გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა გურიის სამხარეო კონფერენციაზე
მოგესალმებით!

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის მთავარი საბჭოს ყველა წევრს და განსაკუთრებით, ქალბატონ მანანა სალუქვაძეს აქტიური მუშაობისთვის. თქვენ შეძელით უამრავი ადამიანისთვის მიგეწვდინათ ხმა და აქ მოგეყვანათ. ჩემთვის დიდი პატივია გურულების წინაშე გამოსვლა; დიდი პატივია აქ შეკრებილებს რომ გხედავთ. მიუხედავად ყოველდღიური პრობლემებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, თითოეულ თქვენგანს აწუხებს და რომელთა მოგვარებასაც არა და არ დაადგა საშველი, თქვენ ჩვენთან შესახვედრად მაინც მობრძანდით.

ვიდრე ჩემი გამოსვლის მთავარ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა გურიის სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარმოგიდგინოთ ქალბატონი მანანა სალუქვაძე. სხვათა შორის, გურია ერთადერთი რეგიონია, სადაც სამხარეო ორგანიზაციას ჩვენი მთავარი საბჭოს წევრი ხელმძღვანელობს. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის ოზურგეთის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ვანო ტაბატაძე.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და ჩემი და ჩემი თანაპარტიელების მოსაზრებები გაგიზიაროთ არსებულ რეალობასთან, იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია; რა პრობლემების წინაშე ვართ და რატომ ვლაპარაკობთ ცვლილებების აუცილებლობაზე. რამდენიმე წუთით დარბაზში შემოსვლა დამაგვიანდა იმის გამო, რომ ქალბატონმა, რომელიც ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტია, ინტერვიუ მთხოვა. გამომდინარე იქიდანაც, რომ თქვენ ინფორმაციულ ვაკუუმში ბრძანდებით და ობიექტური ინფორმაციის მიღების ნაკლები შესაძლებლობა გაქვთ, ქალბატონმა სავსებით სამართლიანად დამისვა შეკითხვა: „ქალბატონო ნინო, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებიდან წამოხვედით, რატომ არის დღეს თქვენი პოზიცია ამდენად რადიკალური, რატომ ითხოვთ იმ პრეზიდენტის გადადგომას, რომელიც ერთი წლის წინ მეტ-ნაკლებად სარგებლობდა თქვენი მხარდაჭერით?“ მე არ მგონია, რომ ამ დარბაზში ადამიანებს სჭირდებოდეთ იმის ახსნა, თუ რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არც მანამდე იყო. მე სრულად ვაცნობიერებ იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არსებობდა. მე ვიცი, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ეს პრობლემა გუშინ და დღეს ნამდვილად არ გაჩენილა. ამ პრობლემას, სამწუხაროდ, იმ პერიოდში ჩაეყარა საფუზველი, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში. თუმცა იყო ძალიან ბევრი სასიკეთო, რაც პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ მიდის, რომ თანდათანობით პრობლემები მოგვარდება, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ. უკეთესი მომავლისთვის ბევრ რამეს ვითმენდი მეც. ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა ბევრ რამეზე არ ვსაუბრობდი. თუმცა აბსოლუტურად ვიყავი დარწმუნებული, რომ ბევრი უსამართლობა ხდებოდა არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც და თბილისშიც. უსამართლობა ხდებოდა კერძო საკუთრებასა და მიწასთან დაკავშირებით, ხდებოდა უსამართლო დაპატიმრებები. ციხეში სვამდნენ მათ, ვისაც ხელი წაუცდა და 3, 5 ან 10 ლარი მოიპარა, პარალელურად კი საქართველოში პირველად ყალიბდებოდა ელიტარული კორუფცია. მაღალი თანამდებობის პირები წარმოუდგენელ, ასტრონომიულ თანხებზე ლაპარაკობდნენ. გზაც რომ ააშენო, ელექტროენერგიითაც რომ უზრუნველყო მოსახლეობა, ხელფასებიც რომ დაარიგო, ნორმალური ქვეყანა მაინც ვერ აშენდება, თუ ადამიანს არ აქვს იმის განცდა, რომ უსამართლოდ არ დაიჭერენ. დაუშვებელია, რომ ადამიანს დასჭირდეს 3 ლარის მოპარვა იმისთვის, რომ შვილს წამალი მიუტანოს, ხელისუფლებაში კი, მოკალათებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მილიონებს კი არა, უკვე ათეულ მილიონებს ითვლიან. მე ვიცოდი, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა საქართველოს პარლამენტის წინ. 2007 წლის აგვისტოში, როცა ქონების ლეგალიზაციის საკითხს ვიხილავდით, მქონდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კამათი ხელისუფლებასთან. მაშინ პრეზიდენტს, თბილისის მერს, გენერალურ პროკურორს და რამდენიმე ადამიანს პარლამენტში კატეგორიულად ვუთხარი: „თქვენ ისე იზამთ, რომ ათიათასობით ადამიანს მოიყვანთ პარლამენტის წინ პროტესტის გამოსახატავად“. მაშინ ვთქვი, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტთან ხალხი მოვიდა საკუთარი პროტესტის გამოსახატად, მოვიდა ღირსებაშელახული და გაბრაზებული ხალხი; მოვიდნენ ადამიანები, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერნიც, იმისთვის, რომ ჩვენთვის ეთქვათ: „შეცვალეთ არსებული რეალობა“. 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მქონდა იმის იმედი, რომ ხელისუფლება ჭკუას ისწავლიდა. ხშირად მსაყვედურობენ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ რატომ არ გადადექიო. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი რომ არ გადავდექი. მე ამით ქვეყანას ძალიან დიდი უბედურება, დიდი ტრაგედია, სისხლისღვრა ავაცილე. გუშინ შეხვედრა მქონდა დევნილებთან, შემდეგ ექიმებს შევხვდი, ჩვენთან მოსულები იყვნენ ქარელიდან ჩამოსული ახალგაზრდები, რომელთაც პარტიასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი ყველაზე მეტად აქტიურობდა. მოვიდა და მითხრა: „თქვენი მჯერა, ქალბატონო ნინო, იმიტომ, რომ ვიცი, რასაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით ამბობთ, ყველაფერი მართალია. მე აქტიური ადამიანი ვარ. ქარელის რაიონში ბევრი მიცნობს, ბევრი მეგობარი მყავს. მე მახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მთხოვეს, შემეგროვებინა ბიჭები, ავტობუსებით თბილისში წამომეყვანა, ხელისუფლებისთვის მხარი დაგვეჭირა და მომიტინგეები დაგვერბია. მე და ჩემს ირგვლივ მყოფმა ყველა ბიჭმა მაშინ უარი ვთქვით და შემდეგ გიყურეთ ტელევიზიით, კანცელარიის წინ როგორ შლიდით თბილისში რაიონებიდან ჩამოსულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, როგორ ცდილობდით, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო“. მინდა გითხრათ, ნამდვილად ძალიან გამიხარდა ამ ახალგაზრდა ბიჭმა რომ დაადასტურა ეს ფაქტი. ამგვარი ფაქტები ძალიან ბევრი იყო, თუმცა დღეს არც ისე ბევრია ადამიანი, რომელსაც ეყოფა გამბედაობა თქვას, თუ რას აკეთებდა ნინო ბურჯანაძე მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო. აგვისტოს მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, თუ როგორი იყო ჩემი როლი, მაგრამ ამაზე ცალკე, სხვა დროს შეიძლება ვილაპარაკოთ. დღეს ჩვენთვის ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი; თითოეულმა თქვენგანმა კარგი ანალიზი უნდა გააკეთოს, თუმცა გურულებს ეს არ გეშლებათ. რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში? ხელისუფლებისთვის არც 7 ნოემბერი და არც სხვა მრავალი შეცდომა გაკვეთილად ვერ იქცა. