გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ აჭარის რეგიონალურ კონფერენციაზე

ქ.ბათუმი, 20.10.10.

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, ძვირფასო აჭარლებო!

ჩემთვის აჭარის მოსახლეობის წინაშე გამოსვლა ყოველთვის ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული, რადგან კარგად მახსოვს რამდენი ტკივილი და გაჭირვება, რამდენი უსამართლობა გადაიტანა ბევრმა თქვენგანმა. კარგად მახსოვს, როგორი უსამართლო იყო გარემო აჭარაში და როგორი იმედის თვალით გვიყურებდა ჩვენ, ახალ ხელისუფლებას აჭარის მოსახლეობა. მერწმუნეთ, თუ ვინმესთვისაა მტკივნეული ის, რომ დღეს აჭარაში ამდენი პრობლემაა, ერთ-ერთი უპირველესთაგანი ნამდვილად მე ვარ.


კარგად ვიცი, თითოეული თქვენგანის გაჭირვება, კარგად ვიცი რამდენჯერ გატკინეს გული, რამდენჯერ წაგართვეს, რამდენჯერ უკანონოდ დააპატიმრეს ადამიანები, რამდენი უსამართლობაა მიწებთან დაკავშირებით,.. ისიც კარგად ვიცი, როგორი მოლოდინია აჭარაში; მოლოდინია, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ კუთხეში, ისვე როგორც მთელ საქართველოში, ადამინს საკუთარი ღირსების შელახვის გრძნობა აღარ ექნება.


რა  შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს მაშინ, როცა კარგად ვიცით რა მდგომარეობაში არიან  ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხეში - აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში,.. ხომ გვეტყვის ის ხალხი, - თქვენ თქვენი თავისთვის ვერ მოგივლიათ, თქვენი ღირსება ვერ დაგიცავთ და ჩვენ რას გვთავაზობთო?


დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები დაინახავენ, როგორი ღირსეულია ჩვენი ქვეყანა, როგორ ღირსეულად და ამაყად ცხოვრობენ ადამიანები ყველა კუთხეში და, უპირველესად, აჭარაში, ისინი ნამდვილად დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ ჩვენთან ერთად ააშენონ ერთიანი და ძლიერი საქართველო.


სანამ ჩვენ საკუთარ ღირსებას არ დავიცავთ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ცხინვალი დაბომბა არ დაისჯება, მანამდე  აფხაზები და ოსები ჩვენ არ დაგველაპარაკებიან. არ შეიძლება საკუთარი ქვეყანა დაბომბო, არ შეიძლება ფიქრადაც კი გაივლო ის, რაც პრეზიდენტმა აჭარაში რევოლუციის დღეებში განაცხადა, - თუ საჭირო გახდა ბათუმს დავბომბავო; არ შეიძლება ამის დაშვება, ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლება. თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სააკაშვილმა ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისათვის პასუხი აგოს. ქართველმა ხალხმა თავაწეულმა უნდა თქვას, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება, რომ არასოდეს ერთმანეთს აღარ დავუშენთ არც ტყვიას, არც ყუმბარას და პრობლემებს ცივილიზებული გზით გადავწყვეტთ.


ცოტა ხნის წინ,  ჩვენი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ხურვალეთში დევნილებთან შესახვედრად იყო ჩასული. საამაყო ხელისუფლებამ  „სიურპრიზი“ მოგვიწყო და ხურვალეთში დაგვახვედრა შეშინებული თუ მოსყიდული ადამიანები, რომლებმაც შესაძლებლობა არ მოგვცეს დევნილებს შევხვედროდით. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, - არ მინდა დაბრუნება, აქაც კარგად ვარო. მე არასოდეს დავიჯერებ, რომ ეს დევნილის სიტყვებია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავისი კუთხე, თავისი სახლი დაკარგა, წინაპრებისა და ახლობლების საფლავი დატოვა, ყოველ ღამე ესიზმრება სამშობლოს ის ნაწილი, რომელიც მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. ხურვალეთში ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მკითხა, - ქალბატონო ნინო, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში აღარ ხართო. საქართველოს რუკა შეიცვალა, საქართველოს რუკა, რომელსაც ორი ძირძველი ქართული კუთხე, მართალია დროებით, მაგრამ ჩამოშორდა, ჩამოშორდა სააკაშვილის უგუნურების გამო. ჩვენ ვნახეთ ტკივილითა და ცრემლით სავსე კადრები, სადაც არ ჩანს არც ერთი პოლიციელი, არც ერთი სახელმწიფო მოხელე და ადამიანები საკუთარი ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი; ჩვენ ვნახეთ გაქცეული პრეზიდენტი, რომელსაც არ რცხვენია საკუთარ ხალხს ელაპარაკოს, თუმცა ხალხის, თითოეული თქვენგანის ძალიან ეშინია. მინდა ეს თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს.


