გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ კონფერენციაზე

მცხეთა, 22.10.10

მოგესალმებით ყველას!
დღეს დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ არაერთ გამომსვლელს მოვუსმინეთ. მათ შორის იყო ადამიანი, რომელმაც პირადპირ თქვა, - ერთი რიგითი გლეხი ვარო, თუმცა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და მოსალოდნელ საფრთხეებს უკეთესი შეფასება და ანალიზი გაუკეთა, ვიდრე ამას დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.  ჩვენ ძლიერი და გონიერი ხალხი ვართ; ჩვენში არის ის ძალა, რომელსაც ვერავინ ჩაკლავს  - ვერც შინაური ბრიყვი და ვერც გარეშე მტერი. მაგრამ ის ფაქტი, რომ რეალურად არსებულ საფრთხეებს ქვეყნის ხელისუფლება არაფრად  აგდებს, სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის როგორც თითოეულ ჩვენგანს, ასევე მომავალ თაობებს. დიდი გათვლა არ სჭირდება იმას, რომ წინასწარ წაგებული ბრძოლა არ დაიწყო იმასთან, ვინც იცი, აუცილებლად დაგამარცხებს და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა.

რამდენიმე ხნის წინ, გუდაურში ერთმა იქაურმა კაცმა მითხრა, - ჩემი ფანჯრიდან ჩემს ქვეყანას თავისუფალს ვხედავდი, მაშინ ამას ვერ ვაფასებდი, დღეს კი, ჩემი ფანჯრიდან რუსის ჯარისკაცები ჩანანო. მინდა გკითხოთ,- შეიძლება ამაზე პასუხი არ აგოს ხელისუფლებამ?  შეიძლება პასუხი არ აგოს იმაზე, რომ ოთხი დღე და ღამე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების ცხედრები ცხინვალში და ცხინვალის შემოგარენში უპატრონოდ იყვნენ მიტოვებულნი და იქიდან არ გამოჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ მსხვერპლი დაემალათ? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სანამ მე არ დავრეკე, საქართველოს ხელისუფლებიდან წითელ ჯვარში არ დაურეკავს არავის,   მიცვალებულების გამოყვანაში დახმარება რომ ეთხოვათ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მაშინ, როდესაც ბევრი თქვენგანი ან ომში იყო, ზოგიც კი საომრად ემზადებოდა, ჩვენი ხელისუფალი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა გორიდან. არ შეიძლება ამის პატიება. თავმოყვარე კაცი ბოდიშს მაინც მოიხდიდა ქვეყნის და ხალხის წინაშე, იტყოდა, - რა ვქნა, შემეშინდაო. შეიძლება გვეპატიებინა კიდეც, მაგრამ იქიდან გამოქცეულმა  რომ რუსთაველზე ხალხი შეკრიბა, გამარჯვება აზეიმა, ამღერა და აცეკვა, ამის პატიება არ შეიძლება. იმ წუთებში, როცა ჩვენ რუსთაველზე ვმღეროდით, ჩვენი ბიჭები კოდორის ხეობას ტოვებდნენ. ამ დარბაზში მთიულები არიან, მოხევეები,.. თქვენ კარგად იცნობთ მთას. კოდორის ხეობა აუღებელი ციხესიმაგრეა და ის მტრის ხელში არასოდეს ყოფილა. ვინ გასცა და რატომ გასცა კოდორის ხეობის დატოვების ბრძანება მაშინ, როდესაც კოდორის ხეობაში იარაღიც იყო და ჩვენს ბიჭებს იქიდან ვერავინ გამოდევნიდა.