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით წამოვედი ხელისუფლებიდან მაშინ, როდესაც ხელისუფლება მეხვეწებოდა დავრჩენილიყავი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ნებით ვთქვი უარი უმაღლეს თანამდებობაზე. უარი ვთქვი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ეს ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს და რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას დაღუპავს. სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ხელისუფლებამ ქვეყანა ჩართო წინასწარ წაგებულ ომში, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%. მართალია პრეზიდენტი ამბობს, მერე რა მოხდა, ორი რაიონი დავკარგეთო, მაგრამ ეს ორი რაიონი 114 სოფელია. აგვისტოში უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ჩვენ წინა კვირას გორში გვქონდა ანალოგიური კონფერენცია. მე ძალიან ბევრი ატირებული მამაკაცი ვნახე. ქალის ცრემლს ყველანი შეჩვეულნი ვართ, მაგრამ კაცის ცრემლი ძალიან ძნელი საყურებელია. ადამიანებმა დაკარგეს ძალიან ბევრი რამ, უპირველეს ყოვლისა დაკარგეს თავიანთი ახლობლები, დაკარგეს საკუთარი ხელით აშენებებული სახლები და დღეს საკუთარ მიწაზე დევნილები არიან. არ შემიძლია თითიოეულ თქვენთაგანს არ გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ადამინების ხსოვნას, რომლებიც ამ ბრძოლაში დაიღუპნენ. დიდი მადლობა!

რატომ ითხოვს დღეს `დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” პრეზიდენტის გადადგომას? რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ უკიდურესი ზომებისთვის მიგვემართა და რადიკალური მოთხოვნა დაგვეყენებინა? არსებული კრიზისის დასაძლევად დღეს ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაა. ქართველებმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ აპატიონ ხელისუფლებას, მაგრამ არ აპატიებენ ტყუილს. ყველაზე ცუდი, ყველაზე მიუღებელი, რაც ამ ხელისუფლებამ, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, დაამკვიდრა არის უსინდისო ტყუილები. ტყუილები, რომლითაც ეს ადამიანები კონტროლირებადი მედიის მეშვეობით კვებავენ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენს ხელისუფლებას ყოფნის თავხედობა, წაგებულ ომზე იძახოს `ომი მოვიგეთო”. მაშინ, როდესაც კოდორში და ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთში ჩვენი ბიჭები დაუმარხავი იყვნენ, როდესაც კოდორს ჩვენი ჯარის ნაწილები ტოვებდნენ, ხელისუფლებას ეყო თავხედობა, რუსთაველზე ხალხი მოეპატიჟებინა, მოეტყუებინა ადამიანები და ეთქვა, რომ ჩვენ ამ ომში გამარჯვებას მოვიპოვებდით. ტყუილია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აგვისტოს მოვლენებმა მოგვცა შესაძლებლობა საქართველოზე მსოფლიო ალაპარაკებულიყო. ლაპარაკი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ჩვენზე ალაპარაკდნენ, როგორც უგუნური ხელისუფლების მქოდნე ერზე. ერზე, რომელიც საკუთარმა ხელისუფლებამ დამარცხებისათვის გაწირა. ხელისუფლების ვაჟკაცობა არ გამოიხატება არარსებულ კუნთებზე ყურებაში, ხელისუფლების ვაჟკაცობა არ გამოიხატება სხვა ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფაში. ხელისუფლების ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი არ არის ის, რომ შენ ხმამაღლა იყვირო, რომ რუსებს არ დაელაპარაკები. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ყველასთან დალაპარაკება და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. დარწმუნებილი ვარ, გურულებს ახსნა არ დაგჭირდებათ, თუ რას ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, მერე რა, რომ ორი რაიონი დავკარგეთ, მერე რა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზებია, მერე რა, რომ ბომბორას აეროდრომზე დამატებითი ბომბდამშენები არიან. მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნის შეიარაღების განთავსების ადგილი და ჩვენი ხელისუფლებისთვის არა. ჩვენთვის თურმე მნიშვნელობა არ აქვს რაკეტა კავკასიონის გადაღმა იქნება თუ აგერ, ყურის ძირში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორ შეიძლება ენდო ხელისუფლებას, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს ოფიციალურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ რუსეთს არ დაველაპარაკებით, მანამ, სანამ ბოლო რუსის ჯარისკაცი არ გავა საქართველოს ტერიტორიიდან. როგორ შეიძლება დატოვონ რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს ტერიტორია ისე, თუ არ დაელაპარაკები? დალაპარაკების გარეშე, როგორ მიაღწევ რაიმე შეთანხმებას? მეორეს მხრივ, თუ არ ელაპარაკები, მაშინ როგორ აძლევ ენგურჰესს, როგორ აძლევ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს და როგორ უშვებ, რომ საქართველოს საკუთარი სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გარეშე ტოვებ. გაზეთ `კომერსანტთან” ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს ავიწყდება, რომ საქართველოს შეუძლია მე-18 თაროზე გადადოს რუსულ-ქართული ურთიერთობები და საერთოდ დაივიწყოს რუსეთის არსებობა. რანაირად უნდა დავივიწყოთ რუსეთის არსებობა? როგორ შეიძლება საქართველომ თავს უფლება მისცეს, დაივიწყოს ნებისმიერი მეზობელი სახელმწიფო და მით უმეტეს რუსეთი; ქვეყანა, რომლის ჯარისკაცებიც თბილისიდან პრაქტიკულად 20 წუთის სავალ გზაზე არიან. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ რუსეთი, თუ დავივიწყებთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი, ახალგორი, პერევი და კოდორი ჩვენი იყო; თუ დავივიწყებთ, რომ დევნილებს საკუთარი სახლები და ახლობლების, ოჯახის წევრების საფლავები ენატრებათ; თუ დავივიწყებთ, რომ ჩვენთვის გასაღების ბაზარი რუსეთი იყო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ჩინეთი, ავსტრალია, ბრაზილია არ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ რუსეთის არსებობა დაივიწყოს. ეს ქვეყნები უწევენ ანგარიშს რუსეთს, არა თუ ჩვენ. შეიძლება ჩვენი ქვეყანა იმ ხელისუფლების ხელში იყოს, რომელიც ამბობს, რომ დაივიწყებს რუსეთს და მე-18 თაროზე გადადებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს? ეს ხელისუფლება ვერ მოაგვარებს ვერც თითოეული თქვენგანის და ვერც აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემებს. ეს ადამიანები ვეღარ შეძლებენ დაელაპარაკონ მსოფლიოს იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო ჩვენს პრეზიდენტში ხედავს არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ხედავს არაადეკვატურ ადამიანს, რომელმაც ქვეყნისთვის ტრაგიკული შეცდომა დაუშვა. ადამიანს, რომელმაც ხვალ შესაძლოა უარესი უბედურება დაგვმართოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, ეს პრეზიდენტი გადადგეს და ქვეყანამ ნორმალური ლიდერი აირჩიოს. ჩვენ დღეს გვაშინებენ, რომ რუსეთი აპირებს საქართველოზე ახალი აგრესიის განხორციელებას და ამიტომ არანაირი არჩევნებისა და პოლიტიკური ცვლილებების დრო არ არის. მერწმუნეთ, თუ რუსეთი ომს დაიწყებს, ხელს ვერავინ შეუშლის. აგვისტოს მოვლენების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყნას პატრონი არ ჰყავს. ჩვენი არმია