გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" შიდა ქართლის რეგიონალურ კონფერენციაზე

გორი, 02.11.10

მოგესალმებით ყველას!
უპირველესად, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის, გამძლეობისთვის, ვაჟკაცობისთვის, სითბოსთვის და იმ მიმტევებლობისთვის, რომელიც გაქვთ და რომელიც აუცილებელია, თუმცა, როცა საქმე  ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, ქვეყნის გადარჩენას ეხება, მიმტევებლები ვეღარ ვიქნებით.


განსაკუთრებული სითბო მინდა გამოვხატო რამდენიმე ადამიანის მიმართ, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარეს, ბევრი შესაძლო პრობლემების წინაშე დაიყენეს თავი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის ზონის სოფლებიდან  - არცევიდან,   მეჯვრისხევიდან, ქვეშიდან, ნიგოზიდან, ხვითიდან, ფხონისიდან - ჩამოვიდნენ და იმედი აქვთ რომ მათი სოფლები ისევ საქართველოს ხელისუფლების ხელში დაბრუნდება, ოღონდ იმ ხელისუფლების, რომელმაც საქართველოს ერთიანობის ფასი იცის.

დღევანდელი ხელისუფლების უგუნურება, უპასუხისმგებლობა და უსინდისობა ამ რეგიონის მოსახლეობამ, თითოეულმა თქვენგანმა ყველაზე მწარედ იწვნია. მთელ საქართველოს ტკიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად გტკიოდათ თქვენ - გესროდნენ ბომბებს და იყავით ხელისუფლებისგან მიტოვებულნი. სამ აგვისტოს მე გავაფრთხილე საქართველოს პრეზიდენტი, ვუთხარი რა მოყვებოდა მის უთავბოლობას, რა მოყვებოდა იმას, თუ ის დაუჯერებდა თავის გარემოცვას, რომელიც უმტკიცებდა, რომ ერთ ღამეში დაამარცხებდნენ რუსეთს და აიღებდნენ ცხინვალს, ხოლო მეორე დილით აღლუმს ჩაატარებდნენ. თქვენ დღეს კიდევ ერთხელ ნახეთ აგვისტოს ომის შემზარავი კადრები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბიჭები შეიძლება დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ, ეს ბიჭები ცოცხლები იქნებოდნენ, სააკაშვილს რომ არ ჰქონოდა ამბიცია, მეორე დავით აღმაშენებლი გამხდარიყო. მარტო ამბიცია და სურვილი საკმარისი არ არის. დავით აღმაშენებელმა იცოდა ვის შებრძოლებოდა, დავით აღმაშენებელმა იცოდა ბრძოლის წინ რა უნდა გაეკეთებინ, დავით აღმაშენებელი წინასწარ წაგებულ ომში არ მიდიოდა და ტყუილად არ წირავდა მებრძოლთა სიცოცხლეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდები 40 გრადუსიან სიცხეში უპატრონოდ  მიტოვებულნი იყვნენ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება  მსხვერპლს მალავდა. სააკაშვილი  ამ დროს რუსთაველზე აღლუმს მართავდა, ხალხს აზეიმებდა - აცეკვებდა და ამღერებდა. ეს სამარცხვინოა! თითოეული დედა მზად არის საკუთარი შვილი ჩვენს სამშობლოს, საქართველოს  შესწიროს, მაგრამ არა უაზრო ომში, არა წინასწარ წაგებულ ომში, არა იმ ომში, რომელიც გამარჯვების ნაცვლად, ქვეყანას უბედურებას და ტერიტორიების დაკარგვას მოუტანს.

