გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა
14 აპრილი, აქცია

ჩვენ ყველანი ვპირდებით ერთმანეთს, რომ ბოლომდე ვიდგებით და ვიბრძოლებთ. დღეს ხელისუფლების მხრიდან გახმოვანდა ინიციატივები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ უნდა გახმოვანებულიყო.  ამ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი დრო აქვს.  როდესაც ჩვენ  ვითხოვდით, როდესაც ვამბობდით, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, ხელისუფლებამ  ჩათვალა, რომ თქვენი ხმის იგნორირება შეიძლებოდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველაფერი ნებაზე მიეშვა, გაეგრძელებინა ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი ხდებოდა და არავის არაფერი აწუხებდა. ახლა კი, როცა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხალხი ერთიანია, ერთიანია  ოპოზიციაც, მიუხედავად მისი გაყოფა-დანაწევრების მრავალი მცდელობისა,  დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ დაიძვრინონ თავი არსებული სიტუაციიდან. თქვენ ნახეთ, როგორი ენთუზიაზმით წავიდა ხალხი ავლაბრის რეზიდენციისკენ. მართლაც საოცარია ამდენი ადამინის ერთიანობა, ამდენი ადამიანის ერთსულოვანი მოთხოვნა, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. რა თქმა უნდა, ჩვენ პოზიტიური ნაბიჯების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნებისმიერი ცვლილება ფასადური იქნება, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ იქნება სისტემური ცვლილებები. და თუ ჩვენ დავიშლებით და ხალხის მოთხოვნას ვერ შევასრულებთ,  არაფერი შეიცვლება. ამიტომ,  მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად, თითოეული  ჩვენგანი, პირადად მე მყარად ვართ ჩამოყალიბებული, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას უკან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ აქციებს მანამ, სანამ არ გადადგება საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ეს არ არის  აკვიატებული იდეა.

ხელისუფლება რომ გონივრულად მოქცეულიყო, არავინ იყო წინააღმდეგი 2013 წლამდე ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში ცხოვრების რიტმს გაჰყოლოდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის პრობლემად იქცა  ადამიანი, რომლისგანაც მთელი ეს მანკიერი სისტემა მოდის. ადამიანი, რომელმაც მოახერხა  ისეთი სისტემის შექმნა, როდესაც მისი ნათქვამია კანონი. ამიტომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ცვლილება  პრეზიდენტით უნდა დავიწყოთ. პრეზიდენტის შეცვლას სხვა დანარჩენი, სისტემური ცვლილება მოჰყვება.  მოჰყვება იმ ადამიანების ცვლილებაც, რომლებმაც თქვენი ნდობა ვერ გაამართლეს.   ხელისუფლება დიალოგს გვთავაზობს, მაგრამ როგორ? ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი მოვიდა აქ თქვენთან? - არც ერთი. ეს  ნიშნავს, რომ მათთვის დიალოგი მხოლოდ ფარია. მათ დიალოგი მხოლოდ უცხოელების თვალში თავის მოსაწონებალად სჭირდებათ. მათ სურთ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას  კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს, რომ მზად არის დათმობებზე, მაგრამ ოპოზიციაა რადიკალური. მე, ისევე როგორც ძალიან ბევრმა თქვენგანმა, ძალიან კარაგად ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას აღარ აქვს დიალოგის არანაირი უნარი და ერთადერთი თემა, რომელზედაც პირადად მე მზად ვარ დაველაპარაკო მათ არა  კოალუციური მთავრობა, არა კოალიციურ მთავრობაში თანამდებობების გადანაწილება, არა რაღაც გაურკვეველი სისტემური ცვლილებებია, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის უსწრაფესი და მშვიდობიანი გადაყენება. ჩვენ ამ მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.  გპირდებით, რომ თითოეული ჩვენგანი, თქვენთან ერთად, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ.  პირობის დადების უფლებას კი,  მაძლევს თქვენი ერთიანობა, ის მოთხოვნები, რომელიც თქვენგან გვესმის.  ეს არის თქვენი, ხალხის  შეკვეთა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სააკაშვილი ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა. მთავარია, ვიყოთ ერთად  და არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ.  დარწმუნებული ვარ ჩვენ აუცილებლად  მივაღწევთ წარმატებას. ერთი წამით არ იკითხოთ - შევძლებთ? რა თქმა უნდა, შევძლებთ, რადგან ჩვენ ყველა ერთად ვართ და უკან ნაბიჯის გადაგმას არ ვაპირებთ. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვყანას. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.
FaceBook Twitter Google