გამოსვლები
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ შეკრებაზე

ზუგდიდი, 10.11.10
მოგესალმებით, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, სამეგრელოს და ზემო-სვანეთის წარმომადგენლებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო შვილებო!

ჩემთვის და თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ დღეს ამ დარბაზში ყველაზე მეტს საუბრობდნენ იმაზე, რომ ღირსება შეგვილახეს, რომ ღირსება უნდა აღვიდგინოთ,  რომ ღირსებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოში, მის თითოეულ კუთხეში, ღირსების ფასი ოდითგანვე იცოდა ქართველმა კაცმა და ქალმა. 

გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მეტს ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ იმის გამო ვეკამათებოდი, რომ ხალხს ღირსებას ულახავდნენ. კარგია ახალი სასტუმროები, გზები, კარგია, რომ შუქი გვაქვს, მაგრამ რის ფასად? თუ ეს არის დაკარგული ტერიტორიების, ტყუილად დაღუპული ბიჭების ფასად, თუ ეს არის ადამიანების ღირსების შელახვის ფასად, ასეთი არც გაზი, არც შუქი და არც გზა არავის უნდა. ყველაფერი გიხარია მაშინ, როდესაც ამაყი ხარ და შენი ქვეყნის პატრონი ხარ, და არა მაშინ, როდესაც შენ ქვეყანაში დევნილად ხარ ქცეული და მხოლოდ სტუმრების მოსამსახურის ფუნქციაღა გაქვს შერჩენილი.

როცა ღირსების შელახვაზე ველაპარაკებოდი, სააკაშვილი მეუბნებოდა, - შენ ქართველებს არ იცნობ, ხმასაც არ ამოიღებენო. ეს ტყუილია, ქართველი ხალხი ყოველთვის იცავდა თავის ღირსებას და ასე იქნება ყოველთვის. ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს თითოეული თქვენგანისთვის დღეს აქ მოსვლა. ზუგდიდში, სადაც შიში და ტერორია გამეფებული, თითოეულმა თქვენგანმა აქ მოსვლით გმირობა ჩაიდინეთ. აქ მოსვლით თქვენ დღეს  თითო აგური გამოაცალეთ იმ შიშის კედელს, რომელსაც სააკაშვილი აშენებს და აქ ახალაია და რამდენიმე გვარის წარმომადგენელი ამაგრებს. ეს შიშია ის,  რაზეც დგას საქართველოს ხელისუფლება და თუ თითოეული ჩვენგანი თითო აგურს გამოვაცლით ამ კედელს, თუ ერთად დავდგებით, გარწმუნებთ, ერთი ტყვია არ გავარდება, ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვრება, ისე გაიქცევა ეს ხელისუფლება კუდამოძუებული.

ჩვენ დღეს აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი ვნახეთ. ამ ფილმში ძალიან ბევრი რამ არის ნიშანდობლივი. მიაქცევდით ყურადღებას, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დგას ხალხის გვერდზე მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად უჭირთ. ხალხი უპატრონოდაა მიტოვებული იმიტომ, რომ  ხელისუფლება მშიშარა და უსუსურია. ვინ აღმოჩნდა პირველი დარტყმის ქვეშ სააკაშვილის უგუნური ქმედების გამო? ერთ-ერთი პირველი დარტყმა ისევ სამეგრელომ მიიღო, - სამეგრელოში შემოვიდა უცხო ქვეყნის ჯარი და ტანკები. გყავდათ პატრონი? თქვენ იყავით თქვენი თავის პატრონი  და დამცველი; ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების აბსულუტური უმრავლესობა, და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საკუთარი ოჯახებით,  საზღვარზე იდგნენ რიგში და თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გარბოდნენ.

სააკაშვილი ამბობს, - არავის წარმოედგინა, ქართველი ჯარისკაცის ასეთი გმირობაო, წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმაო. დიახ, ჩვენმა ჯარისკაცებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს და ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის გმირობა და თავდადება გასაკვირი არ არის. გასაკვირია საქართველოს მხედართმთავრის უსუსურობა და მიწაზე ფორთხიალი. ეს არის გასაკვირი, ასეთი რამ არ წერია საქართველოს ისტორიაში. 