ჯარისკაცების ამარა დარჩა, მთავარსარდალი კი გაიქცა. გარწმუნებთ, დღეს რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან ომი. რუსეთი, ჩვენი პრეზიდენტის ხელშეწყობით, მშვენივრად ახერხებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები მსოფლიო პოლიტიკის  დღის წესრიგში მე-5 ან სულაც მე-10 ადგილზე გადაიტანოს. დღეს რუსეთი ახერხებს დაალაგოს ურთიერთობები ნატოს-თან, ევროკავშირთან და აშშ-სთან. რუსეთს დღეს საქართველოსთან ომი და საქართველოს დასაცავად  დასავლეთის ამაღლებული ხმა არაფერში სჭირდება. დღეს  თუ ვინმეს აწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ომი და  რაიმე ტიპის პროვოკაცია, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. რისთვის დაიწყებს დღეს რუსეთი ომს? ჩვენმა ხელისუფლებამ მას ხომ უკვე ყველაფერი ჩააბარა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამას გაბედავდა და მერე იტყოდა, მერე რა მოხდაო. „მერე რა მოხდა ორი რაიონი რომ დავკარგე, სავარძელი ჯერ კიდევ შენარჩუნებული მაქვს“, - ალბათ ეს არის პრეზიდენტის „მერე რა მოხდას“-ს ლოგიკური გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ამას თქვენ არავის აპატიებთ.

ნამდვილად არ მინდა იფიქროთ, რომ მე აქ მხოლოდ ზოგად სახელმწიფოებრივ  პრობლემებზე სასაუბროდ მოგიწვიეთ და არ ვიცი იმ პრობლემების შესახებ, რაც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე კარგად ვიცი, რომ არც ერთ სოფელთან წესიერი მისასვლელი გზა არ არსებობს; კარგად ვიცი, რომ დღემდე პრობლემად რჩება კომუნალური მრიცხველები; ვიცი, რომ არც ერთი, ხელისუფლების მიერ დაპირებული 100 საწარმოდან, პრაქტიკულად, არ აშენებულა. ადამიანები თავდაუზოგავად შრომობენ, მოსავლის ჩაბარებას კი ვერ ახერხებენ. გუშინწინ კახეთში ვიყავი, იქაურებმა მითხრეს, რომ ბოლო დროს კახეთში გამოთქმად დამკვიდრდა, „გაზაფხულზე ვაზი ტირის და შემოდგომაზე გლეხიო“. ეს ყველაზე მძიმე მოსასმენი სიტყვები იყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშრომელ გლეხს სატირლად არ ჰქონდეს საქმე.

თქვენთან შეხვედრამდე დაბა ნასაკირელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცისგან წერილი მივიღე. „ვცხოვრობ ძალიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში. გთხოვთ, როგორმე რამე სამუშაო ადგილით დამეხმაროთ. ვარ 4 შვილის მამა; მშობლები ძალიან ავად არიან. გთხოვთ, სამუშაო ადგილი მაშოვნინოთ, რომ ოჯახს დავეხმარო. ვარ პროფესიით მძღოლი“. წერილს ბოლოში აქვს მინაწერი - „რაიმე ცუდ საქმეებში შემჩნეული არ ვარ“. მე არ ვიცი უახლოეს 1 ან 2 თვეში შევძლებ თუ არა ამ ადამიანის დახმარებას, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ თქვენც და ამ ახალგაზრდა კაცმაც, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა გაგვიჩნდება, ჩვენ ამ ადამიანს დავეხმარებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოსახლეობას ხშირად ვხვდები და არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ მათ უარი ეთქვათ შრომაზე და სახელმწიფოს დახმარების იმედად ყოფნა მოეთხოვათ. დევნილებიც კი, რომლებსაც დახმარების მოთხოვნის ყველაზე მეტი უფლება აქვთ, სამუშაოს ითხოვენ. ადამიანებს უნდათ საკუთარი შრომითა და გარჯით მოიპოვონ სარჩო, სახელმწიფო კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ სამთვიანი ე.წ „დასაქმების პროგრამა“, რომლებშიც მილიონები გადაიყარა ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანდა ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრება არავინ გაითვალისწინა.

