გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ იმერეთის რეგიონალურ კონფერენციაზე

ქუთაისი, 26.10.10

მოგესალმებით ძვირფასო ქუთაისლებო, ძვირფასო იმერლებო!

ბევრ ტრიბუნასთან ვმდგარვარ, მაგრამ, ვიცი დამიჯერებთ, ყველაზე მეტად მაშინ ვღელავ, როდესაც ვარ ამ სცენაზე, სადაც ჯერ კიდევ პატარა ვიდექი და მოგმართავთ თქვენ, იმ ადამიანებს, ვისთანაც  განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მაკავშირებას.

კარგად ვიცი როგორ გიჭირთ, როგორ გაწუხებთ ის, რომ თითოეული ჩვენგანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული  თანდათან ნადგურდება. ქართველ ადამიანს გაჭირვება ბევრჯერ გადაუტანია. აქაც ბევრი ითქვა უმუშევრობაზე, უსახსრობაზე, უპურობაზე, უწამლობაზე; ითქვა უშუქობაზე, მაშინ როცა შუქი არის, მაგრამ გადახდის საშუალება არ გაქვს. ვიცი, თითოეულ თქვენგანს გტკივათ, რომ იმერეთი იმერეთს აღარ ჰგავს, ქუთაისი - ქუთაისს, ხონი - ხონს, აღარც თბილისი ჰგავს თბილისს. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მძიმე, რადგან ქართველი ადამიანისთვის საქართველოა ყველაზე მნიშვნელოვანი და ის ქართული ფასეულობები, რომლებზეც ჩვენს შვილებს ვზრდით, ყველაზე მთავარი.

ბათუმში ვიყავით ცოტა ხნის წინ და ბათუმლებს ვუთხარით, - როგორ შეიძლება ვინმეს არ უხაროდეს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სასტუმრო შენდება, გზა კეთდება, ტურისტი ჩამოდის,.. რა თქმა უნდა, გვიხარია, მაგრამ ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საქართველო მომსახურე ერად გადაიქცეს, რომ ჩვენი დედები, დები, მეგობრები საზღვარგარეთ წლობით იყვნენ გადახვეწილნი  სარჩოს საშოვნელად. სტუმარმასპინძლობას ვერავინ ასწავლის ქართველ კაცს, მაგრამ მასპინძლობა  ერთია და მოსამსახურე ერად ქცევა სხვა.
ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი შვილები  ვერ იღებენ ნორმალურ სასკოლო განათლებას, რომ სკოლებში ჩვენს შვილებს  ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ყოფენ და ერის გათიშულობას უყრიან საფუძველს, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და რისი წინააღმდეგიც ყოველთვის ვიყავი, არის ის, რომ მან ხალხი  ჩვენიანებად და სხვისიანებად გაყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არ შეიძლება  ქვეყანას, საზოგადოებას მუდმივად ვყოფდეთ, ვყოფდეთ მიშისტებად, ზვიადისტებად, შევარდნაძისტებად,..

ბევრ ადამიანს მოუწევს პასუხი აგოს ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. დიახ, უნდა დაისაჯონ, მაგრამ უნდა დაისაჯონ მხოლოდ ისინი, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არა ყველა ის, ვინც დღეს ხელისუფლების გვერდზე დგას. მჯერა, ბევრი დგას გულწრფელად და, როგორც ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა, მათ თვალები მალე აეხილებათ. ბევრის ხელისუფლების გვერდზე დგომა არაგულწრფელია, მაგრამ ყველა მათგანს, თუ უდანაშაულონი არიან, აქვთ შესაძლებლობა დადგნენ საკუთარი ხალხის გვერდზე, დადგნენ თქვენს გვერდზე, სახალხო კრების გვერდზე, შეცვალონ ეს ხელისუფლება, აირჩიონ უკეთესი, სადაც საკუთარ ღირსეულ ადგილს აუცილებლად იპოვნიან.

როგორი ხელისუფლება გვინდა? - ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა ამჯერად ერთს ვიტყვი. დარბაზში შემოსვლამდე ჭიათურელი ბატონი შემხვდა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობაშერყეული, რეგრესის პენსიონერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ყველა სასამართლოში იბრძვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, იბრძვის ყველა იმ მეთოდით, რა მეთოდიც ცივილიზებულ სახელმწიფოებში გამოიყენება. ვერც მან და ვერც ათობით სხვა ადამიანმა, რეგრესის პენსიონერებმა ჭიათურიდან, ტყიბულიდან და სხვა რაიონებიდან ვერ შეძლეს სახელმწიფოსგან მიეღოთ კუთვნილი, საკუთარი შრომით დამსახურებული სამი მილიონი ლარი. მაშინ როცა, ბათუმში, ერთი კვირის წინ, ჩვენმა ხელისუფლებამ 2 700000 ლარი გადაიხადა ქანდაკებაში. ამ დარბაზში ხელოვნებისა და კულტურის წინააღმდეგი არავინ არის, ყველა აქ მყოფმა ადამიანმა იცის განათლების, ცოდნის, თეატრის, მუსიკის ფასი;  კარგისა და ცუდის გარჩევაც კარგად იციან ქართველებმა, მაგრამ  საქმე სხვა რამეშია, ხელისუფალი, რომელიც ვერ პოულობს სამ მილიონს ინვალიდი, ჯანმრთელობაშერყეული ადამიანებისთვის, რეგრესის პენსიონერებისათვს და პოულობს ამას შოუებისათვის, ის ხელისუფალი ამ ხალხის ნდობის და მანდატის ღირსი არ არის. ჩვენ ამ მანდატს ამ ხელისუფლებას აუცილებლად ჩამოვართმევთ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართული ენის სწავლების საათები მცირდება. 1978 წელს ქართველმა ხალხმა, ყველამ -კომუნისტმაც, არაკომუნისტმაც, ერმაც, ბერმაც ქართული ენა დაიცვა, რუსეთის იმპერიას შეებრძოლა.

ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომის შემზარავი ფაქტები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ჩვენი დაღუპული ბიჭები უპატრონოდ მიტოვებულნი იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა მათი გამოყვანა ცხინვალის რეგიონიდან; იმიტომ, რომ სააკაშვილს დაემალა მსხვერპლის რაოდენობა და ეთქვა, რომ მხოლოდ 30 კაცია დაღუპული. ნებისმიერი სასამართლოს წინაშე პასუხს ვაგებ ჩემს ამ სიტყვებზე. როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლებს დავურეკე და ვუთხარი, რომ დაგვხმარებოდნენ, რადგან 40 გრადუსიან სიცხეში, სამი დღე მიცვალებულები მიტოვებულები იყვნენ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს წითელ ჯვარში დარეკილი არ ჰქონდა.  ამ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ათეულობით სოფელი და ამბობს, - მერე რა მოხდა, რამდენიმე სოფელი დავკარგეთო, არა აქვს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის არანაირი უფლება.

სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში თქვა, - ვერავინ  წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ასეთი მამაცი ჯარისკაცები ჰყავსო. ქართველები გამორჩეული მეომრები იყვნენ, ქართველები ყოველთვის კრებდნენ ლაშქარს, ამიტომ ქართველი ჯარისკაცების მამაცობა არავის გაკვირვებია; თუ ვინმე რამეს ვერ წარმოიდგენდა, ეს დავით აღმაშენებლის საქართველოში მიწაზე მხოხავ მთავარსარდალს ვერ წარმოიდგენდა და ვერც იმას, რომ ამის შემდეგ, ეს მთავარსარდალი ისევ ქვეყნის სათავეში დარჩებოდა.

მინდა აქ დამსწრე  საზოგადოებისადმი, თითოეული თქვენგანისადამი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო. ვიცი, თითოეული თქვენგანის აქ მოსვლის ფასი შეიძლება გახდეს სამსახურიდან გაგდება, დატერორება, დაშინება, დაჭერაც კი. შიშზე დგას დღეს სააკაშვილის ხელისუფლება. დღეს, თითოეულმა  თქვენგანმა, აქ მოსვლით თითო აგური გამოაცალეთ სააკაშვილის შიშის კედელს. როცა თქვენ დაიწყებთ ბლანკების შეგროვებას, რომელიც დაგირიგდათ, როცა ჩვენს გვერდით სულ უფრო მეტი ადამიანი დადგება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცლით სააკაშვილის შიშის კედელს საძირკველს და ეს კედელი ჩამოინგრევა, რის შემდეგაც ჩვენ ქვეყანას სრულიად ახალი პერსპექტივა გაუჩნდება.

მერწმუნეთ, ძალიან კარგად ვიცი სააკაშვილს როგორ უნდა ვებრძოლო, ის მეთოდებიც ვიცი, მას რომ ჰგონია, მხოლოდ მან იცის. გახსოვთ თქვა,- მე რომ ოპოზიციის ადგილზე ვიყო, სამ თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო. მეც ვიცი ის გეგმა, მაგრამ სააკაშვილისგან  განსხვავებით, მე და თქვენ ეს ქვეყანა გვიყვარს, ამ ქვეყანას ვუფრთხილდებით და ამიტომ ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ მიზანს და ქვეყანა არ დავაზარალოთ, თორემ სააკაშვილის ჩამოგდებას რა უნდა. ჩვენ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, სააკაშვილის ჩამოგდება კი არ არის ჩვენი მიზანი, არამედ ამ  ხელისუფლების ისე შეცვლა, რომ  ქვეყანა არ დაზარალდეს. ამიტომ მივიწევთ ნელ-ნელა წინ, მაგრამ მიზანს მივაღწევთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ძალა ხალხშია, თქვენში და თითოეული თქვენგანის უკან მდგომ ადამიანებში.