ეს კადრები პირველად რომ ვნახე, გულწრფელად გეტყვით, ვიტირე;  ვიტირე იმიტომ, რომ შემრცხვა. ბოდიშიც არ მოუხდია ჩვენს პრეზიდენტს და აგვისტოს ომის ორი წლისთავზე ანაკლიაში ფეერვერკი გამართა, - აფხაზები დაინახავენო. და რას იტყოდნენ მერე აფხაზები? - რა უხარიათ ამ ქართველებს, გაგიჟებულან ყველანი წაგებული ომის, დაკარგული ტერიტორიების, დაღუპული და დაუმარხავი ბიჭების ორი წლისთავზე ფეერვერკს აწყობენო.

ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ მძიმე კადრებისთვის, რომელიც გაჩვენეთ, მით უმეტეს, სამეგრელოს შვილებს, რომლებსაც განსაკუთრებით ბევრი სიმწარე და ტკივილი გაქვთ გადატანილი, მაგრამ იცით ეს ბიჭები, დაღუპული ჯარისკაცები რატომ არიან ასე უპატრონოდ მიტოვებულნი?, იმიტომ, რომ  ხელისუფლება მალავდა მსხვერპლს. როცა მე დავრეკე წითელ ჯვარში და ვითხოვე მიცვალებულების გამოყვანაში დახმარება,  აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა დარეკილი მათთან.
პრეზიდენტი გვაკრიტიკებდა „სახალხო კრება“  დემოკრატიას არ ახსენებსო. თუ ვინმემ შეურაცხყო და მოსპო დემოკრატია საქართველოში, ეს მიხეილ სააკაშვილია. მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელს, „ბურჯანაძე-დემოკრატების“ მიერ დაწყებული კამპანია, ჩვენ მაშინ არ ვიყავით სააკაშვილთან ერთად, და ეს არ იყო შემთხვევითი. თუმც შემდგომ ბედმა თუ უბედობამ  ერთმანეთის გვერდით დაგვაყენა. 2003 წელს, მახსოვს როგორი აქტიურები იყავით თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით სამეგრელოს მკვიდრნი. როგორი იმედი გქონდათ, რომ მოვიდოდა ახალგაზრდა ხელისუფლება, რომელიც ყველა ტკივილს მოგიშუშებდათ. დღეს გულისტკივილით ვამბობ, რომ ტკივილები კი არ მოგიშუშეთ, ხშირ შემთხვევაში ჭრილობებზე მარილი დაგაყარეთ. სწორედ ამიტომ, სამეგრელოს განსაკუთრებით ხმამაღლა შეუძლია უთხრას სააკაშვილს, - წალენჯიხიდან დაიწყე შენ მსვლელობა, ჩვენ დაგიდექით პირველი გვერდით და შენ მოგვატყუე. შენ უნდა დაგვიბრუნო ის მანდატი, რომელიც  მიითვისე. ეს უნდა მოხდეს 25 ნოემბერს, „სახალხო კრებაზე“. თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ჩვენ ამას შევძლებთ ძალიან მალე და უმტკივნეულოდ.

ხშირად ვბრაზდები საკუთარ თავზე, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა,  ძალიან ბევრი რამის გაკეთება მაინც შევძელი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. და რაც ყველაზე მთავარია, ვიყავი იქ, რომ არ მომხდარ იყო ის, რაც 2008 წლის აგვისტოში  მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მეყო ძალა, რომ ეს საშინელება ამეცილებინა ქვეყნისთვის. დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მენდობით და გჯერათ ჩემი;  თქვენ დაინახავთ, რომ სადაც ვდგავარ, იქ ბოლომდე ვდგავარ და არ ვიტყუები. როცა ვიყავი ხელისუფლებაში, გარეთ კბილს კბილზე ვაჭერდი, შიგნით კი, ბევრს ვჩხუბობდი და ვიბრძოდი, მაგრამ ვიდექი იქ და არ მითამაშია. როცა ვთქვი, რომ აღარაფერი გამოვიდოდა, წამოვედი და დავდექი იქ, სადაც ჩემი ხალხია და ვიდგები ბოლომდე და ბოლომდე ვიბრძოლებ ქვეყნის გადასარჩენად. 

აქ გამომსვლელმა ბატონმა ბრძანა, - ერთადაც ვიბრძოდით და ერთმანეთის წინააღმდეგაცო. საქართველოში ეს უნდა დამთავრდეს. ერთი თაობის ორი ადამიანი, დღეს ერთ დარბაზში მყოფი, ერთმანეთის წინ იარაღით ხელში იდგნენ. ეს ქვეყნის ტრაგედიაა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ხელისუფლება შეიცვლება, მოვა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ გახლეჩს ხალხს ჩემიანად და სხვისიანად, რომლისთვისაც თითოეული თქვენგანი, წარმატებულიც და წარუმატებელიც, ავადმყოფიც და კარგადმყოფიც იქნება მისი და რომელიც იზრუნებს განურჩევლად ყველაზე.

სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაულია სწორედ ის, რომ მან გაყო საკუთარი ხალხი ორ ნაწილად,- ელიტარულ ნაწილად, რომელიც სრულიად სხვა რეალობაში ცხოვრობს და გაჭირვებაში და უბედურებაში მყოფ ნაწილად. სააკაშვილმა დააპირისპირა ერთმანეთს თაობები, დააპირისპირა ერთმანეთს სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები, ერი კი არ გააერთიანა, არამედ კიდევ უფრო გახლიჩა და ყველაფერი ტყუილზე ააგო.

ზუგდიდელმა ქალბატონმა ბრძანა, - კაცმა მკითხა, ომი ხომ არ იწყებაო და არ მათარგმნინეს, რომ ომი იწყებოდაო.   სააკაშვილი ტელევიზიით გამოდიოდა და ამბობდა, რომ  ცხინვალის მთელ რეგიონს აკონტროლებდა მაშინ, როდესაც რუსული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული. იცით რას ნიშნავდა ეს ტყუილი, ეს ტყუილი ნიშნავდა იმას, რომ ქალებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა, რომლებმაც ტელევიზორს უყურეს და პრეზიდენტს მოუსმინეს, საკუთარი  სახლები არ დატოვეს და შემდეგ დაუცველები, ბედის ანაბარა მიტოვებულნი აღმოჩდნენ. ეს დანაშაულიც  კმარა იმისათვის, რომ ხელისუფალმა პასუხი აგოს ხალხის წინაშე.

დიდი იმედი მაქვს, რომ 25 ნოემბერს სრულიად საქართველო დადგება ფეხზე. „სახალხო კრება“ გადაწყვეტს, ეგუება თუ არ ამ ხელისუფლებას, „სახალხო კრება“ იტყვის, - უნდა შევეგუოთ იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ თავს ხდება, თუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ქვეყნისათვის უმტკივნეულოდ მოვიშოროთ ეს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, „სახალხო კრება“ ვერდიქტს გამოუტანს სააკაშვილს.  ჩვენ უნდა გავაგებინოთ მთელ საქართველოს, რომ თუ ხალხი დადგება ერთად, ხელისუფლება უმტკივნეულოდ, მშვიდობიანად და უმოკლეს დროში  იძულებული გახდება წავიდეს. ძალა ხალხშია!, - ეს „სახალხო კრების“ მთავარი დევიზია. დიახ, ძალა ხალხშია და თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თქვენი ძალით ქვეყანა გადაარჩინოთ. ქვეყნისთვის ყველაზე საშიში მტერი  ფარული მტერია, რომელიც სამშობლოს სიყვარულს იყენებს ფარად და სინამდვილეში მიზამნიმართულად ანგრევს ყველაფერ იმას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ფასეული და მნიშვნელოვანია.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნი ისიც, რომ ჩვენ იმ ხალხს, ვინც დღეს ხელისუფლების სამსახურშია, მაგრამ დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ვისაც ადამიანების მიმართ უსამართლობა და შეურაცხმყოფელი ქმედებები არ განუხორციელებია, ვისაც ადამიანები არ გაუმწარებია, არაფერს ვერჩით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს, რომ დამნაშავემ, ვინც არ უნდა იყოს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, რა გვარის შვილიც არ უნდა იყოს, ხალხის და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. საქართველოში უნდა დამთავრდეს  ერის გახლეჩა, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ლაპარაკს, ამ შემთხვევაში შევქმნით ღირსეულ ქვეყანას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავალთ სოხუმში, როგორც საკუთარ სამშობლოში, ჩავალთ აფხაზებთან და საქართველოს სხვა კუთხის შვილებთან ერთად.  ჩვენ აფხაზებს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეულ ქვეყანას ვაშენებთ, რომ ისინიც ღირსეულად იცხოვრებენ ჩვენთან ერთად და არასოდეს აღარ განმეორდება ის, რამაც დაგვაშორა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხის შვილებთან ერთად შევძლებთ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და შელახულ ღირსებას აღვიდგენთ. 

 25 ნოემბერს, თბილისში ყველანი შემოუერთდით „სახალხო კრებას“. შევძახოთ ხელისუფლებას ისე, რომ გაიგონოს საქართველოს მოსახლეობის ხმა. ჩვენ ხალხის ხმას ხელისუფლებას აუცილებლად გავაგებინებთ.

 


 

FaceBook Twitter Google