ჩვენი პარტია აუცილებლად წარმოგიდგენთ სამოქმედო პროგრამას. ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ ერთ ან თუნდაც ორ წელიწადში ქვეყანას ავაყვავებთ, ამას ვერავინ გააკეთებს; ვერ დაგპირდებით, რომ ხელისფულებაში მოსვლისთანავე ყველა ადამიანს დავასაქმებთ, მაგრამ ნამდვილად გპირდებით, რომ აღარ იარსებებს ვითომდა დასაქმების სამთვიანი პროგრამები და შეიქმნება რეალური სამუშაო ადგილები. თავიდან, ალბათ, ცოტა, ხოლო შემდეგ უფრო მეტი და მეტი. ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 1 ან თუნდაც 5 წელიწადში აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა მოგვარდება. მერწმუნეთ, არ დაუჯეროთ იმას, ვინც ამას შეგპირდებათ. სამწუხაროდ, ხელისფულებამ აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას ძალიან დაგვაშორა. მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან. თანდათან აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი და ვიყოთ ის ხელისუფლება, რომელსაც ხალხი ენდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ; ხელისუფლება, რომელიც თავისი სიტყვის პატრონია და რომელიც ასჯერ გაზომავს ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს.

კარგად ვიცი, რომ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. ის სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც ამ კუთხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დამახასიათებელია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ვერც ერთი სახელმწიფო და, მით უმეტეს პატარა საქართველო, ვერ შეძლებს სოფლის მეურნეობის ყველა დარგის სუბსიდირებას, მაგრამ ტრადიციული დარგები სახელმწიფოს ყურადღების და სუბსიდიების გარეშე არ უნდა დარჩეს. ქართველი გლეხი დახმარების გარეშე ფეხზე ვერ დადგება. ამიტომ, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებისთვის დახმარების გამოყოფა თავის თავზე უნდა აიღოს.

ვიდრე ჩემს გამოსვლას დავამთავრებდე, მინდა დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას მივუბრუნდე. ხელისუფლება ცდილობს თითოეული თქვენგანის ყურადღება სოციალურ საკითხებზე გადაიტანოს. პარლამენტში პრეზიდენტმა  ერთსაათიან გამოსვლაში მხოლოდ 5 წუთი დაუთმო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და 5 წუთი -საერთაშორისო ურთიერთობებს. მან ილაპარაკა სოციალურ  პრობლემებზე, დაზღვევაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. არ მინდა იფიქროთ, მიმაჩნდეს, რომ ცუდია პრეზიდენტი ყურადღებას სოციალურ საკითხებს რომ უთმობს. ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ცუდია,
 როდესაც პრეზიდენტი ღიად იტყუება და 5 -ლარიანი დაზღვევით 8000 - ლარიანი ოპერაციის გაკეთებს გპირდებათ. ეს არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი დაპირება. ამგვარი შესაძლებლობა, ეკონომიკის მარტივი კანონებიდან გამომდინარე, არ არსებობს. ეს არის მცდელობა, რომ თითოეული თქვენგანის ყურადღება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხიდან გადაიტანონ იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, მაგრამ რომლებიც ნამდვილად ვერ მოგვარდება, თუ ქვეყანაში არსებული რეალობა არ შეიცვლება. დღეს ამ რეალობის შეცვლა ერთადერთი გზით არის შესაძლებელი. ეს გზა არის პირდაპირი დემოკრატია ანუ მიტინგები და მანიფესტაციები. ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები, რომლებსაც ჩვენ 9 აპრილიდან ვგეგმავთ, აიძულებს ხელისუფლებას, რომ წავიდეს, აიძულებს პრეზიდენტს გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ პრეზიდენტია. ამ პრეზიდენტის ხელში ვერც ერთი საკითხი პოზიტიურად ვერ გადაწყდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, ჩვენ, ცენტრისტულმა და კონსტრუქციულმა ძალამ, კონსტრუქციულმა და არარადიკალურმა პოლიტიკოსებმა რატომ დავიკავეთ რადიკალური პოზიცია, რატომ არ დავუჭირეთ მხარი რეფერენდუმს, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მისაღები გზა და მხარი დავუჭირეთ აქციებს. სამწუხაროდ, ჩვენ, ჩემი ჩათვლით, რადგანაც მეც ხელისუფლებაში ვიყავი, ვერ შევქმენით ნორმალური ქვეყანა, ვერ შევქმენით ის გარანტიები, რომლებიც დაგვარწმუნებდა, რომ რეფერენდუმი ჩატარდება სამართლიანად და რომ პრეზიდენტი არ გამოიყენებს საკუთარ ბერკეტებს. მე არ მრცხვენია ვაღიარო, რომ ხელისუფლების მეთოდებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი და ვერ ვიჯერებდი. ჩემთვის ძნელია გაუკუღმართებული ტვინით მოგონილი რაღაცეების წარმოდგენა და დაჯერება. სანამ მე და თქვენ, ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან მივხვდებით, თუ რა მეთოდებით გააყალბებს ხელისუფლება რეფერენდუმს, ძალიან გვიან იქნება. პრეზიდენტის არჩევნებიდან 3 თვის, ხოლო საპარლამენტო არჩევნებოან  4 თვის შემდეგ დაიდო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ეწერა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა. მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს თავში აზრად მოუვიდოდა უსამართლოდ დაჭერილი ადამიანების პატრონებისათვის დავალებები მიეცა, არჩევნებზე ხალხი არ მოვიდესო. ვიდრე ქვეყანაში ეს ხელისუფლება იქნება, რეალობა არ შეიცვლება. ამიტომ არ დავუჭირეთ ჩვენი მხარი რეფერენდუმს. დღეს ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია. ოპოზიციამ ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე და კრიტიკაზე დრო და ენერგია არ უნდა დახარჯოს.

გადავაყენოთ პრეზიდენტი და მერე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი რამდენიც გნებავთ. აქ მყოფ საზოგადოებას დღეს ნამდვილად არ გთხოვთ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას. როდესაც საარჩევნო შეხვედრები იქნება, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მომისმინოთ მე, მოუსმინოთ სხვა კანდიდატებს და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ. დღეს ამის დრო არ არის. დღეს ჩევნ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრეზიდენტი ვაიძულოთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით გადადგეს და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს. მინდა ერთი რამ გითხრათ. ყველგან, ყველა რეგიონში, სადაც შეხვედრები მაქვს, მე ადამიანების აღშფოთებას და გულისტკივილს ვხედავ. ხელისუფლებას ეგონა, რომ თუ ტელევიზიას თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევდა, თუ ამა თუ იმ გაზეთის ნომერს მთლიანად შეისყიდდა, სიმართლის  ხმა თქვენამდე ვერ მოვიდოდა. ხელისუფლება ძალიან შეცდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი იცის. ამიტომ, მე მწამს თითოეული თქვენგანის გონიერების, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რაიონიდან, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა რაიონიდან, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა თბილისში იმისათვის, რომ ჩვენ 9 აპრილს ყველას გავაგონოთ, რომ ქართველები, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არავის არ აპატიებენ ტყუილს, არავის არ აპატიებენ საკუთარი მიწა-წყლის გასხვისებას, არ აპატიებენ აბუჩად აგდებას და ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს. მჯერა, საქართველო არჩევანს ისეთ ღირსეულ ხელისუფლებაზე გააკეთებს, რომელსაც თქვენ, თითოეული ჩვენგანი იმსახურებს.

დიდი მადლობა!
FaceBook Twitter Google