ჩვენ, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ერთი ამბავი ავტეხეთ, როცა გავიგეთ რომ ოსები და რუსები, ფაქტობრივად, მლეთამდე ჩამოვიდნენ, დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებენ და არსებობს საშიშროება, რომ საგუშაგოები გადმოანაცვლონ. ამის გამო ხელისუფლებამ პროვოკატორები გვეძახა. როცა ვთქვით, რომ მამისონზე აღარ ფრიალებს ქართული დროშა, ასევე პროვოკატორებად მოგვნათლეს, ექვსი თვის წინ კი, ფაქტი დაადასტურეს. რატომ ჩამოინაცვლეს იცით რუსებმა? 2008 წლის ნოემბრამდე მამისონზე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ. ნოემბრის ბოლოდან მესაზღვრეები ტოვებდნენ საგუშაგოებს, ვინაიდან თოვლის საფარი იქ 4-5 მეტრს აღწევს და შემდეგ, მარტის ბოლოს, აპრილის შუა რიცხვებში ისევ უბრუნდებოდნენ საგუშაგოებს. საქართველოს ხელისუფლებას დაავიწყდა მესაზღვრეების მამისონზე გაგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციასთან ბრძოლით, ჩვენი ბიჭების თავპირისმტვრევით  და ჩვენზე იმ ფილმების გადაღებით იყო დაკავებული, რომლითაც უნდოდა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ  თურმე იარაღს ვაგროვებდით. სად არის ახლა ის „შეგროვილი“ იარაღი, იცის ვინმემ?

სააკაშვილს ისე შეეშინდა ბათუმში ჩვენთან შესახვედრად შეკრებილი ხალხი რომ დაინახა, მთელი თავისი ამალით ჩამოვარდა აჭარაში. ჩახტნენ 18 გრადუსიან წყალში და მთელ მსოფლიოს იმ ტყუილს უტკიცებდენენ, რომ ბათუმში 6 თვეა სეზონი. აჭარის რეგიონალური ტელევიზიით მქონდა გამოსვლა; პირდაპირ ეთერში ერთმა ქალბატონმა დარეკა და მითხრა, ქალაბატონო ნინო, ძალიან მაგარი პრეზიდენტი გვყავს, რასაც ამბობს, ყველაფერი მართალიაო. ერთი კითხვა დავუსვი მხოლოდ, - ქალბატონო, ექვსი თვე აჭარაში სეზონითქო? მთელი მსოფლიოს და საკუთარი ხალხის მოტყუება ხელისუფლებისთვის ჩვეულ ამბად იქცა.

პრეზიდენტი რომ იმას იტყვის, რა მოხდა ერთი-ორი სოფელი წაგვართვა რუსეთმაო, მაშინ, როცა ქართული სოფლების ჩამონათვალი 114 -ია,  114 მარტო ქართული სოფელი დავკარგეთ,  აღარაფერს ვამბობ შერეულ, ოსურ და აფხაზეთის სოფლებზე.  ასე რომ ეფიქრათ ჩვენს მეფეებს, ჩვენს წინაპრებს, რა დარჩებოდა საქართველოდან. მარტო ესეც კმარა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. ვისაც მოსწონს ნახევრად შიშველი პრეზიდენტი, ღმერთმა მოახმაროს, მაგრამ არა მგონია, ეს ქვეყნისათვის სასიკეთო იყოს.

ერთხელ პრეზიდენტს ვუსაყვედურე, - უსინდისოდ რატომ იტყუები, სირცხვილია, ხალხი რას იტყვისთქო. მითხრა, 5 %-ია საზღვარგარეთ ნამყოფი და დანარჩენი ხომ დაიჯერებს რასაც ვამბობო. ეს არის მისი დამოკიდებულება თითოეული თქვენგანისადმი, ეს არის მისი დამოკიდებულება საკუთარი ხალხისადმი, ამ დამოკიდებულების გამო აცხადებს პრეზიდენტი, რომ ბათუმი ნიცას ჯობია.

ჩვენს ქვეყანას ყველაფერი ქართულის განადგურება არაფერს კარგს არ მოუტანს. უნდა ვისწავლოთ სხვებისგან, უნდა ვისწავლოთ ახალი, მაგრამ საკუთარი კარგი რატომ უნდა დავივიწყოთ და სხვისი ცუდი რატომ უნდა გადმოვიღოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, ადამიანებმა, ვინც დღეს აქ ბრძანდებით, მოისმინოთ და გაითავისოთ ჩვენი გულისტკივილი. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალინ ბევრი ინფორმაცია არ გაქვთ, რადგან კონტროლირებადი ტელევიზიები მიზანმიმართულად მუშაობენ იმისთვის, რომ ხალხმა სიმართლე ვერ გაიგოს. ხანდაზმული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ დღევანდელი საინფორმაციო გადაცემები საბჭოთა პერიოდის საინფორმაციოების ანალოგებად იქცნენ.