თქვენი აქ მოსვლით დაიწყო იმ საფუძვლის ნგრევა, რასაც დათესილი შიში ჰქვია. თითოეულმა თქვენგანმა აქ მოსვლით მინიმუმ თითო აგური გამოაცალეთ იმ შიშის კედელს, რომელსაც სააკაშვილი მთელ საქართველოში აშენებს. მას იმდენად ეშინია, რომ დღეს მთელი მთავრობის თანხლებით ბათუმშია იმისათვის, რომ პირადად აკონტროლოს რა მოხდება დღეს ამ თეატრში, რამდენი ადამიანი მოვა და რას იტყვის.


ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, რა დგას ამ ფასადების უკან, რა დგას ამ მშენებლობების უკან, არ შეიძლება ვინმე მშენებლობის და სილამაზის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება, - კარგია რომ აშენდა, კარგია რომ გაკეთდა, მაგრამ რის ფასად? თუ ეს მშენებლობა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ფასი ღირს, თუ ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ ვალები, რომლებსაც  დღეს სააკაშვილი იღებს,  ასეთი მშენებლობები არ გვინდა.


ჩვენ მოსამსახურე ერად უნდათ რომ გვაქციონ. აჭარლები, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა ამაყი ხალხი ხართ. ჩვენ ყველას გვიყვარს სტუმარი და გამორჩეულად სტუმართმოყვარენი ვართ, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები  სხვების  მოსამსახურეები იყვნენ. ჩვენ, პირველ ყოვლისა, გვინდა, რომ ბათუმი, აჭარა, მთელი საქართველო ჩვენი და ჩვენი შვილების იყოს, სტუმრად მოსულებს კი, რა თქმა უნდა,  ყოველთვის ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ.


დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ ხელისუფლების გაშვებას და ამაში თითოეული თქვენგანის როლი გადამწყვეტი იქნება.


დღეს ამ ხელისუფლებამ საქართველოდან მხოლოდ ტერიტორია დატოვა. მოდით, შევხედოთ სიმართლეს თვალებში. ყოველ საღამოს, ყველა სატელევიზიო არხზე, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჩვენ ვუყურებთ საბჭოთა საინფორმაციოს ანალოგიას. ხელისუფლება ასეთი საინფორმაციო გამოშვებებით ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ქვეყანა აყვავებულია და ყველაფერი კარგად არის.  თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, როგორი აყვავებულიც არის ჩვენი ქვეყანა; თქვენ ხომ ყოველდღიურად გიწევთ ფიქრი, როგორ იყიდოთ პური და წამალი, რა ჩააცვათ და როგორ უყიდოთ წიგნები შვილს, რომელიც სკოლაში მიდის... თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ დღეს საქართველოს ბედი საქართველოში არ წყდება; იცით, რომ ეს ის სახელმწიფო აღარ არის, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში არა მარტო საკუთარი ადგილისთვის იბრძოდა, არამედ მას ჭკუასაც ეკითხებოდნენ, მიუხედავად ჩვენი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, მიუხედავად უდენობისა და  უგაზობისა. დღეს საქართველო მხოლოდ ტერიტორიაა, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ღირსეული სახელმწიფო ვერ იქნება. ერთ რამეში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობა უღირს ქვეყანაში ცხოვრებას არ აიტანს.