საქართველოს ყველა კუთხეში ამაყად, თავწეულმა შემიძლია ვილაპარაკო, რადგან ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია, უკან არასოდეს დამიხევია და არ დავიხევ. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მორალს ვერასოდეს წამიკითხავს, სამშობლოს სიყვარულს ვერ მასწავლის, ისევე როგორც ვერ ასწავლის  ვერც ერთ თქვენგანს. ჩემმა ცამეტი წლის შვილმა აგვისტოს ომის დროს საქართველო კი არ დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა ბაქოს გავლით, რადგან თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. ეს ჩემი ვალია, მე ასეთი შვილი უნდა გამეზარდა. და თუ საჭირო გახდა, ქვეყნის გაერთიანებას ჩემმა შვილმა თავი უნდა შესწიროს. გპირდებით, ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო, გავიყვანოთ ჯარი, ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ ყველა მეზობელთან და აღარ გვქონდეს მტრობა არავისთან.

დღეს სააკაშვილი ახალგაზრდებს ფეერვერკებით გონებას უბნევს და თვალებს უხვევს; გეკითხებით, რა გვეფეერვერკებოდა 2010 წლის 8 აგვისტოს, განმუხურში კონცერტი რომ ჩავატარეთ, რას ვზეიმობდით? ხელისუფლება ამბობდა  განმუხურის ფეერვერკი აფახაზეთიდან ჩანსო. არ იკითხავდნენ აფხაზები,  რა უხარიათ, წაგებული ომის ორი წლისთავს ფეერვერკით რატომ აღნიშნავენო?  სააკაშვილს უნდა ფეერვერკებით დაგვავიწყოს, რომ ომი წავაგეთ, დაგვავიწყოს, რომ ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფალი, რომელიც იტყოდა, რა მოხდა მერე რამდენიმე სოფელი დავკარგეო, მეორე დღეს ხელისუფალი აღარ იქნებოდა. რა გვჭირს?, რამდენი ხანი უნდა ვუთმინოთ სააკაშვილს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ გაეერთიანებინა ქართველი და ოსი, ქართველი და აფხაზი ხალხი,  გაყო ისინი. ჩვენ არ უნდა დავივწყოთ ის შეცდომები, რომლებიც ხელისუფლებამ დაუშვა, არ უნდა დავივიწყოთ უპირველესად იმიტომ, რომ არასოდეს აღარ  განმეორდეს. კარგია კონტრაბანდასთან ბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, კონტრაბანდასთან ბრძოლას ჩვენ გადავაყოლეთ ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდი შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, კონტრაბანდის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია ბრძოლა,  მაგრამ ჩვენ ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ, როგორც ეს ერგნეთის ბაზრობის შემთხვევაში მოხდა. ჩვენ გადავკეტეთ ის არხები, რომლებმაც ქართველ და ოს ხალხს შორის თანდათან აღადგინა ურთიერთობა. ამ არხების დაკეტვამ სერიოზული პრობლემები შექმნა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება შევცვალოთ. თითოეულმა გლეხმა, რომელიც გაზაფხულზე ყანაში, ბოსტანში, ბაღში მუშაობს,  უნდა იცოდეს, რომ შემოდგომაზე მოსავალს აიღებს, რომ ამ მოსავალს არ წაართმევენ, წყალში არ გადააყრევინებენ. ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ეცოდინება, რომ მოყვარეს მოყვრულად უნდა ელაპარაკო, ხოლო მტერი მოყვარედ გაიხადო. ჩვენი ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, მოყვარესაც კი მტრად გადაგვკიდებს. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ  მათი მოქმედებები უკრაინაში, ამის საუკეთესო მაგალითია მათი გამონათქვამები აზერბაიჯანსა და სომხეთზე, და კიდევ ბევრი სხვა, რომ არაფერი ვთაქვათ, იმ პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებსაც ხელისუფლება რუსეთის მიმართ აწარმოებს. არ შეიძლება მუდმივი პროვოკაციის რეჟიმში იყო მეზობელთან. არავინ ამბობს, რომ თავი უნდა დავხაროთ, რომ ქვეყნის ინტერესები არ დავიცვათ, მაგრამ ჭკუით უნდა დავიცვათ და არა  მუსკულების ჩვენებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე არც გვქონია. სანამ ჭკუით არ ვიმოქმედებთ, სანამ ჩვენი თავის ფასს კარგად არ გავიგებთ და თავს არავის არ დავაჩაგრინებთ, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ქვეყნის შიგნით საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყნის გარეთ ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ  განახლდეს  საომარი მოქმედებები, რასაც ქვეყნის სრული დაშლა მოჰყვება.

