გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე „2008 წლის ომის შედეგები და კონფლიქტის მოგვარების გზები“

09.08.2010, სასტუმრო „ვერე პალასი"

არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის განვითარების არათუ შანსი, არამედ პერსპექტივაც არ არსებობს. ხელისუფლება ცდილობს ხალხი ბანგით დაათროს, ფეიერვერკებით გაართოს და დაავიწყოს ის ტრაგიკული ვითარება, რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს.


აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანა იმ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ ბედს ვეღარ ვწყვეტთ. საქართველოს ხვალინდელი დღე საქართველოში ვერ წყდება და ეს უნდა დამთავრდეს. თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ქართველები ვერასოდეს დაიბრუნებენ აფხაზეთსა და ოსეთს და, შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე საუბარს აზრი არ ექნება.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება, საქართველოსთვის აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პირდაპირ დიალოგზე, ჩვენს მოლაპარაკებებზე, აფხაზ  და ოს ხალხთან ჩვენი ურთიერთობების აღდგენაზე გადის. ჩვენმა პარტიამ ეს განცხადება ჯერ კიდევ პარტიის ჩამოყალიბების დროს გამართულ ყრილობაზე, 2008 წლის ნოემბერში გააკეთა, სადაც ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ხალხი და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ჯარისკაცები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპნენ, სააკაშვილის ავანტიურას შეეწირნენ. თუმცა, ეს არ ამცირებს მათ გმირობას. ისინი შეეწირნენ სამშობლოს სიყვარულს და ამას პატივი უნდა მიაგოს ქართველმა ერმა.


აუცილებელია სიმართლე ითქვას, ყველამ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები ვაღიაროთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რათა პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა და შემდეგ აფხაზი და ოსი ხალხის ნდობა მოვიპოვოთ.

„სახალხო კრების“ იდეა არის ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც საზოგადოებას შეუძლია სიმართლე გაიგოს.


ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ „სახალხო კრებაში“ და მის ირგვლივ არიან ადამიანები, არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში არსებული ვითარების სერიოზული ანალიზი გააკეთონ და პრობლემების გადაწყვეტის გზები დასახონ. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.


ის ადამიანები კი, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა მოაგვაროს საქართველოს მოკეთეები არ არიან. ვინც თვლის, რომ რუსეთი ჩვენთვის აღარ არსებობს ან უგუნურია, ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას, რათა შეგვაგუონ, რომ ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება.


დამნაშავე ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, სააკაშვილმა ძმათამკვლელი ომის გაჩაღების გამო პასუხი უნდა აგოს. არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

FaceBook Twitter Google