ ქვეყანაში.

ჩვენთვის საქართველოს წარსული მაგალითია. წარსულში რთული  დღეები მრავლად გვქონია და საქართველოს ბევრჯერ უჩვენებია, რომ ვერარა ხელისუფალი, ვერარა დამპყრობელი ვერ დააჩოქებს და ვერ გააჩუმებს ქართველ ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ „სახალხო კრებას“ უამრავი ადამიანი კიდევ შემოუერთდება. დღეს „სახალხო კრების“ რიგებში ათიათასობით ადამიანია, რომელთაც  ასიათასობით ადამიანი, საკუთარი ხელმოწერით უმაგრებს ზურგს  და ჩვენს გვერდით დგას. დარწმუნებული ვარ, როცა თითოეული ჩვენგანი მივიტანთ მართალ სიტყვას თითოეულ ოჯახამდე, ეს რიცხვი მილიონები გახდება. ის მილიონი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად წავიდეს. ჩვენ ყველანი ერთად ჩავდგებით იმ უღელქვეშ, რასაც საქართველოს უღელი ჰქვია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ჩვენ ამ უღელს,  დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ღირსეულად გავწევთ.

მივმართავ ყველას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ამ დარბაზში და ბევრ სხვა დარბაზში, სადაც შეხვედრები გვქონდა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ, უფრო სწორად, რომლებმაც შიში დაძლიეს, შიში გადალახეს. აქ ახალგაზრდების სახელით, „სახალხო კრების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მათ არ ეშინიათ. ამ ახალგაზრდებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ყველამ  ვინც ამ დარბაზშია და ვინც ამ დარბაზს გულშემატკივრობს, იცის, რომ საშიშია მოხვდე ხელისუფლების „შავ სიაში“, რადგან ხელისუფლება შეეცდება შეგაშინოს, დაგსაჯოს, მაგრამ თუ გადალახავ ამ შიშს, მოხვდები სიაში, რომელსაც საქართველოსთვის მებრძოლთა სია ჰქვია და ამ სიაში ყოფნა კი ძალიან საპატიოა.

მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს შორიდან გვიყურებს, - გადალახეთ შიში, დადექით ყველანი ერთად. ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად, უსისხლოდ წავიდეს. დიახ!, ამ ქვეყანას დღეს, სამწუხაროდ, რევოლუცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, სჭირდება და ჩვენ, თუ სხვა გამოსავალს არ დაგვიტოვებენ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ!

მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ თუნდაც დამნაშავეებზე ხელის აღმართვას, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ჩვენზე ხელს აღმართავს, ძალიან მწარე პასუხს მიიღებს. მინდა ყველას  ვუთხრა, ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო; ჩვენ სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი მსოფლიო მხარს დაგვიჭერს ისე, როგორც დაუდგა ეგვიპტელ და ტუნისელ ხალხს.

მივმართავ საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, - არასოდეს არის გვიან საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგომა. დადექით თქვენ ხალხთან ერთად. მივმართავ საქართველოს პოლიციას და საქართველოს ჯარს, - ემსახურეთ თქვენს სამშობლოს, თქვენს ხალხს და არა ხელისუფლებას.

მჯერა, რომ თუ ქართულმა მილიციამ, რომელსაც აგდებულად იხსენიებს ჩვენი პრეზიდენტი და ხელისუფლება, შეძლო საკუთარი ხალხის დაცვა 1989 წლის 9 აპრილს, სამართლიანობისთვის მებრძოლ საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად დაიცავს დღევანდელი პატრული და დღევანდელი ჯარი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დადგებიან იქ, სადაც სამართალი მოდის, საქართველოს მოსახლეობის სამართალი მოდის.

ჩვენ დავამარცხებთ მოდერნიზებულ ბოლშევიზმს. დიახ, დღეს საქართველოს ბოლშევიკები მართავენ; მართავენ დასავლური ფასეულობებით შეფუთული ბოლშევიკური ტრადიციებითა და მეთოდებით. დიახ, დღეს საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია; დიახ, დღეს საქართველოში ხელისუფლებაში ბოლშევიკები არიან. ჩვენ მთელ მსოფლიოს, მთელ საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და რომ ქართველი ხალხი შეძლებს ღირსეული და დემოკრატიული საქართველოს აშენებას.

დღეს ჩვენს ქვეყანს, უპირველეს ყოვლისა,  გადარჩენა სჭირდება. ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას თუ არ გადავარჩინეთ. თუ არ შევქმენით იმის საფუძველი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ; ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, დიახ, ჩვენ უნდა გავაგებინოთ საქართველოს მოსახლეობას, უნდა ვუთხრათ მათ, რომ ამ ხელისუფლების მოშორების შემდეგ, ნამდვილი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას გაუჩნდება შანსი, გამთლიანდეს, დაიბრუნოს ის ხალხი და ის მიწები, რომლებიც ამ ხელისუფლების უგუნურების გამო დავკარგეთ; შევქმნით სამუშაო ადგილებს, რომ ქართველები სხვაგან მოსამსახურედ არ მიდიოდნენ.

ჩვენ დღეს გავახმოვანებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას სრულიად საქართველო დაუჭერს მხარს. ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება, რადგან  „სახალხო კრებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს გაურიგდებიან ხლისუფლებას; „სახალხო კრებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც არ დაიხევენ უკან, არ შეუშინდებიან ბრძოლას. ჩვენ ვიცით, ჩვენ ხელშია ყველაზე დიდი იარაღი, რაც კი ქვეყანაზე არსებობს. შეიარაღებულები არიანო, - ამბობს ხელისუფლება, დიახ, ჩვენ ყველაზე დიდი იარაღი, ყველაზე ძლიერი იარაღი გვაქვს, ეს არის სიმართლე,  ჩვენი სამშობლოს სიყვარული და თავდადება, რომლითაც ჩვენ ამ ქვეყნას, ჩვენ სამშობლოს აუცილებლად გადავარჩენთ.

დიდი მადლობა.

FaceBook Twitter Google