რამდენიმე ხნის წინ, ხურვალეთში ყოფნის დროს, სადაც სამწუხარო ინციდენტი მოხდა,  ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მკითხა, - რა შეიცვალა, ქალბატონო ნინო, მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში აღარ ხართო. დევნილი იყო ის გოგონა. ვუთხარი, ყველაზე მთავარი, საქართველოს რუკა შეიცვალა მეთქი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვალა უარესობისკენ, რაშიც ბრალს საქართველოს ხელისუფლებას ვდებ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევძელი, რომ ქვეყანაში ომი არ ყოფილიყო და ტერიტორიები არ დაგვეკარგა. გაფრთხილება ხელისუფლებამ არად იღო. გავაფრთხილე სააკაშვილი, - არ გაპატიებთ ქვეყნის დანგრევას; თუ შენ ომში ჩაერთვები, ომს დაიწყებ, ამას სასტიკი შედეგი მოჰყვება და ქვეყანა დაგვენგრევა მეთქი. გპირდებით, თქვენს გვერდით, თქვენთან ერთად, მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო, მზად ვარ ერთი ნაბიჯით არ დავიხიო უკან, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ, უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში არ სვამდნენ, ადამიანებს არ კლავდნენ,...

დღეს საქართველოს პერსპექტივას უკარგავენ. ახალგზრდებში ნერგავენ იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ამ ქვეყანას ვერ გააძლიერებს. ეს ფასეულობებით ახალგაზრდებს ადვილად სამართვებს გახდის. აქ ბატონმა ბრძანა, სააკაშვილი თეატრში ნამყოფი  არ არისო. როგორ არ არის ნამყოფი, ნამყოფია, მაგრამ გააჩნია მთავარი ის არის წიგნიდან ან თეატრიდან კარგს აიღებ, თუ ცუდს. სააკაშვილმა კარგად იცის განათლების ფასი, სწორედ ამიტომ დაანგრია განათლების სფერო, ანადგურებს სკოლას,.. კარგად იცის, გაუნათლებელი ადამიანი ადვილად სამართავია. სააკაშვილს საქართველო მომსახურე ქვეყნად უნდა რომ გადააქციოს. საქართველო გაიყო ორ ნაწილად, - ერთი, ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც ეკუთვნის სასტუმროები, რესტორნები, კაზინოები, კინოთეატრები და მეორე, ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც განწირულია იმისათვის, რომ მოსამსახურედ იქცეს. სააკაშვილს ეს ქვეყანა ჩამოსული სტუმრებისთვის და საკუთარი გარემოცვისთვის უნდა და არა თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. ამას ჩვენ არ შევეგუებით.

როგორც პარტიის ლიდერმა, მინდა მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვისთვისაც  ეს ქვეყანა მართლა მნიშვნელოვანია. გადადეთ პირველისა და მეორეს ძახილი, დღეს საქართველოში არჩევანისა და არადანის დრო არ არის. დადექით ხალხის გვერდით, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იმედის თვალით უყურებენ ხვალინდელ დღეს, დადექით სახალხო კრების გვერდით, თითოეული აქ მოსული ადამიანის გვერდით.

თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს შეკრებაზე მოვიდა, სააკაშვილის შიშის კედელს ათეულობით აგური გამოაცალა. ყველას მოგიწოდებთ, მოვუწოდებ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც არ უნდა უღირს ქვეყანაში ცხოვრება, დადგეს ფეხზე და 25 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანოს.

FaceBook Twitter Google