რა ქვეყანას ვაშენებთ დღეს?  ამ კითხვით პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა მივმართო. როგორი ქვეყანა უნდათ მათ? უნდათ მათ ქვეყანა, სადაც ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის ძეგლებს მოთხრიან, სადღაც გადააგდებენ და დადგამენ საეჭვო მორალური და მხატვრული ღირებულების რაღაც ქანდაკებას, რომელშიც ორმილიონნახევარს გადაიხდიან. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ გვინდა.


მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ ავალიანს და კიდევ უფრო დიდი მადლობა ზურაბის მამას და მისი ოჯახის წევრებს. მე დავინახე როგორია ჭარმაგი აჭარელი კაცი, რომ ასეთ ადამიანებზე დგას აჭარა და სრულიად საქართველო. როცა ზურაბ ავალიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა, 85 წლის კაცი, ზურაბ ავალიანის მამა ჩემთან მოვიდა და მითხრა, - ჩვენ კაცები ვართ და გავუძლებთ, ოღონდ შენ არ შედრკე შვილო და ამ ქვეყანას უშველეო. მე ქედი მინდა მოვიხარო მის წინაშე.


როგორც ჩანს ხელისუფლებამ კარგად იცის, როგორი ძალა აქვს აჭარაში ასეთ ადამიანებს, ამიტომ მოგვაყენეს სწორედ აჭარაში ასეთი მძიმე და მტკივნეული დარტყმა. მაგრამ ჩვენ ამ დარტყმას გავუძელით. და მინდა ვთქვა, რომ ვეღარ შეძლებენ ჩვენთვის მტკივნეული დარტყმების მოყენებას, რადგან ჩვენ დღეს  ყველანი ერთად ვართ.

მე ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა“  „სახალხო კრების“ გვერდით დადგა და გულწრფელად მოხარული ვიქნები, თუ სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დადგება იქ, სადაც ხალხი დგას.


დაბოლოს, მინდა იცოდეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები  მუდმივად ნერგავენ აზრს, რომ შეუცვლელები არიან, რომ მათ ვერავინ მოერევა. როგორც წესი, ვერ მომერევიანო ამბობს ის, ვისაც ეშინია, რომ მოერევიან, ვინც იცის, რომ აუცილებლად მოერევიან.


ძალა ხალხშია, - ეს ჩვენი კრების დევიზია; ხალხის ნება უზენაესია. ჩვენ ამ ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით. მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას გავახსენო, 1978 წელს, საქართველოს მოსახლეობა ერთად დადგა და ტყვიის გავარდნისა და ერთი წვეთი სისხლის დაღვრის გარეშე საბჭოთა იმპერიას უფლება არ მისცა მშობლიური, ქართული ენა წაერთმია ერისთვის. ქართველმა ხალხმა ეს ერთ მუშტად შეკრულმა შეძლო.


დღეს  ჩვენ ერთად ვდგავართ - აჭარაც, გურიაც, სამეგრელოც, კახეთიც, ქართლიც, რაჭა-ლეჩხუმიც, სვანეთიც,... სწორედ ამიტომ, მიზანს მივაღწევთ. ხელისუფლება ვერ გაბედავს ხალხის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ხალხი მას უმკაცრეს განაჩენს გამოუტანს.


ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა დავამარცხოთ სააკაშვილის რეჟიმი. ეს ბრძოლა გაგძელდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიკადრებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდებითაც ჩვენ სააკაშვილი გვებრძვის. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლითაც ჩვენ  აუცილებლად დავამარცხებთ რეჟიმს და გავიმარჯვებთ. თითოეული თქვენგანის უკან ათი, ოცი, ორმოცდაათი ადამიანი დადგება, ჩვენ სახალხო კრების ეგიდით შევიკრიბებით საქართველოს დედაქალაქში, შევიკრიბებით ყველა ქალაქსა და სოფელში და ხელისუფლებას ჩვენს ხმას გავაგონებთ.


სააკაშვილის ხელისუფლებას მოუწევს თქვენი ხმის გაგონება, ჩვენ მათ თქვენ ხმას გავაგონებთ და ისინი ხალხის ნებას აუცილებლად დაემორჩილებიან.

 

FaceBook Twitter Google