გამოსვლები
თითოეული ჩვენთაგანის ვალია, აღვკვეთოთ ხალხის დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა

23 აპრილი, აქცია პარლამენტის წინ

ნინო ბურჯანაძის გამოსვლა


„დარწმუნებული ვარ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ პრეზიდენტის გადადგომას.


ჩემო ძვირფასებო, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველაზე ცუდი,რაც შეიძლება ხელისუფლებას თავში მოუვიდეს, ეს არის ძმათა წაკიდება, მათ შორის შუღლის გაჩაღება.

ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა საზოგადოების დაყოფას, რისი წინააღმდეგიც ყოველთვის ვიყავი. ხელისუფლებამ საზოგადოება დაყო ახალგაზრდებად და ხანშისესულებად, უცხო ენის მცოდნეებად და არმცოდნეებად, წარმატებულებად და წარუმატებლებად, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების და მიშას მომხრეებად.

ამ დაყოფა-დახლეჩის დაშვება არ შეიძლება. სწორედ ამან მიგვიყვანა იმ რთულ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს არის ქვეყანა.

სწორედ საზოგადოების დაყოფა და ძმათა წაკიდება დაგეგმა ხელისუფლებამ 2007 წელს, როდესაც მიტინგის დარბევის შემდეგ მან საიდუმლოდ გასცა ბრძანება, რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოეყვანათ ხალხი, რათა მომიტინგებს თავს დასხმოდნენ და ფიზიკურად გასწორებოდნენ.

მე ბევრჯერ მომისმენია თქვენგან კითხვაც და საყვედურიც იმის თაობაზე, თუ რატომ არ გადავდექი 7 ნოემბერს. იმიტომ არ გადავდექი, რომ თქვენთვის სამოქალაქო დაპირისპირება ამეცილებინა.

არსებობს კადრები, თუ როგორ დგას სახელმწიფო კანცელარიის წინ რეგიონებიდან ჩამოსული ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ერთი ნაწილი და დავალებას იღებს, დაერიოს საკუთარ ხალხს, დარბეულ მომიტინგეებს.

მე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრჯერ ვერ შევძელი საზოგადოების დაცვა, მაგრამ 2007 წლის ნოემბერში შევძელი თავიდან ამეცილებინა სამოქალაქო დაპირისპირება.

მე  ვიცი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  რომ ბრძანება რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანის ბრძანება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან  მოდიოდა.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის რაც დღეს დილით მოხდა, როდესაც რამდენიმე ქალბატონი დაუპირისპირდა მომიტინგეებს, ასევე არის სახელისუფლო კაბინეტებში დაგეგმილი პროვოკაცია.

მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს ნაციონალური მოძრაობა და დღეს ჩვენს გვერდით დგანან. ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება და საკუთარი ხალხის გვერდით დადგნენ. იმედი მაქვს, მათ კიდევ ბევრი ადამიანი მიბაძავს.

მე მოვუწოდებ ყველას, არ დაუშვათ, რომ პოლიტიკური პროტესტი პრეზიდენტის და მისი გუნდის წინააღმდეგ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, აღვკვეთოთ ხალხის დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი დაპირისპირება პროვოცირებული იქნება ხელისუფლების მიერ და მთელი პასუხისმგებლობა  პირადად მიხეილ სააკაშვილს  და ხელისუფლებას დაეკისრება.

ეს პასუხისმგებლობა კი ძაალიან  დაამძიმებს სააკაშვილის ისედაც მძიმე მდგომარეობას.

სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი დაპირისპირება თავიდან ააცილოს საკუთარ ხალხს და წავიდეს მშვიდობიანად, რადგან არავინ არასდროს არ აპატიებს არც მას და არც იმათ, ვისაც თუნდაც სულ მცირე წვლილი ექნება საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად პროვოცირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში“.


 

FaceBook Twitter Google