თქვენ თეატრიც გქონდათ, სპექტაკლები იდგმებოდა, არავისზე ნაკლებად გესმით და აფასებთ ხელოვნებას. დღეს კულტურის სახლს შუქიც არა აქვს. სამი დღე  დასჭირდათ ჩაჭრილი სადენები რომ აღედგინათ. თბილისიდან 15 წუთის სავალზეა მცხეთა; ნახოს პრეზიდენტმა, რა მდგომარეობაშია აქაურობა. შემოგვთავაზა, სვეტიცხოვლის და ჯვრის თვალსაწიერზე პლიაჟი უნდა ავაშენოთ და იახტებმა უნდა იცურონო. იმ იახტებზე ვინ დაჯდება, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები?

ყველაზე ხალხოსანი პრეზიდენტი ვარო, რომ აცხადებს სააკაშვილი, თქვენსავით ცხოვრობს?  კარგად ვიცი, რომ სააკაშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს ხალხის ბედი და ხვალინდელი დღე. მათ ერთი ზღვარი აქვთ დადგენილი, მათთვის მთავარია  ხალხს ისე არ გაუჭირდეს, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ამ ზღვრამდე კი მათ თქვენი გასაჭირი სრულიად არ აწუხებთ.

ჯანდაცვის სფეროში აღარ არსებობს პროგრამები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებისა და მოხუცებისთვის. პრაქტიკულად, ხელისუფლება საკუთარ ხალხს სასიკვდილოდ იმეტებს. ამ დროს კი, ბათუმში იდგმება რაღაც მოძრავი ქანდაკება, რომელზეც მილიონები იხარჯება.

ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

თქვენ ბევრი გასაჭირისთვის გაგიძლიათ და, რა თქმა უნდა, თუ ქვეყანას დასჭირდა, კიდევ ბევრს გაუძლებთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ხვალინდელი დღე ამ ქვეყანას აღარ აქვს. ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იქნება იმაზე მეტი ცათამბჯენი, ვიდრე ვანკუვერნშია. ვანკუვერნი 2.5 მილიონიანი ქალაქია, ბათუმი - 200 ათასიანი. ბათუმში, თურმე, უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს, ვიდრე მოსკოვშია. მინდა ვიკითხო, რანაიარად ან რატომ?  არც სასტუმროების წინაღმდეგი ვარ, არ დასვენების, არც ბულვარის, მაგრამ იმ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ვინ უნდა იმუშაოს? მთელი საქართველო მომსახურე პერსონალად უნდა იქცეს? ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, სტუმრის მიღება არ შეგვეშლება, მაგრამ არა მგონია, რომ თითოეული თქვენგანის, მათ შორის ახალგაზრდების ოცნება მოსამსახურედ ქცევა იყოს. მომსახურე საქართველო არასოდეს არ ყოფილა.

ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა იმპერიას ებრძოდნენ, არ შეშინებიათ და უკან არ დაუხევიათ, ქართული ენაც დაიცვეს და საქართველოს დამოუკიდებლობაც მოიპოვეს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი და ღირსეულ მომავალზე ვიზრუნოთ. სააკაშვილმა ქვეყანა  ორ ნაწილად გაყო - ნაციონალური მოძრაობის მომხრეებად და ყველა დანარჩენად. კარგად ცხოვრობს ის, ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრია, ყველა დანარჩენი კი, იგნორირებულია.
ერებს აუტანიათ დიქტატორი პრეზიდენტი, გარკვეული პერიოდი, აუტანიათ ტირანებიც კი, მაგრამ ტაკიმასხარები ქვეყნის სათავეში არავის აუტანია.


 

FaceBook Twitter Google