როდესაც სახალხო კრება ტარდებოდა ფილარმონიაში, ქალბატონი ნონა, ბატონი ირაკლი, ბატონი გოგი, ყველა ის საპატივცემულო ადამიანი, ვინც ამ კრების სათავეებთან ბრძანდებიან, შეიკრიბნენ და პირველ არხს - საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა და ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულით ფინანსდება, სახალხო კრების პირდაპირი ეთერში გადაცემა სთხოვეს და, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. დღეს ჩვენს შეკრებას არ ესწრებიან რუსთავი 2-ისა და იმედის ჟურნალისტები. შესაბამისად, ეს ტელეკომპანიები სახალხო კრების ამ ღონისძიებას არ გააშუქებენ. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია სახალხო კრების. მე გთავაზობთ, დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იმერეთის რეგიონალური შეკრების სახელით სახალხო კრებამ მიმართოს პირველ არხს, მიმართოს სრულიად საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას; მოვითხოვოთ, რომ პირველი არხი დაუბრუნდეს ხალხს და მოგვეცეს შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ სიმართლე.

არ შემიძლია არ ვუპასუხო კითხვას, რომელიც ეხლა მომაწოდეს, - როგორც ცნობილია „ეროვნული ფორუმი“ ნოემბრის დასაწყისიდან გადადის ბრძოლის აქტიურ ეტაპზე, შეუერთდება თუ არა თქვენი პოლიტიკური ძალა „ეროვნულ ფორუმს“? მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვიბრძოლებთ ყველა იმ ადამინთან ერთად, ვისაც მართლა უნდა ამ ხელისუფლების შეცვლა; ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება რეალური ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბევრჯერ დაგვაყვედრეს, კრებას ერთი პარტია უჭერს მხარსო. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, შემოგვიერთდნენ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, შემოგვიერთდეს ყველა, ვისაც ამ ხელისუფლების შეცლა უნდა.

არ დავასახელებ, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, დაახლოებით ასამდე ადამიანი, იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან შემოერთებულნი სახალო კრებას, დღეს აქ, ამ დარბაზში ზის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. იმედი მინდა ვიქონიაო, მათ მიბაძავენ პარტიის ხელმძღვანელები, პირად ამბიციებზე მაღლა დააყენებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, არ დაიწყებენ იმის თვლას, კრებას რომელი პარტია პირველი შემოურთდა და რომელი მეორე და დადგებიან ხალხის გვერდით.

როგორ შევცვლით ამ ხელისუფლებას? შევცვლით ერთიანობით, შევცვლით შეუპოვრობთ. ითქვა, რა აზრი ჰქონდა ბრძოლას, სამი თვე ვიდექით რუსთაველზე, მაინც არ წავიდა ეს ხელისუფლებაო? დღეს ხელისუფლებაც  მუდმივად ამას ქადაგებს. წავა ეს ხელისუფლება, ერთიანობა რომ ყოფილიყო ჩვენს რიგებში, 9 აპრილსაც წავიდოდა. დღეს ერთად უნდა დადგნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ერთი ნაბიჯით არ დაიხიონ უკან, ერთმანეთი არ მიატოვონ, სანამ არ გავიმარჯვებთ.
კრებაზე შეიკრიბებიან სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, რომლებსაც ექნებათ ათეულობით, ასეულობით ადამიანის მანდატი. კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, ვეგუებით ჩვენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც მასხრად აიგდო  მთელი ქვეყანა და მსოფლიო საზოგადოების  დასაცინი გაგვხადა თუ არა. ბევრ ქვეყანას ჰყოლია დიქტატორი პრეზიდენტი, ავტოკრატი პრეზიდენტიც, ტირანიც კი, ტაკიმასხარა არა და ქართველი ერი ტაკიმასხარა ხელისუფლებას არ იმსახურებს.

ჩვენ ამ ხელისუფლებას გავუშვებთ, გავუშვებთ ერთად დგომით, სახალხო კრებაზე შეიკრიბება სრულიად საქართველო, მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ხელისუფლების შესახებ და დარწმუნებული ვარ ეს იქნება მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლისა. ჩვენ არ დავიშლებით, არ შევაქცევთ ერთმანეთს ზურგს, არ მივატოვებთ ერთმანეთს, სანამ ამ ხელისუფლებას არ შევცვლით. ჩვენ გავაგონებთ ამ ხელისუფლებას ჩვენს ხმას და ვაიძულებთ, რომ ჩვენს ხმას დაემორჩილონ, ამისათვის, ძალიან ბევრი პოლიტიკური იარაღი არსებობს. ყველა ეს პოლიტიკური იარაღი და მექანიზმი ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, ქვეყანას გაუჩნდეს ხვალინდელი დღის პერსპექტივა, თქვენი შვილები არ იყვნენ ყელამდე ვალებში ჩაფლულნი, რომელიც 2013  წლიდან თითოეული თქვენგანის გადასახდელია, რადგან თუ რამეს აშენებს დღეს ხელისუფლება ყველაფერს ვალით აშენებს. ქვეყანას უნდა გაუჩნდეს იმის პერსპექტივა, რომ აფხაზეთი და ოსეთი კვლავ საქართველოს ნაწილი იყოს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ, იცხოვრონ დემოკარტიულ ქვეყანაში, სადაც ფეხქვეშ არ იქნება გათელილი მათი უფლებები და ფასეულობები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთად ვიქნებით და არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მივაღწევთ. ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდეო, - ჭაბუა ამირეჯიბმა გვითხრა, ძალა ხალხშია და ჩვენ გავიმარჯვებთ.


 

FaceBook Twitter Google